
დღეს, ქართული საფეხბურთო ლეგიონის მორიგი საკლუბო დღე იყო.
ფრანგულ ლიგა 1-ში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა მოიგო. 4 ტურის შემდეგ, ევროპის საუკეთესო კლუბი 4 ტურის შემდეგ, 5 ქულით, მხოლოდ მე-7 ადგილზეა. სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო „ბრესტთან" გასვლითი შეხვედრა პარიზელთა „შვიდიანმა" და ტრადიციულად აქტიური იყო, თუმცა, ამჯერად, მეტოქის კარის აღება ქართველმა ვერ მოახერხა. ერთადერთი გოლი კი, პსჟ-მ მე-5 წუთზე გაიტანა. რეალურად, ფერან ტორესის ამ გოლის შემდეგ, ბევრს ეგონა, რომ „სლოვანის" შემდეგ, ამჯერად „ბრესტი" კარი ამოივსებოდა პარიზელთა გოლებით, თუმცა, ამ შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა. ხვიჩა კი, 66-ე წუთზე შეცვალეს.
ესპანეთის ლა ლიგაში „ხეტაფემ" ფრედ, 1-1 ითამაშა „დეპორტივო ლა კორუნიასთან". საბა საზონოვმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე მაშინ გამოვიდა, როდესაც, სტუმართა გუნდმა „ხეტაფეს" გაუთანაბრა. 5 ტურის შემდეგ, საზონოვის გუნდს, 5 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა.
ნიდერლანდების ერედივიზონის ნე-6 ტურში, ირაკლი იეღოიანის „ექსელსიორი" საშინაო შეხვედრაში „უტრეხტთან" 1-2 დამარცხდა. შეიძლება ითქვას, ეს იმ გამონაკლისი შეხვედრებიდან არის, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიიღო. მისი გუნდი კი, 6 ტურის შემდეგ, 10 ქულით, მე-6 ადგილზეა.
აშშ-ს MLS-ის დასავლეთ კონფერენციის მორიგ ტურში საბა ლობჟანიძის „რეალ სოლტ ლეიკი" საშინაო შეხვედრაში „ნიო იორკ სიტისთან" 0-2 დამარცხდა. ქართველმა, რომელსაც ახალი კლუბში უკვე ორი გოლი აქვს გატანილი და თანაც ზედიზედ ორ შეხვედრაში, ამჯერად გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა, სრული შეხვედრა ჩაატარა. თამაშის შემდეგ, ადგილობრივი სპორტული მედია აღნიშნავს, რომ ქართველისგან დღესაც გოლს ელოდნენ, თუმცა, იმის შესახებაც ლაპარაკობს, რომ ზოგადად მასპინძელთა თამაშში, პოზიციური რგოლები საკმაოდ გათიშული იყო ერთმანეთისაგან და საერთო ჯამშიც გუნდმა, სუსტი თამაში ჩაატარა. ლობჟანიძის გუნდი კი, მე-11 პოზიციაზეა.
პოლონური ექსტრაკლასას მე-8 ტურში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია" გასვლით შეხვედრაში „პლოცკისთან" 3-1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველის კლუბი, პირველი ტაიმის შემდეგ 1-0-ს აგებდა. აი, მეორე ტაიმი კი, „კაკაბას" გუნდისთვის უიღბლოდ დაიწყო. ჯერ იყო და სტუმართა გუნდს მოთამაშე გაუგდეს, შემდეგ კი, კრაკოვიელებმა საკუთარ კარში ბურთი ჩაჭრეს. 69-ე წუთზე, ერთი გოლი კი გაქვითეს, თუმცა, მასპინძლებმა ეგრევე სტატუს-კვო აღადგინეს. ამის შემდეგ კი, ქართველი მცველი, რომელმაც ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო შეცვალეს. ამ მარცხის მიუხედავად, „კრაკოვია" შეინარჩუნა მე-11 პოზიცია, თუმცა, „პლოცსკის" მსგავსად 8 ქულა აქვს და ამასთან, ერთით მეტი თამაში ჩატარებული.
ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი" მე-6 ტურში მიმდინარე გათამაშების ლიდერს, „ლასკს" დაუპირისპირდა, რომელსაც ამ ტურამდე ქულების მაქსიმუმი, 15 ქულა ჰქონდა. ქართველთაგან, სასტარტო შემადგენლობაში გიზი მამაგეიშვილმა დაიწყო, რომელიც მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა შეცვალა. მანამდე გიზი, გრაცელთა შორის ყველაზე აქტიური და გამორჩეული იყო და ჩათვლილ გოლამდე, რომელიც 34-ე წუთზე გაიტანა და ჩაუთვალეს, ხუთიოდ წუთით ადრეც გაიტანა, თუმცა, მსაჯმა, რომელიც ჩვენი სუბიექტური აზრით ცოტა „აჭრილი" იყო, გიზისგან თამაშის წესების დარღვევა დაინახა. სხვათა შორის, მეორე ტაიმში, ამავე მსაჯმა, „კიტეს", რომელსაც მოედანზე შესვლის შემდეგ, კაპიტნის სამკლაური გადააბარეს, ყვითელი ბარათით მხოლოდ იმიტომ დასაჯა, რომ მსაჯთან შეეცადა გაერკვია, თანაგუნდელს რატომ უჩვენეს ყვითელი ბარათი. აი თამაშის ბოლოს, ეს კი, მსაჯის მიერ კომპენსირებული მე-8 წუთი იყო, ოთარმა პენალტი გააცუდა. მიუხედავად ამისა, „შტურმაა" 2-1 გაიმარჯვა და „ლასკთან" სხვაობა, 4 ქულამდე შეამცირა.
სლოვაკეთში, ნაიკის ლიგის მე-8 ტურში, ბრატისლავას „სლოვანმა" მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებულ წუთზე მოახერხა ქულის გადარჩენა და უფრო მეტიც, VAR-ს რომ არ გაუქმებინა, დამატებული დროის ბოლო წუთზე გატანილი გოლი, მოგებაც შეეძლო და პსჟ-სთან განცდილი მარცხის შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონატში სრულად გონზე მოსვლაც მოეხერხებინა, მითუმეტეს, რომ მიმდინარე ჩემპიონატში, უკეთესი სატურნირო მდგომარეობა, „ჟილინას" ჰქონდა. სტუმართა გუნდში კი, შეგახსენებთ, სანდრო ნარიმანიძე თამაშობს. სანდროს გუნდი, მთელი თამაში წინ იყო, ქართველმა კი მთელი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც საბოლოოდ, ფრედ, 3-3 დასრულდა.
და ბოლოს თურქეთის სუპერლიგის მე-5 ტურში, რომელშიც, ქართველი მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი უკვე აღარ იყო „გიოზთეფეს" განაცხადში, გურამ გიორბელიძის „ერზრუმსფორმა" გასვლითი შეხვედრა წააგო „ბეშიქთაშთან" 3-0. ქართველმა სრული შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, სტამბოლელების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. სტამბულის კიდევ ერთი გუნდი კი, „ბაშაქშეჰირი" კი, რომელშიც საბა ხარებაშვილი თამაშობს, გასვლით შეხვედრაში დიარბაქირში, დიდი ანგარიშით, 5-0 დამარცხდა „ამედსფორთან". თუმცა, აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც მასპინძლებმა სტამბოლელთა ავტოგოლის წყალობით, ბოლო წუთზე მოიგეს, მეორეში, სტუმარი გუნდის მსგავს ჩავარდნას არავინ მოელოდა. საბა, სტამბოლელთა განაცხადში იყო, თუმცა, არ უთამაშია.
ხვალ, ქართული ლეგიონისთვის მორიგი სათამაშო დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სიახლეებით დაგიბრუნდებით.





ჩვენ







