ზედა ჯგუფში „ნიკე-ლუსო“ კვლავ დაწინაურდა, ქვედაში კი, კაკულიამ ხუთი, გორგაძემ კი, ოთხი გაიტანა
ზედა ჯგუფში „ნიკე-ლუსო“ კვლავ დაწინაურდა, ქვედაში კი, კაკულიამ ხუთი, გორგაძემ კი, ოთხი გაიტანა
01.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ბოლო წლების პრინციპული მეტოქეების „ნიკე-ლუსოსა" და „ლანჩხუთის" თამაშის ბედი, დღეს მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე, თითქმის მოედნის ცენტრიდან „ნიკე-ლუსოს" ფეხბურთელის სოლანჟი კარვალიაშის უძლიერესი დარტყმით გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.


ქალთა ლიგის ზედა ჯგუფის მეორე ტურის ორივე თამაში, თბილისის ორ სტადიონზე პარალელურ რეჟიმში გაიმართა. სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში 2026 წლის ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდი „ნიკე-ლუსო" და „ლანჩხუთი" დაუპირისპირდნენ. თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და მე-6 წუთზე ემილი ბროუს გოლითაც დაწინაურდნენ. შეხვედრის პირველ ნაწილში, ტაბლოზე ანგარიშის გარდა, მასპინძლებმა თამაშის გაკონტროლებაც მოახერხეს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს, მე-12 წუთზე ერთ-ერთი ლიდერი, ირინა ხაბურზანია გამოაკლდა. სტუმრებმა კი, ცოტა გვიან, თუმცა, ნაბიჯ-ნაბიჯ თამაში გამოასწორეს. ტაიმის მიწურულს კი, ეთერ სულაშვილის წინააღმდეგ, საჯარიმოსთან ახლოს, უხეშ თამაშს ჯერ მასპინძელთა კარში დანიშნული ჯარიმა მოჰყვა, შემდეგ კი, კუთხური, რომელიც საბოლოოდ ნიკე-ლოსოელთა ავტო-გოლით დასრულდა. გუნდები პირველი ტაიმის შემდეგ, საყაიმო ანგარიშით 1-1 გავიდნენ. მეორე ტაიმში სტუმრებმა მოახერხეს თამაშის გათანაბრება, თუმცა, გოლი ვერც ერთმა გუნდმა ვერ გაიტანა მსაჯის მიერ, თამაშისთვის დამატებულ ბოლო წუთამდე. ყველა თითქოს ფრეს იყო შეგუებული, რაც ამ შეხვედრის ლოგიკური შედეგიც იქნებოდა, როდესაც სოლანჟ კარვალიაშმა, თითქმის მოედნის ცენტრიდან უძლიერესი დარტყმით, „ნიკე-ლუსოსთვის" გამარჯვების გოლი გაიტანა. ოქროს მედლების მაძიებელთა დუელში, თბილისელები დაწინაურდნენ და ახლა, სატურნირო ცხრილში 3 ქულით უსწრებენ „ლანჩხუთს". აქვე შეგახსენებთ, რომ ამ კლუბებს, ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ სამი ურთიერთდაპირისპირება უწევთ. ასე რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.


ზედა ჯგუფის მეორე შეხვედრა, სფფ-ის თბილისის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში ჩატარდა. თბილისის „კვარტალმა" „ბათუმს" უმასპინძლა და 0-1 გაიმარჯვა. მატჩის ბედი, შეხვედრის მე-20 წუთზე ბათუმელთა გუნდის გოლეადორის, თათია შაინიძის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.


დღესვე გაიმართა ქვედა ჯგუფის თამაშები, რომლებიც თუ არ ჩავთვლით ტურის ბოლო შეხვედრას უხვგოლიანი გამოდგა. დღის ბოლო მატჩი, ქუთაისში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში ადგილობრივ „მართვესა" და თბილისის „ვერეს" შორის გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა. გოლები მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში 46-ე წუთზე ანა ჯანელიძემ გახსნა, 90-ე წუთზე კი, ქუთაისელთაგან ბარბარე მანაგაძემ გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. „მართვე" ქვედა ჯგუფს 33 ქულით უდგას სათავეში.


ორი ქულით ნაკლები აქვს, ქალთა ლიგის დებიუტანტს „თეთრიწყაროს", რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო თამაშის დროს, გარკვეული ფეხბურთელები დაიმატა. ანგარიში მე-4 წუთზე მარიამ მოდრეკილაძემ გახსნა. ამის შემდეგ, მატჩის მასპინძელი, „ელიტას" კარში გოლები სტუმართა რიგებიდან ლანა გორგაძეს  (52', 55'-პ, 57', 59') გაჰქონდა. ფეხბურთელმა 8 წუთში პოკერი შეასრულა, რაც მიმდინარე ჩემპიონატში პირველად მოხდა. ამ ტაიმში კიდევ ორი გოლი ბარბარე ბერუაშვილმა (67') და ქრისტინა კვიციანმა (86') გაიტანეს. თამაში კი, სტუმართა გუნდის, „თეთრიწყაროს" გამარჯვებით 0-7 დასრულდა.


უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა ამბროლაურშიც, „რაჭა 2020"-სა და „დინამო სოხუმს" შორის, სადაც საბოლოოდ ათი გოლი გავიდა. ანგარიში მე-8 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, გოლი ნინო მაისაშვილმა გაიტანა. თუმცა, ლიზი კაკულიას ჰეთ-თრიქით (25', 39' 40') სოხუმელები დაწინაურდნენ. ამ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიდა, მსაჯის მიერ ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში, ბარბარე ჭელიძემ 11-მეტრიანი გაიტანა. სხვათა შორის, მანვე 73-ე წუთზე კიდევ ერთი პენალტი დაარტყა ზუსტად და ამ შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა. ჭელიძის გოლამდე, 53-ე წუთზე მასპინძელთაგან ნათია ქურციკიძემაც გაიტანა. ამ უხვგოლიან შეხვედრაში, მატჩის მიწურულს კიდევ ორი გოლი გავიდა და მათი ავტორი კვლავ ლიზი კაკულია აღმოჩნდა, რომელმაც მე-80 წუთზე 11-მეტრიანი გაიტანა, შეხვედრას კი, წერტილი 90-ე წუთზე დაუსვა. „დინამო სოხუმმა" 4-6 გაიმარჯვა და 13 ქულა დააგროვა, თუმცა, გუნდი ჯერ ისევ გასავარდნ ზონაშია.


შეგახსენებთ, გამომდინარე იქიდან, რომ 2027 წლის სეზონში ქალთა ლიგის მონაწილე გუნდების რაოდენობა იცვლება და მთავარ ლიგაში ათის ნაცვლად, მონაწილეობას მხოლოდ 8 გუნდი მიიღებს, ქვედა ჯგუფში გასავარდნ ზონაში ამჟამად სამი გუნდი, „დინამო სოხუმი", „ელიტა" და „რაჭა 2020" იმყოფებიან.