„დინამოებმა“ ლიდერთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს
„დინამოებმა“ ლიდერთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს
31.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისში მიხეილ მესხზე საქართველო ეროვნული ჩემპიონატის 23-ე ტური „დინამო თბილისისა" და გორის „დილას" შეხვედრით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მთავარი სტადიონი სექტემბრის სანაკრებო თამაშებისთვის ემზადება, აქედან გამოდინარე „დინამო თბილისი" საშინაო თამაშებს კვლავ ნეიტრალურ სტადიონზე ატარებს. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე იყო. შეხვედრა ძირითადად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა, ძირითადად ბურთის ფლობის კუთხითა და დაცვაში ყურადღებით თამაშით. ამას კი საფუძველი, მე-11 წუთზე ნიკა ნინუას გატანილმა გოლმა დაუდო საფუძველი. რამდენიმე წუთში გოლიდან, დინამოელებს კიდევ ერთხელ ჰქონდათ კარგი მომენტი მეტოქის კარის აღების, თუმცა, 21-ე წუთზე მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ლეონარდუ სანტუსმა ბურთი კარს ააცილა. მეორე ტაიმის საწყისს წუთებზე, თამაში პირველი ტაიმის მსგავსად გაგრძელდა, 59-ე წუთზე ტეიშეიერამ ანგარიში ორამდეც გაზარდა და წესით თბილისელებს, არც არანაირი საშიშროება არ ელოდათ, თუმცა, 69-ე წუთზე სტუმართა რამდენიმე ფაზიანი შეტევა ანოფის გოლით დასრულდა. ამის შემდეგ, სტუმრები გააქტიურდნენ, ერთხელ ბურთი ხარიხამ მოიგერია, ბოლო ორ მომენტში კი, თბილისელთა ახალმა ბრაზილიელმა მეკარემ ლუკას ფლორესიმ. კიდევ ერთი დაკვირვება - დინამოელები დღეს მინდვრის ცენტრში დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და ალბათ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს ჯაბა კანკავას ფაქტორმაც განაპირობა, რომელმაც უბრალოდ „დაალაგა". საბოლოოდ, „დინამო თბილისმა" 2-1 გაიმარჯვა და 37 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.


ტური კი, წყალტუბოში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში ადგილობრივი „სამგურალისა"  და მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილის ლიდერს, „რუსთავს" შორის გაიმართა. მშრალად დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 68-ე წუთზე ვაჟა ფაცაციამ გახსნა და სტუმრები დააწინაურა. რუსთაველებს, მორიგი თამაშის მოგებამდე რამდენიმე წუთი დააკლდა, მათი გეგმები 82-ე წუთზე ნიკო ცეცხლაძემ ჩაშალა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. მიუხედავად ამისა, „რუსთავი" კვლავ ცხრილის ლიდერია.


პირველი სათამაშო დღის მეორე შეხვედრაში ბათუმის „დინამო" საშინაო შეხვედრაში 3-0 დაამარცხა „სპაერი". ანგარიში მე-7 წუთზე 11-მეტრიანით ლუკა წულუკიძემ გახსნა. 26-ე წუთზე კი, მანვე დუბლი შეასრულა. მე-40 წუთზე ავოკე ეშეტიემ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჩვენი აზრით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დღევანდელ შეხვედრაში, ისევე, როგორც „დაბრუნების" შემდეგ, ბათუმელთა შორის გამორჩეული თორნიკე კირკიტაძე. ორივე გილი, სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გავიდა. ასე, რომ სულაც არ იქნება მოულოდნელი, თუ „კირკიტა" მოახლოებულ სანაკრებო თამაშებში, მინიმუმ გაფართოებულ შემადგენლობაში თუ გამოჩნდება.


კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა „მეშახტემ" ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დღეს ქართველი მწვრთნელისთვის ყველაზე წარმატებული პროექტის „ტორპედო" ქუთაისის დამარცხება მოახერხა. მოგეხსენებათ, ჩხეტიანი წლების მანძილზე „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი იყო და ყველაზე ხმამაღალი გამარჯვებებიც სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდს უკავშირდება. 23-ე ტურის ამ იმერულ დერბიში კი, ტყიბულელებმა მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებულ დროში მოახერხეს ორი გოლის გატანა, 90'+2-ე წუთზე ანგარიში ცოტნე ფაცაციამ გახსნა. კიდევ სამ წუთში კი, საბოლოო ანგარიში გიორგი გოგოლაშვილმა დააფიქსირა. „მეშახტემ" 0-2 მოიგო.  


თბილისში, პეტრო არენაზე „გაგრამ", ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999" 2-0 დაამარცხა. უეფა-ს კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრილმა ქართულმა გუნდმა, როგოც ჩანს ზუსტად ვერ შეაფასა „გაგრელთა" შესაძლებლობები, რომლებიც განსაკუთრებით ზაფხულის არდადეგების შემდეგ კარგად დაბრუნდნენ. ანგარიში ყოფილმა იბერიელმა, გურამ გოშთელიანმა მე-9 წუთზე გახსნა. მეორე ტაიმში, იბერიელებმა მოახერხეს ერთი გოლის გატანა, ნიკოლოზ დადიანმა მინდვრის ცენტრიდან ატარა ბურთი და შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით, გაგრელთა მეკარის, ვორობეის კარი აიღო, თუმცა, ევროტურნირებიდან გადმოყოლილი გაუქმებული გოლების სერია დღესაც გაგრძელდა. ირაკლი ხერხაძეს VAR-მა დაუძახა და გოლამდე სრული მომენტი „დაატრიალა" სადაც, საწყის მომენტში ვაჰიდ სელიმოვიჩზე ჯარიმა დაფიქსირდა და შესაბამისად, იბერიელთა კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაუქმდა - ამჯერად, ეროვნულ ლიგაში. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ „გაგრა" ამ მომენტის შემდეგ უფრო აქტიური იყო. მე-80 წუთზე კი, ალექსანდრე ფეიქრიშვილის წაქცევისთვის იბერიელთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც აუღელვებლად შეასრულა დავით მუჯირმა.


ეროვნული ლიგის მორიგი 24-ე ტური 4, 5 და 6 სექტემბერს გაიმართება.


გათამაშების სატურნირო ცხრილი


ფოტო: "დილა" / ნინი ქიქავა