
ჩრდ. ირლანდიიდან დაბრუნებულმა „იბერია 1999"-მა ორი დღე დაისვენა და უეფა-ს ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის დაიწყო მზდება. ბოლო ინფორმაციით ვახო ბედოშვილმა, რომელმაც წინა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა, თუმცა, ხვალ ნაკლებსავარაუდოა, რომ ის მოედანზე ვიხილოთ.
„პირველი შეხვედრაში ჩვენი თამაში არ გვითამაშია. გრძელი გზა, სავიზო ამბები, დაღლა, ჩვენი ყურადღება სხვადასხვა ფატებზე გადავიდა და ამას დაემატა ხელოვნურსაფარიანი მოედანი. თუმცა, ეს გარემოებები არავის აინტერესებს. ყველასთვის მთავარი შედეგია და ბიჭების დამსახურებით და ამ ფაქტების გათვალისწინებით, ჩვენ მოვახერხეთ ფრედ, 0-0 გვეთამაშა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მათ უფრო მეტი მომენტი ჰქონდათ. ახლა, საპასუხო თამაშში შევედებით ამ ვითარების გამოსწორებას", - ამბობს ანდრი დემჩენკო, პრეს-კონფერეციაზე, რომელიც ტრადიციულად ქართული მედიისთვის მატჩის წინ მასპინძელ სტადიონზე გაიმართა.
„თამაშის ხარისხით ჩვენც არ ვართ კმაყოფილები. თუმცა, იმ პირობების გათვალისწინებით არ იყო ცუდი თამაში. რთული იყო მოედანიც. რა თქმა უნდა „ხელოვნურზე" გვითამაშია, მაგრამ სხვანაირი ხელოვნური იყო, ბურთის ტრაექტორიაც კი, სხვანაირი იყო. რაც არ უნდა კარგად გვემგზავრა, რაც არ უნდა კარგი სკამი ყოფილიყო თვითმფრინავში, ჭირს უძილოდ. გამოუძინებლობა თამაშსაც დაეტყო", - ამბობს გიორგი ჯინჯოლავა, რომელმაც შეგახსენებთ, „ლარნესთან" გასვლით შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და ეს ფეხბურთელისთვის მიმდინარე გათამაშებაში მეორე ყვითელია, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ორ ყვითელ ბარათზე, ფეხბურთელები თამაშს არ ტოვებენ. ასე, რომ ხვალ გიორგი ჩვეულებრივად გამოვა სათამაშოდ.
„იბერია 1999"-ის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ჩრდ. ირლანდიური თავგადასავალის შემდეგ, გუნდმა მოახერხა დასვენება და „ლარნესთან" შეხვედრის გაანალიზება. სხვა საქმეა, როცა უკვე შეხვდები გუნდს და იცი, როგორ უნდა „მოექცეო", მიაჩნია თბილისელთა უკრაინელ მთავარ მწვრთნელს, რომელიც მალე 50 წლის იუბილეს იზეიმებს და ალბათ, ამ თარიღისთვის საუკეთესო საჩუქარი, უეფა-ს ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა იქნება.
„ისე გამოდის, რომ ეს თამაში მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. 22 წელია ქართული კლუბები უეფა-ს ჯგუფურ ეტაპზე არ ყოფილან. ჩვენ ისტორიული ამბის წინაშე ვართ. არ გვქონდა იქ კარგი თამაში, გავაანალიზეთ და ქართველ გულშემატკივარს ვპირდებით, რომ კარგი თამაში გვექნება. ზოგადად, ფეხბურთში არის თამაშები, რომ არ გამოდის. ზოგჯერ, მაგრამ მოთმინებაა საჭირო და ასეთი თამაშებიც ჩასატარებელია. გამოვასწორებთ ბევრ შეცდომას, რომელიც ირლანდიაში დავუშვით", - ამბობს დემჩენკო.
გუნდთან, რომელიც „სუფთა სტილის" ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობს, გრძელი გადაცემებით, ზურგს უკან გადაცემებით, ძალისმიერი ფეხბურთის მოყვარულ გუნდთან, საპასუხო შეხვედრაში როგორ უნდა უკვე იცის „რა უნდა გააკეთოს" და შესაბამისად უფრო მომზადებულები ვართო, ამბობს დემჩენკო. ქართველთა გუნდი, მზადაა პენალტების სერიისთვისაც, თუმცა, იბერიელთა ბანაკში იმედოვნებენ, რომ ამის საჭიროება არ დადგება.
„თამაში, ძირითად დროში გვინდა დავასრულოთ. თუმცა, ეს ფეხბურთია და წინასწარ არ შეგვიძლია ვთქვათ, რა იქნება ხვალ. ჩვენ ვიომებთ და ღმერთის წყალობით, ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება ყველაფერი. ბუნებრივია გუნდზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ძალიან დიდია, ყველა მხრიდან - ეროვნული ინტერესებიდან, მედიიდან, მაგრამ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და ვცდილობთ, ფეხბურთელებს ეს ზეწოლა მოვაშოროთ და მათ ხვალ ხელი არ შეეშალოთ თამაშში. ვიღაც შესაძლოა გაუმკლავდეს ამ ზეწოლას, ვიღაც ვერა, ამიტომ ვეცდებით გუნდი განვაწყოთ," - ამბობს დემჩენკო.
ჩვენი ინფორმაციით, ხვალინდელ თამაშზე დასასწრებად, „იბერია 1999"-სა და „ლარნეს" შორის უკვე გაყიდულია 10000 ბილეთი. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ ხომ ყველაფერი ბოლო წუთზე გვიყვარს, არაა გამორიცხული, რომ გაყიდული ბილეთების რიცხვი, კონკრეტულად თამაშის დაწყების წინ გაიზარდოს.
„ბუნებრივია, წნეხი არის. ქართულ ფეხბურთში, ასეთი წლებია საკლუბო დონეზე არ ყოფილა. თუმცა, გვიხარია, რომ ამ ყველაფრის თანამონაწილეები ვართ. ვთვლი, რომ ამ მხრივ კარგად ვართ და არ იმოქმედებს თამაშზე. ნამდვილად არ მაქვს მოწინააღმდეგის მედიის პუბლიკაციებზე წვდომა. თუ აქვთ ილუზია, რომ ხვალ იოლი თამაში ელით, მაშინ ამოვარდნილები არიან რეალობიდან. მაშინ, როდესაც სახლში ვერ მოიგეს, აქ აპირებენ მოგებას? ხვალ ამას სტადიონზე გავცემთ პასუხს. რაც შეეხება მათი მწვრთნელის მოსაზრებას, რომ ჩვენ „ბურთს დიდხანს ვინარჩუნებთ", მარტივად, ვასრულებთ მწვრთნელების დავალებებს", - ამბობს გიორგი ჯინჯოლავა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 11 აგვისტოს, მიხეილ მესხზე, „იბერია 1999"-სა და „ლარნეს" შორის დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ







