შაბათის საფეხბურთო საღამო გიზის, კიტეს და ირაკლის გოლებთან ერთად
შაბათის საფეხბურთო საღამო გიზის, კიტეს და ირაკლის გოლებთან ერთად
06.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ქართულ ლეგიონს მეტ-ნაკლებად წარმატებული დღე ჰქონდა, თუმცა, რა თქმა უნდა ვისთვის როგორ. მაგალითად ავსტრიის OFB თასის 1/16 ფინალში, ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმა" გასვლით შეხვედრაში 1-4 დაამარცხა „ვოიცბერგი" და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი სათადარიგო შემადგენლობაში იყო. მე-60 წუთზე, როდესაც გიზი გამოჩნდა მოედანზე, გრაცელები 0-1-ს იგებდნენ, გიზიმ ათ წუთში, 70-ე წუთზე, მეტოქის კარში „შტურმის" სასარგებლოდ მე-3 გოლი გაიტანა. 77-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე „კიტე", რომელსაც ამ შეხვედრაში სტუმართაგან ბოლო გოლოს გასატანად, ასევე 10 წუთი დასჭირდა. „კიტემ" საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე დააფიქსირა.


ნიდერლანდების ერედივიზიონში, ირაკლი იეღოიანი აღარ ხუმრობს. მოახლოებულ სანაკრებო ფანჯრის დროს დიდი ალბათობით, ვილი სანიოლოს და რამაზ სვანაძეს, ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით გარიგება მოუწევს, რადგან ირაკლის დღევანდელი ფორმა, ორივე ნაკრებისთვის შესაძლოა საჭირო და გადამწყვეტი იყოს. ამჯერად კი, მის ანგარიშზე მე-5 ტურის გასვლით შეხვედრაში „ვილემ II"-ის წინააღმდეგ, პირველი საგოლე გადაცემა, მე-8 წუთზე და 85-ე წუთზე გატანილი ამ მატჩში „ექსელსიორის" ბოლო გოლია. ირაკლის გუნდმა, საბოლოოდ, 0-3 მოიგო და 9 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. ადგილობრივი ანალიტიკოსები ხაზს იმ გარემოებას უსვამენ, რომ ახალგაზრდა ქართველი სეზონის სტარტზე ფანტასტიკურ ფორმაშია - ერედივიზიონის საწყის 4 მატჩში მას უკვე, 5 საგოლე მოქმედება (2 გოლი და 3 საგოლე პასი) დაუგროვდა. დღეს კი, მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც მოიპოვა, 10 ქულასთან მიახლოებული შეფასებით.


ესპანური ლა ლიგის მე-4 ტურში „ქართული დერბი" არ შედგა. „რაიო ვალეკანოსა" და „რასინგის" შეხვედრის განაცხადში ორივე ქართველი, მასპინძლებში გიორგი წიტაიშვილი, სტუმართა შორის კი, გიორგი გულიაშვილი იყო, თუმცა, მოედანზე, მეორე ტაიმში, მხოლოდ „წიტა" შემოვიდა, 74-ე წუთზე, როდესაც უკვე ტაბლოზე საბოლოო ანგარიში იყო დაფიქსირებული. აი, იუბილარი კი, ამ დღეს სათამაშოდ არ გამოსულა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი ფრედ, 2-2 დასრულდა. მასპინძლებმა, მეორე ტაიმის სტარტზევე მოახერხეს დაწინაურება. აი, 79-ე წუთზე კი, სტუმრებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს გათანაბრება, თუმცა, VAR-მა „რასინგს" გოლი გაუუქმა, „რაიო ვალეკანოს" კი, წითლები ჩამოურიგა. საბოლოოდ, „წიტას" გუნდმა 3-2 მოიგო და „რასინგს" ქულებით გაუთანაბრდა.


ამავე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი" საშინაო შეხვედრაში 2-3 დამარცხდა „დეპორტივო ლა კორუნიასთან". ქართველმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა. მისი შემოსვლიდან 13 წუთში, სტუმრებმა ავტოგოლი გაიტანეს და ქართველის გუნდი დაწინაურდა. თუმცა, ამ შეხვედრაში, ყვითელი წყალქვეშა ნავი მოშლილი იყო - მაგალითად ესპანური გამოცემები აღნიშნავდნენ, რომ „ვილიარეალის" თავდასხმის ქმედებებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, როცა გუნდის დაცვა მთლიანად ჩამოშლილი იყო. რაც შეეხება ჟორჟის, მან ამ შეხვედრაში კარის მიმართულებით, მხოლოდ ერთხელ დაარტყა. 4 ტურის შემდეგ, „ვილიარეალს" მხოლოდ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 (!) ადგილზეა.


საფრანგეთის ლიგა-2-ში მოიგეს ქართველების გუნდებმა. ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა" საშინაო შეხვედრაში 3-1 დაამარცხა „მონპელიე". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 65-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა, ამ ჯერზე მის ანგარიშზე არც გოლი და არც საგოლე გადაცემა არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამის, ადგილობრივი მედია, ზურკოს გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ მიიჩნევს და მის სტაბილურობაზე მიუთითებს. „სენტ ეტიენს" კი, 5 ტურის შემდეგ 5 მოგება აქვს და შესაბამისად 15 ქულით სატურნირო ცხრილს უდგას სათავეში.


9 ქულით ამავე ცხრილის მე-4 საფეხურზე არის გიგი აბუაშვილის „მეცი", რომელმაც დღეს, ასევე საშინაო შეხვედრაში „როდეზი" 4-1 დაამარცხა. ქართველი, სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის, 74-ე წუთზე შეცვალეს. ფრანგული მედიის აზრით, „აბუ" ამ შეხვედრაში საკმაოდ აქტიური იყო და სწორედ, მის ასეთი თამაშის შედეგად, მეტოქის მცველების ყურადღება გადაიტანა, საკუთარი გუნდის თავდამსხმელებს კი, მეტი სივრცე გაუჩინა. ქართველმა ყვითელი ბარათიც კი, მიიღო, თუმცა, მწვრთნელმა ის, დიდი ალბათობით, უფრო ძალების დაზოგვის გამო შეცვალა, რადგან მომდევნო ორი შეხვედრა, „მეცს" საკმაოდ უხერხულ მეტოქეებთან უწევს. აქვე გეტყვით, რომ „ქართული დერბი" 19 სექტემბერს, მეცში შედგება და იმედი გვაქვს, ეროვნულ ნაკრებში გამომგზავრებამდე, ორივე ქართველისთვის წარმატებული იქნება.


11 აგვისტოს შემდეგ ლაშა დვალმა პირველი შეხვედრა გამართა სოფიის „ცსკა 1948" წლის შემადგელობაში. ქართველი, „ლევსკისთან" გასვლით შეხვედრაში მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 0-0 იყო. თუმცა, 58-ე წუთზე სტუმრების დაცვა ჩავარდა და მასპინძელთა რიგებიდან ხუან პერეამ, გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია რომ გოლამდე, ლაშა დვალმა საჯარიმოდან ბურთის მოგერიება მოახერხა თუმცა, მომენტს გაგრძელება მიჰყვა. ბურთს კვლავ „ლევსკის" ფეხბურთელები დაეუფლნენ და ნახევარმცველმა გაშპერ ტირდინმა შორი მანძილიდან დაარტყა. გზად კი, ბურთი სწორედ დვალს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა, პირდაპირ მეტოქის თავდამსხმელ ხუან პერეას მიუვიდა, რომელსაც მეკარესთან გამკლავება აღარ გასჭირვებია. ასე, რომ სოფიელთა კაპიტნის დაბრუნება, ბულგარეთის მე-8 ტურში, სტუმართა გუნდისთვის უიღბლო გამოდგა. ამ მომენტში „ცსკა 1948" 16 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. გათამაშებას კი, „ლევსკი" ლიდერობს.


აზერბაიჯანის პრემიერ-ლიგის მე-4 ტურში, ქართველების „ზირა" გასვლით შეხვედრაში ბაქოს „საბაჰს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5-0 წააგო. ჩვენებიდან, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო დავით ვოკლოვმა, თუმცა, ქართველს არ წაუვიდა თამაში და ის 61-ე წუთზე, შეცვალეს, როცა, ტაბლოზე უკვე საბოლოო ანგარიში იყო დაფიქსირებული. აი, გიორგი პაპუნაშვილი კი, იყო განაცხადში თუმცა, მოედანზე არ გამოჩენილა. „ზირა", ამ მომენტში ცხრილის მე-2 საფეხურზეა.


დღეს ეს იყოს, დანარჩენი ხვალ.