
დღეს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალური თამაშების მორიგი საასპარეზო დღე იყო. შეგახსენებთ, რომ სათასო დაპირისპირებებში გამარჯვებული ერთ შეხვედრის შემდეგ ვლინდება. იმ შემთხვევაში თუ, თამაში ფრედ დასრულდება ინიშნება დამატებითი ორი 15 წუთიანი ტაიმი. საჭიროების შემთხვევაში კი, გამარჯვებული 11-მეტრიანების სერიით ირკვევა.
როგორც ჩანს გორის „დილამ", რომელსაც იმისდა მიუხედავად, რომე უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით აქვს წაგებული და ალბათ, ძალიან გაუჭირდება ორრაუნდიანი დაპირისპირების შემოტრიალება, საქართველოს თასის შეხვედრაში მაინც მეორე შემადგენლობით იასპარეზა და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დაამარცხა „იბერია 2010". მომდევნო ეტაპზე „დილა" - „გორს" დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს, 1/16 ფინალში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბოლნისის „სიონს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა.
„გონიოსა" და „მეშახტეს" შეხვედრა 1-2 სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა. ქობულეთში ჩელე არენაზე ტყიბულელებმა კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური თამაში მოიგეს და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. 1/8 ფინალში, „მეშახტე", „ვიტ ჯორჯიასა" და „წყალტუბოს" წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.
დიდი ანგარიშით 1-5 დამარცხდა „დინამო თბილისი - 2", „სპაერთან", რომელიც მომდევნო ეტაპზე „თბილისი 2025"-სა და „რუსთავს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.
დამატებითი დრო გახდა საჭირო ფოთში, „ფაზისის" სტადიონზე ადგილობრივი „კოლხეთი 1913"-სა და „არაგვს" შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 0-0 დასრულდა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც იღბალი სტუმრების მხარეს აღმოჩნდა და „არაგვი" გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. ისინი, 1/8 ფინალში „გურიასა" და „დინამო თბილისს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
გათამაშების მომდევნო ეტაპზეა ბათუმის „დინამო", რომელმაც დღეს თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში „ორბი" დაამარცხა 1-4 და ახლა, „იბერია 2" - „თელავის" წყვილს შორის გამარჯვებულს დაელოდება.
დღევანდელი დღის კიდევ ერთი შეხვედრა, „გარეჯმა" მოიგო. თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში გარეჯელებმა სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი „ბასა" 0-2 დაამარცხეს და 1/8 ფინალში „სამცხესა" და „გაგრას" წყვილს შორის გამარჯვებულს დაელოდებიან.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალური შეხვედრები ხვალ, 26 ივლისს და ბოლო, 27 ივლისს გაიმართება (იხილეთ კალენდარი).





ჩვენ








