
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ახალი საფეხბურთო სეზონი იწყება. საინტერესოა, რომ ქართველი ლეგიონერები საკმაოდ ხმაურიანად იწყებენ. გუშინ და დღეს ქართველებმა ოფიციალურ თამაშებში სამი გოლი გაიტანეს. ამას, დრეს სტამბოლში, ამხანაგურ შეხვედრაში „გალათასარაის" კარში გიორგი მიქაუტაძის გოლსაც თუ დავუმატებთ, შაბათ-კვირის საკმაოდ კარგი დასაწყისია, რომელიც იმედი გვაქვს, ხვალაც გაგრძელდება.
ნიდერლანდებში, ერედივიზიონის პირველ ტურშივე გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ირაკლი იეღოიანმა. ირაკლიმ ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა. 31-ე წუთზე კი, თანაგუნდელს გაატანინა. „კამბურისთან" გასვლით შეხვედრაში, იეღოიანის „ექსელსიორი" უკვე 0-3-ს იგებდა. 69-ე წუთზე სტუმრებმა მეოთხე გოლიც გაიტანეს, ირაკლი კი, 75-ე წუთზე შეცვალეს. სასტარტო შეხვედრა იეღოიანის გუნდმა 0-4 გაიმარჯვა.
ირაკლის მხარი აუბა ბუდუ ზივზივაძემ. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სასტარტო შეხვედრაში ქართველის „ჰაიდენჰაიმმა" საშინაო შეხვედრაში 4-3 დაამარცხა „ოსნაბრუკი". ჰაიდენჰაიმელთა 2026-2027 წლების სეზონში გოლების ათვლა ბუდუმ დაიწყო, რომელმაც ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა. ექვს წუთში, ზივზივაძემ კიდევ გაიტანა. თუმცა, VAR-მა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გააუქმა. ამის შემდეგ, პირველ ტაიმში სტუმრებმა ორჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა, ტაიმი, მაინც ჰაიდენჰაიმმა მოიგო. გუნდებმა მეორე ტაიმში გოლები გაცვალეს. ამ უხვგოლიან შეხვედრაში ქართველი 88-ე წუთზე შეცვალეს.
გოლით დაიწყო ახალი სეზონი, საფრანგეთის ლიგა 2-ში გიგი აბუაშვილმაც. პირველ ტურში „მეცმა" „გენგამს" უმასპინძლა და 2-1 მოუგო. მეცელებმა სეზონი გაფუჭებული პენალტით დაიწყეს. ამის შემდეგ, მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრებმა დაწინაურება მოახერხეს. ამ მომენტიდან 7 წუთში ფალიმ გაათანაბრა. კიდევ ორ წუთში კი, „აბუმ" ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „მეცს" პირველი გამარჯვება მოუტანა.
ამავე ლიგაში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა" გასვლით შეხვედრაში 0-3 დაამარცხა „სოშო". დავითაშვილის გუნდელებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ზურიკო კი, მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. მოგეხსენებათ, მატჩისწინა კვირაში მცირე პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობის მხრივ და მან გუნდთან ერთად სრულფასოვნად ვარჯიშიც, თამაშამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე დაიწყო.
ავსტრიული ბუნდესლიგის მეორე ტურში, გასვლით შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა" 0-2 დაამარცხა „ჰარტბერგი". „კიტეს", რომელსაც ტრავმა ჰქონდა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მოგეხსენებათ, 11 აგვისტოს „შტურმს" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტამბოლის „ფენერბაჰჩესთან" ურთულესი საპასუხო შეხვედრა ელის. სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რათა კიტეიშვილი ამ გადამწყვეტი ევროპული მატჩისთვის მაინც დააბრუნოს მწყობრში. აი გიზიმ კი, სასატარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 62 წუთი დაჰყო. გრაცელებმა მატჩი ვაიპერის დუბლით (69', 81') მოიგო და ახლა, სატურნირო ცხრილის სათავეშია.
ბულგარეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში, რომელშიც ლაშა დვალის სოფიის ცსკა 1948-მ გასვლით შეხვედრაში სოფიის მეორე გუნდი „ლოკომოტივი" დაამარცხა 1-3. გამომდინარე იქიდან, რომ ქართველის გუნდს, სულ რაღაც სამ დღეში უეფა-ს ევროტურნირის საპასუხო შეხვედრა ელის „პანათინაიკოსის" წინააღმდეგ, დვალი, ისევე, როგორც გუნდის ძირითადი ბირთვის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ალესაქასანდრ ალექსანდროვმა, როგორც ჩანს დაასვენა. ამ გამარჯვების შემდეგ, ქართველის გუნდს, 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ლევსკის".





ჩვენ







