
დღეს, „დინამო თბილისის" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვილნიუსის კრახის შემდეგ, თემურ ქეცბაია ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. იმ გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში, რომელმაც თემურ ქეცბაიას „ყველაფერი მისცა ცხოვრებაში" და ყველა იმ წარმატების საწინდარი, სწორედ ეს სივრცე იყო დღეს ის უხერხულ კითხვებსაც პასუხობდა. უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის პირველი რაუნდის დასრულების და საპასუხო შეხვედრის შემდეგ, ლიეტუვაში განვითარებულ მოვლენებზე, შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა" ბევრისთვის მოულოდნელად 7-2 წააგო, ორი შეხვედრის ჯამში კი, 7-5 დაფიქსირდა, რაც საქართველოში ყველაზე ისტორიული კლუბის ევროტურნირებიდან გამოთიშვას ნიშნავდა, მორიგ ჯერზე და თან, მორიგ ჯერზე მტკივნეულად, თემურ ქეცბაიამ, მატჩის მსვლელობისას და მოგვიანებით მის განწყობაზე, დღეს ილაპარაკა.
„ასეთ ფორმატში ამ მატჩზე საუბარი შეიძლება ცოტა დაგვიანებულიც კი არის, მაგრამ მესმის თქვენი, რომ ეს საუბარი ვილნიუსში უნდა შემდგარიყო და არა თბილისში ამდენი ხნის შემდეგ. ის რაც მოხდა, მიუღებელია ყველასთვის, ფეხბურთელებისთვის, ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის, გულშემატკივრების და მთელი საქართველოსთვის. მიზეზი ბევრია იმის, თუ სადამდეც მოვედით. ყველაფერი უნდა აღინიშნოს, სამწუხაროდ, ქართულ საკლუბო ფეხბურთში არსებული ვითარებაც და ჩვენი სამზადისიც პრობლემატური იყო. სამწუხაროდ სათანადოდ მომზადება ვერ შევძელით.
ერთადერთი გამოსავალი, რომელიც როგორც მწვრთნელს მატჩის მიმდინარეობისას მქონდა, იყო ის, რომ მოედანზე შევვარდნილიყავი და მატჩი ჩამეშალა. სხვა გამოსავალი არ მქონდა.
მე როგორც მწვრთნელი, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მიღებულ შედეგზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მე მეკისრება. მსგავს სიტუაციაში მე პირველად მოვხვდი, მაგრამ ყველას გვიწევს რაღაცების პირველად გამოცდა. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, არის ის, რომ გუნდს ჩემპიონობის შანსი აქვს. სეზონი რომ დასრულდება, შემდეგ დავსხდებით და მოვილაპარაკებთ, თუ რა იქნება შემდეგ.
მატჩის შემდეგ მე ბევრი ვიფიქრე, შეიძლება სახლშიც წავსულიყავი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ არ მივიღე, რომ გუნდი სეზონის წინ არ ჩამიბარებია და არ მინდა აღებული პასუხისმგებლობა შუაში მივატოვო,"- ამბობს ქეცბაია.
„დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა დღეს ბევრი ილაპარაკა ქვეყანაში, სადაც სტადიონები ცარიელია, მაგრამ ყველა ფეხბურთის „კრიტიკოსია", როგორ წონის ბოღმა და შური, ხშირ შემთხვევაში ჯანსაღ კრიტიკას. ყველაზე მეტად კი, „ქეცბას" ის ადარებს, რომ ამას საზოგადოების ის ნაწილი აკეთებს, რომლებიც წლების წინ თავად იყვნენ ამ კლუბის მენეჯმენტში და დღეს „სხვის თვალში ბეწვს ხედავენ, საკუთარში დირეს ვერა"-ო. ისე, სიმართლეც სათქმელია და სახელოვან კლუბს, პირველი ბზარები, სწორედ, იმ პერიოდში გაუჩნდა. მერე უკვე ყველაფერი ხუხულასავით აეწყო.
