ქალთა ლიგა განახლდა - გუნდები ზედა და ქვედა ჯგუფებში აგრძელებენ ასპარეზობას
ქალთა ლიგა განახლდა - გუნდები ზედა და ქვედა ჯგუფებში აგრძელებენ ასპარეზობას
26.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზაფხულის არდადეგების შემდეგ, დღეს ქალთა ლიგა განახლდა. გათამაშების ამ ეტაპზე გუნდები ორ, ზედა და ქვედა ჯგუფში ასპარეზობენ. ზედა ჯგუფში შემავალი გუნდები - „ნიკე ლუსო", „ლანჩხუთი", „ბათუმი" და „კვარტალი" ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვიან. ქვედა ჯგუფში კი, „მართვე", „ვერე", „ელიტა", „რაჭა 2020", „თეთრიწყარო" და „დინამო სოხუმი" კი, ძლიერთა ლიგაში დასარჩენად იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ მომავალ, 2027 წლის სეზონში ქალთა ლიგაში ათის ნაცვლად, რვა გუნდი იასპარეზებს. შესაბამისად, 2026 წლის სეზონის ბოლოს ქალთა ლიგა 2-ში ქვედა ჯგუფიდან სამი გუნდი გადაინაცვლებს. მათ, ძლიერთა ლიგაში, კი მეორე ლიგიდან ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებული დაემატება. თუმცა, მანამდე, საკმაოდ გრძელი გზაა.


ზედა ჯგუფი


ქალთა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, პირველ ტურში, როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარე გათამაშების ლიდერებმა მატჩები მოიგეს. თბილისში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკე-ლუსომ" მე-10 წუთზე ირინა ხაბურზანიას გოლით გახსნა ანგარიში. მე-14 წუთზე, ეშლი ბროუმ ის, ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში თეონა ბაქრაძემ მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა, თან ორჯერ (54', 55'). შეგახსენებთ, რომ ბაქრაძეს წინა სეზონში მიღებული ტრავმის გამო, საკმაო ხანი გაუცდა. თამაშის მიწურულს კი, გოლები გუნდის ლეგიონერებმა გაიტანეს, ქეით გოდენმა (71'), ჯიოვანა კრუზმა (77'), ეშლიმ კი, ბაქრაძის მსგავსად დუბლი გაიფორმა და „კვარტალი", საბოლოოდ, 7-0 დაამარცხა.


თამაში მოიგო „ლანჩხუთმაც", რომელმაც სფფ-ის გვიმბალაურის საფეხბურთო ცენტრში „ბათუმს" უმასპინძლა და 6-0 დაამარცხა. თბილისური მატჩის მსგავსად, პირველი ტაიმი, ლანჩხუთელებმაც ორბურთიანი სხვაობით მოიგეს. მატჩში საწყის წუთებში, ნათია დანელიამ მესამე წუთზე, მესამე მცდელობა გოლით დაასრულა. 31-ე წუთზე, ეთერ სულაშვილმაც გაიტანა. 37-ე წუთზე, ჰანა რასელის დარტყმული, ბათუმელთა მეკარემ მარიამ ჭრიკიშვილმა მოიგერია. მეორე ტაიმი კი, 49-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძის გოლით გაიხსნა და ერთ-ერთი გამოცდილი ქართველი ფეხბურთელის ტატა მატვეევის ჰეთ-თრიქით (71', 86', 90'+2) დასრულდა.


შეგახსენებთ, რომ ბომბარდირთა დავას (დღეს გატანილი გილის ჩათვლით)  38 გატანილი გოლით ნათია დანელია ლიდერობს.


ქვედა ჯგუფი


ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფში ქუთაისის „მართვემ" სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში „რაჭა 2020" 3-1 დაამარცხა. იმერლებმა ამ შეხვედრაში მატჩის ბედი პირველივე ტურში გადაწყვიტეს. მე-17 წუთზე ანასტასია კინწურაშვილმა გაიტანა, მე-40 წუთზე მანონი საღარაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლიზი ცაავამ მესამედ აიღო მეტოქის კარი. საპასუხო, 77-ე წუთზე პრესტიჟის გოლი მართა მეტრეველმა გაიტანა.


თბილისში, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში „ვერასა" და „ელიტას" შორის გამართული თბილისური დერბი, მასპინძელთა, „ვერეს" გამარჯვებით, 7-2 დასრულდა. ანგარიში მე-16 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, გოლი ანა კვახაჯელიძემ გაიტანა. თუმცა, 31-ე წუთზე ანა ომანაძემ გაათანაბრა. ამის შემდეგ, „ელიტა", კიდევ ერთხელ დაწინაურდა 33-ე წუთზე, სოფო ბერულავას გატანილი გოლის წყალობით, 37-ე წუთზე კი, სესილი გაბრელიანმა კვლავ გაათანაბრა. 61-ე წუთზე სესილის გოლით „ვერე" ამ შეხვედრაში პირველად დაწინაურდა და ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. შეხვედრის მიწურულს კი, მარია-იზაბელა მელიქიშვილის (78', 81', 85') ჰეთ-თრიქის წყალობით, სოლიდური სხვაობით მოიგო.


მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე, „თეთრიწყაროსა" და „დინამო სოხუმის" დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, 4-0 დასრულდა. ქალთა ლიგის დებიუტანტები, პირველი ტაიმის შემდეგ, მარიამ მოდრეკილაძის დუბლით (18', 37') ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მეორე ტაიმში კი, ბარბარე ბერუაშვილმა (48') და მეგი ირემაშვილმა (89') კიდევ გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.