
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულმა ფედერაციამ საკმაოდ საინტერესო ამბავი გამოაქვეყნა. მსოფლიოს ოქროს წერაყინის პრესტიჟული დაჯილდოების გრძელ სიაში სამი ქართული ასვლა მოხვდა:
- Koh-e Langar (7,134 მ, ED+ ) - გიორგი ტეფნაძე, ბაქარ გელაშვილი (პირველასვლა პაკისტანის მხრიდან)
- Languta-e-Barfi (6,833 მ) - გიორგი ტეფნაძე, ბაქარ გელაშვილი (ახალი გზა)
- არჩილის პიკი - გიორგი ტეფნაძე, ბაქარ გელაშვილი, თემურ ქურდიანი, ვახო ბლაგიძე და თორნიკე ტეფნაძე (პირველასვლა)
შეგახსენებთ, რომ შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ მიღწეულ მწვერვალს, არამედ ასვლის სტილს, ტექნიკურ სირთულეს, ავტონომიურობას, ინოვაციურობასა და კვლევით სულისკვეთებას. ამ ნომინაციაში ქართველებს გამარჯვებულიც გვყავს, არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად, ჯილდო 2022 წელს მიიღეს ბიჭებმა, ორ წელიწადში კი, სვანეთის მთებში ტრაგიკულად დაიღუპა. აქვე გეტყვით, რომ არჩილთან ერთად, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა ქართული მთამსვლელობა თანამედროვე მსოფლიო ალპინიზმის უმაღლეს დონეზე გაიყვანა. ბიჭები კი და არა მხოლოდ ისინი, არჩილის წასვლის შემდეგაც ახალი მარშრუტებით, პირველასვლებითა და საერთაშორისო აღიარებით აგრძელებენ ისტორიას.

Piolets d'Or-ის ჯილდოზე ნომინირებული სამი ასვლიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი სწორედ არჩილ ბადრიაშვილის ხსოვნას ეძღვნება. პაკისტანის მხრიდან პირველასვლა მწვერვალ Koh-e Langar-ზე კი, რომელიც გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა ჰინდი-კუშში გაიარეს, მათი მეწყვილის, არჩილ ბადრიაშვილის მიერ იყო დაგეგმილი. „სუფთა ალპური სტილით, მაღალი ტექნიკური სირთულითა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ხარისხით შესრულებული მარშრუტი ქართული ალპინიზმის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ასვლად იწერება და თანამედროვე მსოფლიო ალპინიზმის მნიშვნელოვან მიღწევებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს", - ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
გიორგი ტეფნაძისთვის მსოფლიო „ოქროს წერაყინზე" ნომინაციაში წარდგენა მერვე, ხოლო ბაქარ გელაშვილისთვის მეექვსეა. საერთო ჯამში, Piolets d'Or-ზე წარდგენილი სამი ქართული, ტექნიკურად ურთულესი ასვლა და გიორგი ტეფნაძისა და ბაქარ გელაშვილის მიერ პაკისტანში განხორციელებული კიდევ ერთი პირველასვლა მწვერვალ „მუტრიჩილიზე" (Mutrichili Zom, 6127 მეტრი), მსოფლიო ალპინიზმის რუკაზე ქართველების კვალს ღირსეული გაგრძელებაა.

მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ფოტოები





ჩვენ







