
ეროვნული ლიგის 21-ე ტური საბოლოოდ, საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა, იმისდა მიუხედავად, რომ ტურის ბოლო შეხვედრაში, მხოლოდ ორი ბურთი გავიდა. ბოლო შეხვედრა კი, დღეს, „პეტრო არენაზე" გაიმართა, ამ ტურისთვის დამახასიათებლად, წვიმის ფონზე.
„გაგრამ", რომელმაც წინა ტურში ბათუმში სასწაული მოახდინა, ამჯერად, „სპაერს" დაუპირისპირდა. ჯერ კიდევ მშრალ ამინდში, მშრალად დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში, სტუმართა გუნდი 10 ფეხბურთელით დარჩა, რეალურად მთელი ტაიმი. თუმცა, ეს უპირატესობა გაგრელებმა, მხოლოდ 78-ე წუთზე გამოიყენეს, როდესაც 75-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა დავით მუჯურმა გაიტანა - ეს მუჯირის მე-4 გოლია მიმდინარე სეზონში. თუმცა, მასპინძლებმა თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ მოახერხეს. საბა გეგიაძის გადაცემით, 82-ე წუთზე ნიკა ჩაგუნავამ წონასწორობა აღადგინა და მატჩი, როგორც გითხარით, ფრედ, 1-1 დასრულდა.
ტური კი, ბევრისთვის მოულოდნელად, თუმცა, თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, რასაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „დინამო თბილისი" ბოლო მატჩებში აჩვენებს, სულაც არ იყო მოულოდნელი, მითუმეტეს, რომ საკმაოდ უხერხულ მეტოქეს, ელიგის დებიუტანტს „რუსთავს" ეთამაშებოდა, რომელიც ბევრად გამოცდილი კლუბებისთვის სეზონის თავსატეხია და ამას გარდა, გუნდში ბევრია „დინამო თბილისის აკადემიის" გამოვლილი და გუნდის ყოფილი ფეხბურთელი. ასე, რომ აქ რუსთაველები, შესაძლოა, უფრო შინაურულად გრძნობდნენ თავს. მესხი 2-ზე, სადაც „დინამო თბილისმა" მორიგი „ტაბორული" საშინაო შეხვედრა ჩაატარა, ანგარიში სტუმრებმა 28-ე წუთზე გახსნეს. გოლი ალმეიდამ გაიტანა. ათ წუთში პრინს ოსეიმ ანგარიში ორამდე გაზარდა. მინდა აღვნიშნო, რომ ორივე შემთხვევაში თბილისელთა დაცვის ხაზი ჩავარდა. თუმცა, გუნდს, მთლიანობაში დაცვაში თამაშში არც ბოლო გოლის მომენტში „მოუკლავს". პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სოლომონ კესიმ ამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისური კლუბი ყველანაირად ეცადა, მეორე ტაიმში, თუმცა პირველშიც ვითარების შეცვლას, „დინამო თბილისის" აქილევსის ქუსლი კარის ჩარჩოში დარტყმები და თუ ასეთი მოხდა, მათი სიზუსტე, კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. „რუსთავმა" კი, 0-3 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილი გაიმყარა.
„დინამო თბილისის" მსგავსად, ამ ტურში ვერც მოქმედმა ჩემპიონმა გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ დრამატული მატჩი ფრესკენ მიდიოდა, „ტორპედომ" მაინც მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა. ანგარში კი, ამ შეხვედრაში, რომელიც „რამაზ შენგელიაზე" გაიმართა, მასპინძელთა სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-6 წუთზე ფელიპე პირესმა გაიტანა. მე-13 წუთზე, დავით ბუკიას გოლით კი, „იბერია 1999"-ი უკვე ორბურთიანი სხვაობით აგებდა. თუმცა, 21-ე წუთზე გიორგი კუციას გოლით, თბილისელებმა სხვაობა შეამცირეს და მომენტებსაც ქმნიდნენ, თუმცა, 38-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილმა, რომელმაც მასპინძელთა მეორე გოლში საგოლე გადაცემა მიითვალა, ამჯერად, თავად გაიტანა და ტაიმიც მისმა გუნდმა ორბურთიანი სხვაობით დაიწყო. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 56-ე წუთზე კი, იბერიელებს ფეხბურთელი გაუგდეს. თუმცა, გუნდი, უკეთ ათამაშდა და ჯერ ამირან ძაგანიამ (65'), ხოლო შემდეგ ნიკა სიხარულაშვილმა (76') ორი გოლი გაიტანეს და ანგარიშიც გათანაბრდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თამაში საყაიმო ანგარიშისკენ მიდიოდა, თუმცა, 84-ე წუთზე დიეგო დეისაძემ, რომელიც ტორპედოელთა შორის გამორჩეული იყო გაიტანა და გუნდს საჭირო 3 ქულა მოუტანა. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში ქუთაისელთა შორის ოთო გოშაძეს, არავის შევადრიდით, იმდენად უნდა უმადლოდეს იმერელთა კლუბი ამ მეკარეს. „ტორპედომ" 4-3 მოიგო და 4 ქულაში მიუახლოვდა თბილისურ კლუბებს. ბათუმის „დინამოსთან" კი, მხოლოდ ერთ ქულაში აქვს დანაკლისი.
თავის მხრივ, ბათუმის „დინამომ" წყალტუბოში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში ადგილობრივი „სამგურალი" 0-4 დაამარცხა. 21-ე წუთზე, ავოკე ეშეტიემ ლუკა წულუკიძის გადაცემით გაიტანა. აი, 36-ე წუთზე კი, უკვე თავად წულუკიძემ გაიტანა, შეიძლება ამ ტურის ულამაზესი გოლი. მე-40 წუთზე, თორნიკე კირკიტაძის გამწვავების შემდეგ, რომელმაც კვლავ სტაბილური მატჩი ჩაატარა და ბათუმელთა შორის გამორჩეული იყო, დმიტრი მანდრიჩენკომ გაიტანა. პირველი ტაიმი, „დინამომ" 0-3 მოიგო. 62-ე წუთზე კი, უერდი მარამ საგოლე გადაცემას, გოლიც დაუმატა და ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, მოულოდნელად დაიწყო შეხვედრა გორის „დილასა" და „მეშახტეს" შორის. ანგარიში, მე-15 წუთზე გიორგი გოგოლაშვილმა გახსნა და სტუმრები დააწინაურა. თუმცა მალევე, 21-ე წუთზე შოთა შეყილაძე გაათანაბრა, 43-ე წუთზე კი, მუჰამედ დიუფის გოლის წყალობით, მასპინძლებმა ტაიმი მოიგეს. მეორე ტაიმში. შეყილაძემ 11-მეტრიანი გაიტანა და დუბლი გაიფორმა. შეხვედრა კი, ალბათ, ლოგიკურად, 3-1 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ, რომლებიც, 21-ე ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში ამ გამარჯვების წყალობით, მე-6 ადგილზე ამოვიდნენ.
მომდევნო, 22-ე ტური 21 აგვისტოს დაიწყება და 23-ში თბილისური დერბით „იბერია 1999" - „დინამო თბილისი" დასრულდება.





ჩვენ







