„დინამო თბილისმა“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი მოიგო
„დინამო თბილისმა“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი მოიგო
23.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა დღეს, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა და მშრალი ანგარიშით, 3-0 (მატჩის ტექსტური ჩანაწერი) გაიმარჯვა. თემურ ქეცბაიას შეგირდებმა, საკმაოდ საინტერესო პირველი ტაიმი ჩაატარეს და მეორეში თავს მოდუნების საშუალება მისცეს. თუმცა, ალბათ, სხვა გუნდთან მეორე ტაიმის რიგი მომენტების მსგავსი წამიერი მოდუნებაც კი, ქართულ გუნდს შესაძლოა გოლად დაუჯდეს.


დღეს კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ძველი და კარგად ნაცნობი მეტოქეები „დინამო თბილისისა" და ვილნიუსის „ჟალგირისის" ახალ დროში შეხვედრა, საერთო ჯამში ქართული გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, დედაქალაქელთა გუნდის განაცხადში ჯაბა კანკავა დაბრუნდა და იმედია, ქართული ფეხბურთის მოქმედი ლეგენდა, მალე მისთვის ჩვეულ ფორმაში შევა და გუნდს დაეხმარება. მის არ ყოფნაში კი, თემურ ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში დააწყებინა თამაში 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას, რომელმაც ამჯერად, მოედანზე 68 წუთი დაჰყო და დინამოელთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო თუკი მის ქმედებებს მარგი ქმედების კოეფიციენტის კონტექსტში გადავიყვანთ. რეალურად, თბილისელთა მიერ გატანილი გოლები და მომენტების ძირითადი ნაწილი მისი აქტიურობის ლოგიკური გაგრძელება იყო.


„დევნილობაში" მყოფი „დინამო თბილისი", როგორც ჩანს მიხეილ მესხზე თამაშს ნელ-ნელა ეგუება, თუმცა, „დინამო არენის" ტევადობასთან შედარებით ბევრად მცირე ადგილიან სტადიონის ტრიბუნებიც კი, დღეს ცარიელი იყო. რადგან თემამ სტადიონი მოიტანა ვიტყვით, რომ ბოლო წლებში, ასე მომთაბარე ცხოვრებასაც, ქვეყნის ისტორიული და ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ალღოს უღებს, მითუმეტეს, რომ თუკი, „დინამო არენა" რეაბილიტაციისთვის კიდევ ერთხელ ჩაიკეტება, დინამოელებს 2029 წლამდე, ამ წლის ბოლოდან ამ სტადიონთან გამომშვიდობება მოუწევთ.  


ახლა თამაშს რომ დავუბრუნდეთ - პირველი მომენტი თბილისელებს მე-5 წუთზე ჰქონდათ. კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ, ნიკა ნინუას დარტყმული ხარიხამ მოიგერია. რამდენიმე წუთში თორნიკეს კიდევ ერთი გადაცემის გოლით დასრულება შეეძლოთ თბილისელებს. მე-13 წუთზე, სტუმრები კიდევ ერთხელ გადარჩნენ და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. თუმცა, ნიკა ნინუას ჩაწოდებული კუთხური გოლით, ნუმან კურდიჩმა დაასრულა. 23-ე წუთისთვის „დინამო თბილისს" ბურთის ფლობა 56 %-ით ჰქონდა. რეალურად, ეს უპირატესობა ნელ-ნელა გოლებში და ანგარიშშიც აისახა. 26-ე წუთზე ლეო სანტოსმა, მისივე დაწყებული მომენტი დამატებაზე გოლით დაასრულა. 30-ე წუთზე კი, მორიგი სტანდარტი გოლით ნიკა უგრეხელიძემ დააბოლოვა, რომელიც შეგახსენებთ, რომ ასევე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და მეორე შეხვედრაა კარგ შთაბეჭდილებას სტოვებს.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, დინამო თბილისმა პირველი ტაიმი 3-0 მოიგო და რეალურად, შეხვედრის მეორე ტაიმი ბურთის და ანგარიშის გაკონტროლებას შეეცადა. ამასთან, თემურ ქეცბაიამ, საერთაშორისო საკლუბო მატჩის პრაქტიკის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მისცა საკლუბო აკადემიის აღზრდილებს. კაკაშვილისა და ციკოლიას გარდა, ამჯერად, მოედანზე ნიკოლოზ ტკალია გამოჩნდა. პირველ ტაიმთან შედარებით შედარებით, პასიური მონაკვეთის ფონზეც კი, თბილისელებს კიდევ რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ ანგარიში გასაზრდელად.


სტუმრებმა 79-ე წუთზე ქართველი ლეგიონერი საბა მამაცაშვილი შემოუშვეს სათამაშოდ, თუმცა საბა, ამ შემთხვევაში ლიეტუველებს ვერ დაეხმარა.


შეჯამების სახით, კარგი სამბურთიანი სხვაობით გამარჯვება, თუმცა, ამ გარემოებამ თემურ ქეცბაიას გუნდს, არაფრით, მოდუნების საშუალება არ უნდა მისცეს. ამას გარდა, თბილისელებს საპასუხო მატჩამდე საქართველოს დავით ყიფიანის თასზეც უწევთ ასპარეზობა, გასვლაზე, ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძეზე, სადაც სტადიონის საფარიდან გამომდინარე არაა გამორიცხული, თბილისელებს ზიანი მიადგეთ.

 

ფოტო: (c) FK Zalgiris