
საქართველოს ეროვნული ლიგის 24-ე ტური ხვალ ქართული დერბით დასრულდება. გუშინ და დღეს კი, ოთხი შეხვედრა გაიმართა. ტური თბილისში, შეიძლება ითქვას, ცენტრალური შეხვედრით დაიწყო, რომელშიც სატურნირო ცხრილის ლიდერმა „რუსთავმა" ბათუმის „დინამოს" უმასპინძლო და 0-1 წააგო. ამ შეხვედრაში ანგარიშის გახსნა მასპინძლებს 28-ე წუთზე შეეძლოთ, ბათუმელების დაცვას შეეშალა, თუმცა ცარიელი კარიდან ბურთი მამუკა კობახიძემ გამოიტანა. თუმცა, ეს შესაძლოა სტუმართა გუნდის გამონაკლისი შეცდომა იყო. აი, მეორე ტაიმის სტარტზე კი, ბათუმელებმა მასპინძლების შეცდომა და თორნიკე კირკიტაძის სპრინტერული თვისებები კარგად გამოიყენეს. 48-ე წუთზე „კირკიტა" ერთი-ერთზე გავიდა რუსთაველთა კართა, აი, პაპუნა ბერუაშვილმა კი, ყველა მცდელობის მიუხედავად მას ვერაფერი მოუხერხა და საბოლოოდ, ანგარიში გაიხსნა. მეორე ტაიმში რუსთაველთაგან ავთანდილ გუჯაბიძეს და იუტა ნაკანოს ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, თუმცა, ტაბლოზე აღარაფერი შეცვლილა. ბათუმელებმა მე-4 შეხვედრა მოიგეს, 40 ქულა დააგროვეს და „რუსთავს" ორ ქულაში მიუახლოვდნენ, ამასთან ტურის დასრულებამდე მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.
დღეს კი, სამი შეხვედრა გაიმართა. ფრედ, 2-2 დასრულდა შეხვედრა წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, სადაც „მეშახტემ" „სპაერს" უმასპინძლა. აღებული თითო ქულის მიუხედავად, ამ ტურში გუნდებისთვის არაფერი შეცვლილა. მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და მალე ეს აქტიურობა გოლებშიც გადაიზარდა, მე-14 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ, 22-ე წუთზე კი, გიორგი ბურდულმა გოლები გაიტანეს. ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა ბექა გაბისკირიამ გააკეთა. თუმცა, ტაიმის ბოლოსკენ, 36-ე წუთზე საბა გეგიაძემ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. სხვათა შორის „სპაერის" შემთხვევაშიც, რომელმაც 54-ე წუთზე მოახერხა გიგა სამხარაძის გოლით გათანაბრება, ორივე გოლისას საგოლე გადაცემა ერთი და იმავე ფეხბურთელმა გოჩა ცირდავამ შეასრულა.
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, „დილამ" „გაგრას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მცირე სათამაშო უპირატესობისა პირველ ტაიმში, მომენტები სტუმრებსაც ჰქონდათ. უფრო ზუსტად, მათ მეტი მომენტიც კი შემქნეს, მეტოქის კართა. თუმცა, მეორეში გორელებმა ეს „გარღვევა" დააბალანსეს და საბოლოოდ, 72-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხეს. „სამქულიანი" გოლი ლაშა მენთეშაშვილმა გაიტანა. 24 ტურის შემდეგ, „დილას" მხოლოდ, 23 მატჩი აქვს ჩატარებული და სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-5 ადგილზეა.
22-ე მატჩი გამართა ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერია 1999"-მა, წყალტუბოს „სამგურალს" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. ანგარიში მე-12 წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ 11-მეტრიანით გახსნა. 28-ე წუთზე კი, ანდრი დემჩენკოს სამწვრთნელო გუნდს, იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა. ტრავმირებული გიორგი ქობულაძის ნაცვლად, სათამაშოდ ნიკოლოზ ბოჭორიშვილი გამოვიდა, რომელმაც მოგვიანებით, იბერიელებისთვის გამარჯვების გოლი გაიტანა. თუმცა, მანამდე, 33-ე წუთზე ლევან გეგეჭკორმა პენალტით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ასეა თუ ისე, „იბერია 1999"-მა საკმაოდ საჭირო გამარჯვება მოიპოვა და ახლა ტურის ბოლომდე, „დინამო თბილისის" მსგავსად 37 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა.
და ბოლოს, როგორც უკვე გითხარით, ხვალ, ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართება. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედო" „დინამო თბილისს" უმასპინძლებს. ქართული დერბი, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.





ჩვენ







