შოთა არველაძე თვლის, რომ Ballon d'Or-ის გამოკვეთილი ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიაა
შოთა არველაძე თვლის, რომ Ballon d'Or-ის გამოკვეთილი ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიაა
20.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

როდესაც „შერლოკმა" (შოთა არველაძე) მოიცალა, „უოთსონი" (აჩი არველაძე) ცოტა სხვა საქმეებით იყო დაკავებული, ხოლო მათი „სტუმარი" (თემურ ქეცბაია) წყალტუბოში მოგებული თამაშის შემდეგ, თბილისში ბრუნდებოდა, „შერლოკმა" დამახასიათებელი დედუქციური მეთოდით განმარტა, რატომ უნდა აიღოს „ოქროს ბურთი" ხვიჩა კვარაცხელიამ და ამას თაობაზე საკუთრ სოციალური ქსელების არხებში, საკმაოდ ვრცელი პოსტიც (იხილეთ ვიდეო) მიუძღვნა:


„Ballon d'Or-ის საკითხი ყოველთვის აქტუალურია, მაგრამ მიმდინარე წელს ამ საკითხზე დისკუსიამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ერთი შეხედვით, ეს იმიტომ ხდება, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ.


ობიექტური შეფასების კრიტერიუმებიდან ერთ-ერთია ის, რომ მთელი სეზონი მაღალ დონეზე უნდა ჩაატარო, განსაკუთრებით კი - საკვანძო მატჩები. გადავხედოთ, რა გააკეთა კვარამ მონაკოსთან, ჩელსისთან, ლივერპულთან და ბაიერნთან მატჩებში, ასევე ფინალში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში პენალტი მოიპოვა. გადავხედოთ, რამდენჯერ გახდა MVP სეზონის განმავლობაში, როგორი იყო მისი ინდივიდუალური თამაში არა მხოლოდ შეტევაში, არამედ დაცვაშიც და როგორ აძლიერებდა გუნდს ყველაზე საჭირო პოზიციასა და მომენტში.


ზედიზედ მეორედ მოიგო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, მეორედ მოიგო უეფა-ს სუპერ თასი და ასტონ ვილასთან იმ მატჩშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა ულამაზესი გოლითა და გუნდური თამაშით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გახდა ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, რაც თავისთავად ყველაფერს ამბობს.


მგონი, ყველასთვის გასაგებად ახსნა "უოთსონ", ასეა ხომ?


მაგრამ ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი მის პიროვნებას ეხება, რადგან ვიცით, რომ Fair Play ერთ-ერთი საკვანძო კრიტერიუმია Ballon d'Or-ის მოსაგებად. შეხედეთ მას არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედნის მიღმა, ინტერვიუებში - როგორ საუბრობს თანაგუნდელებზე, როგორ აღნიშნავს მწვრთნელების როლს, როგორი თავმდაბალია და როგორ უსვამს ხაზს იმას, რომ გუნდის გარეშე ამ ყველაფერს ვერ მიაღწევდა. და შეხედეთ ზოგ პრეტენდენტს - მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობენ, გარკვეულ შემთხვევებში არ ესწრებიან დაჯილდოებებს, თუ ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტები თავად არ არიან. ვფიქრობ, ეს Fair Play-ის პრინციპებში არ ჯდება.


და ბოლოს, რატომ უნდა მოიგოს Ballon d'Or ფეხბურთელმა, რომელმაც ვერც ერთი მნიშვნელოვანი გუნდური ტიტული ვერ მოიგო ან მსოფლიო ჩემპიონატი მესამე/მეოთხე პოზიციაზე დაასრულა?


ვფიქრობ, კვარას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს და ამ ჯილდოს კარიერის მანძილზე აუცილებლად მოიგებს, მაგრამ სამართლიანი იქნება, რომ ეს ამ წელსვე მოხდეს.


მიხარია, რომ 18 ოქტომბერს, Sports Orient-ის ორგანიზებით, თბილისში Ballon d'Or-ის დისკუსიის ფარგლებში ფორუმი და კვირეული გაიმართება. თბილისს ეწვევიან საერთაშორისო მედიისა და საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები, ასევე - ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი. ვფიქრობ, ამ საკითხზე დისკუსია მნიშვნელოვანია, რადგან გულშემატკივარმა სწორი პოზიციიდან, პროფესიონალების მეშვეობით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია", - წერს შოთა არველაძე საკუთრ სოციალურ ქსელში.