„3 თვეა რაც დინამო თბილისში ვმუშაობ და ამდენი ხანია ვამბობ, რომ მოდით, სტადიონზე იარეთ, ქართულ ფეხბურთს გვერდით დაუდექით და 2 ათასი ადამიანის მოგროვება ვერ შევძელით. პარალელურად კი, ჩასაფრებული ადამიანები მსგავს მომენტს ელოდებიან, რომ ქართული ფეხბურთი მიწასთან გაასწორონ. რამდენი გულშემატკივარიც „ჟალგირისს" ტრიბუნებზე ჰყავდა, ჩვენ რომ ასეთი მხარდაჭერა გვქონოდა, ალბათ გამარჯვებას შევძლებდით. მატჩის შემდეგ მილიონნახევარი ადამიანი გვლანძღავდა, მაგრამ ამ ხალხის 1% ტრიბუნაზე რომ დადიოდეს, უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ქვეყანა ბოღმაში, შურში და ღვარძლშია ჩარჩენილი და ეს ფეხბურთზეც აისახება,"- ამბობს ქეცბაია.
ისე ალბათ, ყველაზე მეტს ვინც დღეს „დინამო თბილისს" აგინებს, დიახ, აგინებს და არა აკრიტიკებს, იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებიან, ხშირად ხელოვნურსაფარიან მოედანზე დაყრილი კაუჩუკის ბურთულები შავი სილა ჰგონია. თუმცა, კონკრეტულად კრიტიკასთან და წაგებული თამაშის მედიის ჯანსაღ და ბუნებრივ რეაქციასთან დაკავშირებით ჩვენმა გვერდმა თემურს ჰკითხა - რა უფრო გირჩევნიათ, ვინმემ სულ გაქოთ და ხოტბა გასხათ, მაშინაც როცა წააგებთ თუ, მოისმინოთ ჯანსაღი კრიტიკა-თქო. რაზეც ქეცბაიამ გვიპასუხა, რომ ის, ჯანსაღ კრიტიკას და არა ლანძღვას ყოველთვის მიიღებს.
„რომან ფიფიას ასეულობით მილიონი აქვს ჩადებული „დინამო თბილისის" განვითარებისთვის. შეგიძლიათ ნახოთ ბაზა და ინფრასტრუქტურა, რომელიც გაკეთდა და ის პირობები, რომელიც გუნდს აქვს. ამ ადამიანის კრიტიკის ნაცვლად, მსგავს ფიგურებს უნდა მოვუწოდებდეთ, რომ ფეხბურთში თანხის დაბანდება გადაწყვიტონ.
ჩვენი ურთიერთობა გუნდის ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგია. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და გვინდა, რომ ამ გუნდისთვის რაღაც კარგი გავაკეთოთ. ეს ის გუნდია, რომელმაც ევროპული თასი მოიგო. მსოფლიოში ასი ათასობით გუნდია, მაგრამ მათ არ აქვთ ის გაკეთებული, რაც „დინამო თბილისს". არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ამ კლუბის მაისურის ტარება უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა ყველა გუნდის. შესაბამისად, ქართველმაც და უცხოელმა ფეხბურთელმაც ეს უფრო მეტად უნდა გააცნობიერონ,"- ამბობს ქეცბაია.
ქეცბაიას მედიასთან შეხვედრის ფორმატიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ალბათ, დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ჩემი კოლეგების ის ნაწილი იყო, რომელიც კლუბის მიმართ ლოიალურია, ან მარტივად, თანამედროვე „ასინეთაა", რომლებიც კლუბთან დაახლოებას და „ციხის შიგნიდან" გატეხვას ცდილობენ. თუმცა, იყო სხვა კატეგორიაც, რომელსაც მართლა შესტკივა, არა მხოლოდ „დინამო თბილისზე", არამედ ზოგადად ქართულ ფეხბურთზე და თქვენ წარმოიდგინეთ, საკლუბო ფეხბურთზეც გული.
„ქართული საკლუბო ფეხბურთი რეიტინგში უკანასკნელ პოზიციებს იკავებს, მაშინ როცა ბევრი არასაფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენელი წარმატებით თამაშობს. ეს სიტუაციას კიდევ უფრო სავალალოს ხდის.
ძნელია ამხელა მარცხის შემდეგ ვითარების გამოსწორება. არც მე და არც გუნდის დანარჩენ წევრებს ამ მატჩის შემდეგ, ნორმალურად არ გვძინებია. ყველაფერს ხაზი არ უნდა გადავუსვათ და ჩემპიონობისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ.
ფეხბურთელები, რომლებიც ბოლოს მოვიყვანეთ, მთელი თვე შვებულებაში იყვნენ და მათი ნორმალურად მომზადება ვერ შევძელით. რეალურად, ეს უშუალოდ მატჩების დროს მოხდა," - ამბობს ქეცბაია.
