
ჩვენი ვებ-გვერდი იტყობინებოდა რომ დღეს, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში რიგაში ქართველ მსაჯთა ბრიგადამ (გოგა კიკაჩეიშვილი, დავით ახვლედიანი, დავით გაბისონია და ბაქარ ბრეგაძე) იმუშავა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა გოგა კიკაჩეიშვილმა, რომელიც ტრადიციულად ბარათების ჩვენებას არ ერიდება 6 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა.
ლატვიურ სპორტულ გამოცემებს თუ დავეყრდნობით, მატჩის ოქმებისა და რეპორტაჟის მიხედვით, ე.წ. ოთხი „საწითლე" მომენტიდან, მხოლოდ მე-19 წუთზე გაძევებული „ვარდარის" ფეხბურთელის სახელი ფიგურირებს არასპორტული საქციელისთვის. თუმცა, შეხვედრის მეორე დამატებულ ტაიმში, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რიგელები ორი ბურთით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ კიკაჩეიშვილმა „ვარდარის" სკამს ორი წითელი ბარათი უჩვენა (იხილეთ სტატია).
ალბათ, საინტერესოა რატომ დაიძაბა ვითარება და როგორი ხლართის გახსნა მოუხდათ ქართველ მსაჯებს. საქმე ისაა, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირების შემდეგ, მინდორზე არსებულმა დაძაბულობამ კულისებში გადაინაცვლა. ჩრდ. მაკედონიურ მედიაზე დაყრდნობით და სოცმედიაში გავრცელებული კადრებით „რიგას" ფეხბურთელებმა სტუმრად მოგებული შეხვედრა ემოციურად აღნიშნეს და დააზიანეს მასპინძელი გუნდის გასახდელის სკამები, მასაჟის მაგიდა და კარადები. ამას გარდა დატოვეს დაულაგებელი გასახდელი... სწორედ, ამ გარემოებამ გააბრაზა და დაუდო „ვარდარის" მხრიდან საპასუხო მატჩის დროს აგრესიულ პროტესტს საფუძველი. აქ ცოტა გაუგებარია, ეს აგრესია რატომ გადავიდა მსაჯებზე.
მედიაში, კონკრეტულად სქაი სპორტში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველ მსაჯთა ბრიგადის მუშაობა უეფა-ს დამკვირვებელმა ადეკვატურად და პრინციპულად შეაფასა, სადაც ბარათები მხოლოდ წესების მკაცრი დაცვით დარიგდა - ლოგიკური წითელი ბარათი (19'), სათადარიგო სკამის ქმედების მიმართ (112', 115') გამოიყენეს უეფა-ს მკაცრად გაწერილი პროტოკოლი. და ბოლოს, იყო მეორე ყვითელი ბარათი (118'), რაც ავტომატურად წითელ ბარათად გადაკვალიფიცირდა. ამრიგად, ქართველი მსაჯების მხრიდან რაიმე უხეშ, მიკერძოებულ შეცდომას ან მატჩის ბედზე გავლენის მომხდენ გადაწყვეტილებას ადგილი არ ჰქონია.
საბოლოოდ და საბედნიეროდ, დღევანდელი მატჩის დასრულების შემდეგ, რაიმე სახის კამათს და დაპირისპირებას ადგილი აღარ ჰქონია. ჩრდ. მაკედონიელებმა, მარცხით გამოწვეული სიბრაზე არც გასახდელზე გადატეხეს და მასპინძელთა სტადიონი არ დააზიანეს.
თუმცა, ჩრდ. მაკედონიაში მომხდარ „ვანდალიზმზე" კონკრეტული კლუბის წარმომადგენელი მედია ლაპარაკობს. ასე, რომ ჩვენ მხოლოდ მათ მიერ გავრცელებულ მასალებს ვეყრდნობით და არც მტყუან-მართლის გარკვევას ვცდილობთ. ამ ამბით კი, ჩვენი ქართველი მსაჯების ბედი უფრო გვადარდებდა და ამიტომ, თქვენც მოგიყევით.





ჩვენ








