ბათუმში შავი ზღვისპირული დერბი ფრედ 2-2 დასრულდა
ბათუმში შავი ზღვისპირული დერბი ფრედ 2-2 დასრულდა
08.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მორიგი სათამაშო დღე იყო. დაგეგმილი ორი მატჩის ნაცვლად, როგორც იცით, ერთი, „იბერია 1999"-სა და „დილას" შორის გადაიდო. მიზეზი, „იბერია 1999"-ის ევროტურნირებზე სათამაშო უმნიშვნელოვანესი მატჩია, რომელში წარმატების შემთხვევაში ქართული კლუბი, მინიმუმ უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფში გაინაღდებს ადგილს, თუმცა, პარალელურად გუნდი უეფა-ს ერთი დონით მაღალ, ევროპა ლიგის ფლეი-ოფში ითამაშებს და უკვე, იქ წარმატების შემთხვევაში, ხსენებული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გაინაღდებს ასპარეზობას.


აი, აჭარაბეთ არენაზე კი, ბათუმის „დინამოსა" და „გაგრას" შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დრამატული გამოდგა. ბათუმელებმა, რომლებმაც სეზონის დასაწყისთან შედარებით, საკადრო მდგომარეობა გაიუმჯობესეს, შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. განსაკუთრებით თორნიკე კირკიტაძე გამოირჩეოდა, რომელიც თამაშიდან თამაშამდე, მისგან დაჩვეულ ფორმას უბრუნდება. ანგარიში სწორედ მისი გადაცემით, მე-12 წუთზე დმიტრი მანდრიჩენკომ გაიტანა. ამ მომენტიდან მალევე, თავად კირკიტაძეს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა. 29-ე წუთზე კი, ლუკა წულუკიძემ 11-მეტრიანით მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. ბათუმმა ტაიმი მოიგო და მეორეც აქტიურად დაიწყო. თუმცა, შავი ზღვისპირულ დერბიში, დღეს ზურგის ქარმა გაგრელების სასარგებლოდ დაუბერა. 68-ე წუთზე ვანდერსონ სილვას ჩაწოდებული კუთხურიდან ბურთი კარში ზურაბ ჭავჭანიძემ გადააგზავნა. 85-ე წუთზე კი,  აჭარაბეთ არენას მიჩვეულმა ყოფილმა დინამოელმა სილვამ, ბათუმელთა კარში მეორე გოლი გაიტანა და „გაგრას" ქულა გადაურჩინა. შეხვედრა, ბათუმურ წვიმასთან ერთად ფრედ, 2-2 დასრულდა.


ამ ტურის დასრულებამდე, „გაგრამ" 23 ქულა დააგროვა და ქულით გადაუსწრო „სპაერს", რომელსაც ხვალ „დინამო თბილისთან" აქვს ტურის შეხვედრა.


შეგახსენებთ, რომ ხვალ, ტურის ორი შეხვედრაა ჩანიშნული:

17:00 „მეშახტე" - „სამგურალი"

20:00 „სპაერი" - „დინამო თბილისი"


სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.