მედიის ინტერესი დღეს გიორგი ლორიას ირგვლივ წარმოქმნილმა მითქმა-მოთქმამაც გამოწვია. მართლა გაუშვა თემურ ქეცბაიამ ლეგენდარული ქართველი მეკარე გუნდიდან? თან ის მეკარე, რომელსაც წლების მანძილზე კვიპროსულ კლუბებში გაუკვალა გზა?
„გიორგი ლორიასთან დაკავშირებით, არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. ის გუნდიდან არ წასულა. ეს ტყუილია. ჩვენ ვისაუბრეთ და ვუთხარი, რომ ამ დღის შემდეგ მე შენ სამწუხაროდ, პირველ მეკარედ არ განგიხილავ, მეტი შანსი აღარ მოგეცემა. დანარჩენთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან ისაუბრე და გადაწყვეტილება მიიღეთ-თქო.
გიორგი ლორია „დინამო თბილისის", საქართველოს ნაკრების და ქართული ფეხბურთის ბრწყინვალე წარსულია, მაგრამ ის მომავალი არ არის. შანსი ახალგაზრდებს უნდა მივცეთ. მან თავისი გასაკეთებელი ბევრზე უკეთ გააკეთა. 40 წლის მეკარე ან საუკეთესო უნდა იყოს, ან მესამე თავის პოზიცაზე და ეხმარებოდეს ახალგაზრდებს განვითარებაში," - ამბობს ქეცბაია.
ის, რომ გიორგი ლორია „დინამო თბილისშია" ის გარემოებაც მეტყველებს, რომ „ლორიმ" დღეს მართალია, დამოუკიდებლად, მაგრამ კლუბის მეკარეების მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშა. ფაქტია, ისიც, რომ კლუბში ქეცბაიას და ლორიას შორის მწვავე საუბარი მართლაც შედგა. ისიც ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე თამაშში, მათ შორის ეროვნული ლიგისა, თბილისელთა კარში გაშვებულ გოლებში, სწორედ, გამოცდილი მეკარეს ლომის წილი იყო და ამის შესახებ ჩვენი ვებ-პორტალიც წერდა. ფაქტია, რომ დღეს, გუნდთან ერთად მიშიკო მაქაცარიამ, მათე ღაღვიშვილმა და საბა ტარტარაშვილმა ივარჯიშეს. ამ ეტაპზე, რთულია თქმა რა გადაწყვეტილებას მიიღებს გამოცდილი მეკარე. თუმცა, დღეს პრეს-კონფერენციაზე გუნდში გამოცდილი ფეხბურთელების მისიაზე ქეცბაიამ გაკვრით მაინც ილაპარაკა, ისევე როგორც პასუხისმგებლობაზე, რომელიც ალბათ, მაინც სრულად კლუბმა უნდა აიღოს და არა ან ვეტერანმა, ან ახალგაზრდა ფეხბურთელებმა - გვარებს და სახელებს სპეციალურად არ ვასახელებთ.
„სიმართლე გითხრათ, მე რომ მოვედი აქ იმასაც არ ველოდი, ახლა, 3 თვის შემდეგ, თუ ასეთ სიტუაციაში ვიქნებოდით. გუნდი, რომელიც მერვე ადგილზე ჩავიბარეთ ახლა მესამე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. სამწუხაროდ, ერთმა მატჩმა ყველა პროგრესი გადაფარა. მე, როგორც „დინამო თბილისის" ვეტერანი ფეხბურთელი ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად განვიცდი,"- ამბობს თემურ ქეცბაია, რომლის გუნდსაც უმძიმესი მარცხის შემდეგ, 9 აგვისტოს გულშემატკივრის წინაშე, „სპაერის" წინააღმდეგ მიხეილ მესხზე უწევს თამაში.
ალბათ, მიუხედავად, საზოგადოებაში გამეფებული ნიჰილიზმისა, მაინც მოვუწოდებთ ხალხს, სტადიონებზე მოვიდეს. მოვიდეს, მათ შორის „იბერია 1999"-ის საპასუხო შეხვედრაზე... ფაქტია, რომ ვინმეს მოსწონს თუ არა ქეცბას „დამოძღვრა" ცარიელი ტრიბუნებით შორს ვერ წავალთ - რთულია ამის გააზრება, მაგრამ ასეა.





ჩვენ







