„სამტრედია“ საქართველოს თასის მეოთხედფინალშია
„სამტრედია“ საქართველოს თასის მეოთხედფინალშია
02.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს სამტრედიაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გადადებული 1/8 ფინალური შეხვედრა გაიმართა. „სამტრედიამ", ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს თბილისის „იბერია 1999"-ს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ სტუმრებმა, ლიგა 2-ის გუნდთან სათასო დაპირისპირებაში ძირითადი შემადგენლობის მთელი რიგი ფეხბურთელები დაასვენეს.


მიუხედავად იმისა, რომ თამაში სტუმართა უპირატესობით წარიმართა, მასპინძლებმა ყველა შესაძლო მომენტი გამოიყენეს. 26-ე წუთზე ანგარიში ცოტნე ჩიქოვანმა გახსნა. მატჩისთვის, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველივე წუთზე კი, ერიკ ბარიოსმა მეორე გოლი გაიტანა და თბილისელებს, მატჩის დამატებით დროში გადაყვანის ყოველგვარი შანსი დაუკარგა.


ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ თამაშის დაძაბული ხასიათიდან გამომდინარე მსაჯებს 7 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწიათ. თბილისელთა მთავარი მწვრთნელს, ანდრი დემჩენკოს კი წითელი ბარათიც უჩვენეს.


ასეა თუ ისე, თბილისის „იბერია 1999" საქართველოს თასის გათამაშებას გამოეთიშა და ახლა, უფრო მშვიდად მოემზადება ეროვნული ლიგისა და უეფა-ს კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშებისთვის.


რაც შეეხება „სამტერდიას", ლადო კაკაშვილის გაწვრთნილი გუნდი, 1/4 ფინალში 14 ოქტომბერს ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერს „რუსთავს" დაუპირისპირდება. მატჩი კვლავ სამტრედიაში გაიმართება.


აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის 1/2 ფინალში თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ ბათუმის „დინამოს", „გაგრასა" და გორის „დილას".