
დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მიმავალ გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, გასვლაზე პორტუგალიასთან. ალექსანდრ ჯიკიჩს გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მასპინძელი გუნდი 8 ბურთიანი უპირატესობით, 90-98 (იხილეთ მატჩის სტატისტიკა) დაამარცხა. თუმცა, ტრადიცია არც ამ ჯერზე დაირღვა და ჩვენმა ნაკრებმა ერთი მეოთხედი ჩააგდო. ამჯერად, ეს სასტარტო მეოთხედი იყო.
საქართველოს ნაკრებმა დღესაც იმავე ხუთეულით დაიწყო თამაში, როგორც რამდენიმე დღის წინ, თბილისში, მონტენეგროს წინააღმდეგ - მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, თოკო შენგელია, გოგა ბითაძე. შეხვედრაც თითქოს კარგად დაიწყეს, ანგარიში რიდმა, გახსნა. მას მალე ბითაძისა და კვლავ რიდის ოთხი საჯარიმო სროლა დაემატა და ბოლოს, თოკოს ზუსტი 3-ქულიანი. თითქოს, ყველაფერი კარგად წავიდა, თუმცა, ამის შემდეგ, საქმე ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ გაგვიხარდებოდა. პორტუგალიელებმა ჩვენი შეცდომებით ისარგებლეს და ნელ-ნელა გაზარდეს უპირატესობა. საბოლოოდ კი, მონაკვეთი 24-16 მოგვიგეს. 8 ქულა, თითქოს არაფერი, თუმცა, მაინც დაფიქრების საბაბს იძლეოდა.
მეორე მეოთხედში თითქმის იგივე ვითარება გვგქონდა. ოდნავ მოვლენებს თუ გავუსწრებთ, უნდა ვთქვათ, რომ მასპინძლებს ამ მონაკვეთში 11 ქულიანი უპირატესობაც ჰქონდათ და ერთ მომენტში, 12 ქულიანი გაქცევაც მოგვიწყეს, თუმცა, ყველაფერი პირველი ტაიმის ბოლოსკენ შეიცვალა. ხოლო, მამუკელაშვილის სამქულიანით, პერიოდი კი მოვიგეთ, 18-25, თუმცა, ტაიმი მხოლოდ ერთი ბურთით, 42-41 წავაგეთ. შეხვედრის ეს მონაკვეთი, შეუცვლელად ჩაატარეს თოკომ და მამუკელაშვილმა, ორივე მოთამაშეს, ტაიმის ბოლოს აქტივში 10-10 ქულა ჰქონდა. 7 მარკის რიდს, 6 დუდა სანაძეს, 4-4 ანდრონიკაშვილს და ბითაძეს.
სხვათა შორის პირველი წუთებიდან და მთლიანად თამაშშიც დღეს, ქართულ გუნდში საუკეთესო იყო, რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც მართალია, მხოლოდ მეორე მეოთხედში მოახერხა 4 ქულია აღება, მატჩის ბოლოს კი, 20 ქულაც დაუგროვდა, თუმცა, მთელი თამაში სტაბილურად ჩაატარა და გუნდისთვის უდიდესი სამუშაო გასწია. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24% შეადგინა (სხვათა შორის ამდენივე ჰქონდა თოკოს), რაც საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ამას გარდა რატის ანგარიშზე, 4 მოპარვა იყო. მოკლედ, ანდრონიკაშვილს კარგი თამაში ჰქონდა.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ ჯიკიჩის გუნდმა დიდი შესვენების შემდეგ, აშკარად გამოასწორა დაცვაში თამაში და ამან, ნელ-ნელა ანგარიშზეც დაიწყო ასახვა. მესამე პერიოდი 24-29 მოვიგეთ, ბოლო მეოთხედის წინ კი, საერთო ანგარიშში უკვე 4 ქულით ვიყავით წინ, 66-70. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრებმა სწორედ, მესამე მეოთხედში მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა, თუმცა, ბოლო მონაკვეთში, მეტოქე საბოლოოდ გატეხა, როცა 17-ქულიანი სხვაობით დაწინაურდა. მატჩის დასრულებამდე დაახლოებით ოთხწითნახევრის შემდეგ, ჩვენებმა კვლავ უმატეს შეცდომებს, დაკარგეს ბევრი ბურთიც და ბევრი ქულაც, თუმცა, საბოლოოდ, მონაკვეთი ოთხბურთიანი სხვაობით, 24-28, თამაში კი, 8 ბურთით მოიგეს.
„მადლობა ჩემს მოთამაშეებს. წარმოიდგინეთ, შენგელია 40 წუთის განმავლობაში მყავდა მოედანზე. თუ ჩემი წამყვანი მოთამაშეების წუთებს შეხედავთ, თითოეულ მათგანს უზარმაზარი დატვირთვის გაძლება მოუწია. ვფიქრობ, მოგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის," - ამბობს ალექსანდრ ჯიკიჩი მატჩის დასრულების შემდეგ.
საქართველოს ნაკრებიდან 26 ქულა და 6 მოხსნა დაუგროვდა გუნდის კაპიტანს, რომელმაც შეუცვლელად (!) 40 წუთი ითამაშა და ანდრონიკაშვილის მსგავსად მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმაც 24 % შეადგინა. თოკო, სტაბილური თამაშის შემდეგ, გუნდი იმ დროს „გაქაჩა", როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
ზოგადად საქართველოს ნაკრებში ამ შეხვედრაში 10-ქულიან ზღვარს ხუთმა კალათბურთელმა გადააჭარბა - მარკის რიდმა 13 ქულა დააგროვა, 6 ასისტთან ერთად, 11 ქულა და 2 ბლოკი, 5 მოხსნასთან ერთად იყო გოგა ბითაძის ანგარიშზე. 22 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე იყო. 6 ქულით დაასრულა ასპარეზობა დუდა სანაძემ.
ჯიკიჩის 12 კაციანი განაცხადიდან ამ დღეს თამაში სამს - კახაბერ ჯინჭარაძეს, გიორგი კორსანტიასა და ალექსანდრე ფევაძეს არ უთამაშიათ, ალექსანდრე მერკვილაძემ, გიორგი ტურძილაძემ და გიორგი ოჩხიკიძემ კი ითამაშეს 4-დან 7 წუთამდე, თუმცა, ქულის გარეშე დაასრულეს თამაში. ალბათ, იმ პერიოდისთვის, როდესაც არ ეყოლება სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე, ჯიკიჩის გუნდს ამ დეტალის გამოსწორებაც მოუწევს.
ასეა თუ ისე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ორი თამაში მოიგო. დღევანდელი გამარჯვებით კი, 13 ქულა დააგროვა და ჯგუფის ლიდერ სამეულში გადაინაცვლა. ამ მომენტისთვის ჯგუფს, 14 ქულით უკრაინა ლიდერობს, 13-13 აქვთ ესპანეთსა და საქართველოს. ბუნებრივია, ამ მომენტისთვის რთულია წინასწარი გათვლების გაკეთება, თუმცა, ერთი ცხადია - ჩვენ ძალიანაც გვაწყობს, რომ უკრაინამ დარჩენილ თამაშებში გაიმარჯვოს, შესაბამისად ესპანეთმაც. მხოლოდ პარალელურად ჩვენც მინიმუმ ორი თამაშის მოგება ჰაერივით გვჭირდება.
ფოტო: © FIBA





ჩვენ







