ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად ოქროს ბურთის ნომინანტთა შორისაა
ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად ოქროს ბურთის ნომინანტთა შორისაა
08.09.2026
ავტორი: TSFF.Ge

„ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის ერთადერთი ფეხბურთელი, 30 დასახელებულს შორის, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია და ეს ის გამონაკლისია, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და ამახვილებს ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიაა. სწორედ ამ მიზეზის და „გამონაკლისის" გამო, ბევრი საერთაშორისო გავლენიანი გამოცემა ეჭვობს, რომ კვარაცხელია გაუძლებს ჰარი კეინთან, ლანინ იამალისთან და კილიან მბაპესთან კონკურენციას. თუმცა, „ოქროს ბურთს" გამონაკლისებიც ახსოვს და ჩვენც, საქართველოში „მაგიის" გვჯერა. იმ „მაგიის", რომლითაც „კვარამ" სულ რამდენიმე წელში მსოფლიოს დიდ ნაწილს შეაყვარა თავი.


2025-2026 წლების სეზონი ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკური ჰქონდა. ქართველმა, „პარი სენ -ჟერმენთან" ერთად  მოიგო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და დასახელდა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, მოიგო საფრანგეთის ლიგა 1-იც. მოიგო ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასი, სადაც გამარჯვების გოლი სწორედ ქართველმა გაიტანა, მოიგო საფრანგეთის სუპერ თასი, ისევე, როგორც უეფა-ს სუპერ თასი უდინეში.


ახლა ვნახოთ Ballon d'Or-სთვის „კვარას" მთავარი კონკურენტები რა გარემოებების გამო სახელდებიან ქართველზე წინ - ჰარი კეინი („ბაიერნი"/ ინგლისი): გამოსარჩევი ფავორიტია ფენომენალური ინდივიდუალური სტატისტიკის გამო. კლუბსა და ნაკრებში საერთო ჯამში 73 გოლი გაიტანა. მომდევნო კანდიდატად, ლამინ იამალს („ბარსელონა" / ესპანეთი) მოიაზრებენ - მთავარი მიზეზი სანაკრებო თავგადასავალია.  და ბოლოს, რეალურ კანდიდატებს შორის, სახელდება კილიან მბაპე („რეალი" / საფრანგეთი) - აქ საკმაოდ საინტერესო „ქეისთან" გვაქვს საქმე. „რეალ მადრიდის" მედიაფაქტორი - როგორც თავად მბაპემ ESPN-თან ინტერვიუში აღნიშნა: „როცა რეალ მადრიდში თამაშობ, ხალხი ბუნებრივად გაკავშირებს ინდივიდუალურ ჯილდოებთან". ამ კლუბს უდიდესი მედია მხარდაჭერა და გავლენა აქვს საფეხბურთო სამყაროში, რაც ხმის მიცემისას დიდ როლს თამაშობს. ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი ფეხბურთელი როდრი („ბარსელონა" / ესპანეთი), რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.


ამის ფონზე, მსოფლიო ჩემპიონატში არ მონაწილეობის გარდა, ქართველს კიდევ ერთ „მინუსად" დიდი გამოცემები შემდეგ ფაქტორს ასახელებენ - მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას, ყველა ტურნირზე 58 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა (ჯამში 35 საგოლე გადაცემა), ეს შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. ამ გარემოებას, ექსპერტები და რიგი ანალიტიკოსების ასე ხსნიან - კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ზეადამიანური" სეზონი ჩაატარა (მოიგო ტურნირი და გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე), თუმცა შიდა ჩემპიონატში (ლიგა 1) მისი სტატისტიკა (19 გოლი და 10 ასისტი) შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი მათთვის ვიცნ ხმას აძლევს და რომლებიც ხშირად მშრალ ციფრებს ანიჭებენ უპირატესობას.


ამას გარდა, არის კიდევ ერთი გარემოება - საფეხბურთო ექსპერტები რიგ პლატფორმებზე ხაზს უსვამენ, რომ ხვიჩას არ აქვს ისეთივე მედია მხარდაჭერა და გავლენიანი ლობი, როგორიც, მაგალითად, კილიან მბაპეს რეალ მადრიდის მხრიდან. თუმცა, „კვარას" მხარდაჭერა თანაგუნდელებისგან აქვს. „ოქროს ბურთის" მოქმედმა გამარჯვებულმა უსმან დემბელემ, L'Équipe-თან ინტერვიუში თავის პირად ტოპ-სამეულში ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა კეინისთან და მბაპესთან ერთად.


