
დღეიდან 28 აგვისტოს ჩათვლით ხორვატიაში, საპორტო ქალაქ რიეკაში მსოფლიოს ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი წყალში ხტომაში, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ინფორმაციით გიორგი წულუკიძე, ალექსანდრე ცხომელიძე და კოკა საკანდელიძე 1 და 3 მეტრიანი ტრამპლინებიდან, როგორც ინდივიდუალურ ასევე, სინქრონულ ხტომებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, ჩვენმა გუნდმა, ხორვატიაში გამგზავრებამდე შეკრება თურქეთში გაიარა. ტურნირში მონაწილე 46 ქვეყნის 238 სპორტსმენს შორის კი, უკვე უშუალოდ შეჯიბრის მასპინძელ ქალაქში, პირველებმა, ქართველთა გუნდიდან სინქრონულ ხტომებში სცადეს ბედი.
დღეს, 21 აგვისტოს, 3 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში, გიორგი წულუკიძემ და ალექსანდრე ცხომელიძემ იასპარეზეს და 17 მონაწილეს შორის საბოლოოდ, ასპარეზობა მე-7 ადგილით დაასრულეს.
პირველი მცდელობის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა მე-6 ადგილი გაიყო აშშ-სა და კოლუმბიელ გუნდებთან. გიორგიმ და ალექსანდრემ 43.80 ქულა დააგროვეს და გამარჯვებულ გერმანულ წყვილს 3.60 ქულით ჩამორჩნენ (იხილეთ ბმული). ხუთი ნახტომის შემდეგ კი ჯამში, 237.21 ქულა დააგროვეს და გამარჯვებულ კანადურ წყვილს მხოლოდ 44.61 ქულით ჩამორჩნენ.

ქართველ სპორტსმენთა ასპარეზობის მომდევნო დღეების გრაფიკი ასე გამოიყურება:
22 აგვისტო, 3 მეტრიანი ტრამპლინი (ინდივიდუალური):
გიორგი წულუკიძე
ალექსანდრე ცხომელიძე
25 აგვისტო, 1 მეტრიანი ტრამპლინი (ინდივიდუალური):
ალექსანდრე ცხომელიძე
კოკა საკანდელიძე
ფოტო: საწყლოსნო სპორტის სახეობების ფედერაცია





ჩვენ







