
სანაკრებო პაუზამდე რამდენიმე დღე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ვილი სანიოლის გუნდში ეროვნული ლიგიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელია (დავით კერესელიძე („დილა") და ნოდარ ლომინაძე („ტორპედო") გამოძახებული, საკლუბო ფეხბურთი დროებით შესვენებაზე გადის. თუმცა, 4 ოქტომბერს 22-ე ტურის გადადებული შეხვედრა „იბერია 1999"-სა და „დინამო თბილისს" შორის გაიმართება და შესაბამისად, მეოთხე წრეს გუნდები თანაბარი ჩატარებული მატჩებით დაიწყებენ. თბილისურ დერბიმდე კი, დღეს ეროვნული ლიგის მე-3 წრის ბოლო, 27-ე ტური ოფიციალურად დაიწყო.
თბილისში, პეტრო არენაზე, „გაგრამ" „მეშახტესთან" ფრედ, 1-1 ითამაშა. ანგარიში მასპინძლებმა 25-ე წუთზე ზურაბ ჭავჭანიძის გოლოთ გახსნეს. ამის შემდეგ მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა, გოლი, მხოლოდ 83-ე წუთზე გავიდა, მათე კვირკვიამ ტყიბულელებს საჭირო ქულა გადაურჩინა. სამი წრის შემდეგ „გაგრა" 29 ქულით და „მეშახტე" 17-ით გასავარდნ ზონაში არიან. ამ ტურის შედეგის მიუხედავად, ამ სამეულში მესამე წრის ბოლოს ადგილს ვერ შეიცვლის, ვერც „სპაერი", რომელსაც 25 ქულა აქვს და ტურის ბოლო შეხვედრაში, 21 სექტემბერს „დილას" უმასპინძლებს.
მცდელობების მიუხედავად, დღეს, საკუთარ მოედანზე ქულები დაკარგა წყალტუბოს „სამგურალმა", რომელმაც „დინამო თბილისს" უმასპინძლა და 2-3 დამარცხდა. თავსხმა წვიმაში, ანგარიში მასპინძლებმა 11-მეტრიანით გახსნეს, გოლი ყოფილმა დინამოელმა, ლევან გეგეჭკორმა გაიტანა და ტაიმის ბოლოს უძლიერესი შორეული დარტყმით, დუბლიც შეასრულა. მატჩის პირველ წუთებშიც, უფრო აქტიურები მასპინძლები იყვნენ, თუმცა, დინამოელებმა ნელ-ნელა მოახერხეს ბურთის გაკონტროლება და გეგეჭკორის დუბლამდე, თბილისელებმა ორი გოლი გაიტანეს, 29-ე წუთზე მაქისიმ ტეიშეირამ გაიტანა, 27-ე წუთზე კი, ცოტა უცნაური, თუმცა ნიკა ნინუას საგოლე გადაცემით, ჰალიდ დორტმურზიევმაც გაიტანა. პირველი ტაიმი ფრედ, 2-2 დასრულდა. 74-ე წუთზე კი, ნიკა ნინუამ საგოლე გადაცემას გოლიც დაუმატა. ამ გამარჯვებით, დინამოელებმა 45 ქულა დააგროვეს და ტურის დასრულებამდე, მე-2 ადგილზე გადაინაცვლეს, ლიდერ „რუსთავს" კი, ერთ ქულაში მიუახლოვდნენ. აქვე შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისს" ისევე, როგორც „იბერია 1999"-ს „ანგარიშის გასწორება" 4 ოქტომბერს მოუწევთ.
მანამდე კი, „იბერია 1999" 27-ე ტურში 21 სექტემბერს „რუსთავს" ესტუმრება. აი ხვალ კი, ბათუმის „დინამო" შეეცდება „ტორპედოსთან" უპირატესობის დამტკიცებას. თუკი, რა თქმა უნდა ამ თამაშს დღევანდელი ბათუმური უამინდობა არ შეუშლის ხელს.
სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.
ფოტო: სკ "სამგურალი"





ჩვენ