სხვათა შორის ხმის მიცემის პროცესთან ჩვენ იმ პიროვნებასაც ვკითხეთ, რომელიც საქართველოდან მონაწილეობს ხმის მიცემის პროცედურაში. მისი თქმით, რომ იყოს ტოპ ხუთეულში ხმების გადანაწილება, ხვიჩას უფრო მეტი შანსი ექნებოდა, თუმცა, 10-ეულში ეს საქმეს ართულებს. მაგრამ ჩვენ ხომ სირთულეების არ გვეშინია და თან, უკიდეგანოდ ოპტიმისტებიც ხომ ვართ. ფაქტია, რომ ხვიჩა, მესამეჯერ არის უკვე წარდგენილი „ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის, თავის სადებიუტო 2023 წლის ნომინაციაში კვარაცხელიამ მსოფლიოში მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო 2025 წლის დაჯილდოებაზე მე-12 პოზიციაზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე Ballon d'Or-ის ოფიციალურ პლატფორმებზე სია გამოქვეყნებულია ანბანური თანმიმდევრობით, ზოგიერთი გამოცემის აზრით, „კვარა" ამ ეტაპზე მე-7 პოზიციაზე უნდა იყოს.


ოთხი წლის წინ, როდესაც კვარა „ნაპოლიში" წავიდა, ბევრს ეგონა, რომ ქართველი „ბევრს ვერაფერს" გახდებოდა, თუმცა, დრომ საპირისპირო აჩვენა. ასე, რომ გახდება თუ არა კვარა „ოქროს ბურთის" მფლობელი უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გაირკვევა, რომელიც ლონდონში გაიმართება და რომელსაც ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ვებ-პორტალის წარმომადგენელიც დაესწრება. ყოველ შემთხვევაში აკრედიტაციის მოთხოვნა გაგზავნილია და ახლა ჩვენც, „კვარასავით" პასუხოს ველით.


აქვე გთავაზობთ ყველა კანდიდატის ჩამონათვალს: ჯუდ ბელინგემი („რეალი" / ინგლისი), პაუ კუბარსი („ბარსელონა" / ესპანეთი), მარკ კუკურეია („ჩელსი"/რეალი, ესპანეთი), უსმან დემბელე (პსჟ /საფრანგეთი), ლუის დიასი („ბაიერნი" / კოლუმბია), ბრუნო ფერნანდეში ( „მანჩესტერი" / პორტუგალია), ერლინგ ჰაალანდი („მანჩესტერ სიტი" / ნორვეგია), გაბრიელ მაგალაეში („არსენალი" / ბრაზილია), ჰარი კეინი („ბაიერნი" / ინგლისი), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ / მაროკო), ლამინ იამალი („ბარსელონა /ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ / საქართველო), მარკინიოსი (პსჟ / ბრაზილია), სადიო მანე („ალ-ნასრი" / სენეგალი), ლაუტარო მარტინესი („ინტერი" / არგენტინა), კილიან მბაპე („რეალი" საფრანგეთი), ნუნუ მენდეში (პსჟ /პორტუგალია), ლიონელ მესი („ინტერ მაიამი" / არგენტინა), მაიკლ ოლისე („ბაიერნი" / საფრანგეთი), ჟოაო ნევეში (პსჟ / პორტუგალია), ვილიამ პაჩო (პსჟ / ეკვადორი), ხულიან კინიონესი („ალ-ქადსია" / მექსიკა), დეკლან რაისი („არსენალი", ინგლისი), როდრი („მანჩესტერ სიტი"/ბარსელონა, ესპანეთი), ფაბიან რუისი (პსჟ  / ესპანეთი), ფერან ტორესი („ბარსელონა"/პსჟ, ესპანეთი), ვილიამ სალიბა („არსენალი" / საფრანგეთი), დაიო უპამეკანო („ბაიერნი" / საფრანგეთი), ვინისიუსი („რეალი" / ბრაზილია), ვიტინია (პსჟ /პორტუგალია).