ქართულმა გუნდმა ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაიწყო
ქართულმა გუნდმა ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაიწყო
22.07.2026
ავტორი: TSFF.Ge

დღეიდან ჰონგ-კონგში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო ფარიკაობაში, სადაც საქართველო ხუთი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. აქედან ერთმა, თამილა მურიდოვა დაშნაში უკვე დაიწყო ასპარეზობა და პირველი დღეც, საკმაოდ წარმატებულად დაასრულა.


ჩვენი ქვეყნის 25 წლის წარმომადგენელმა, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ოთხი შეხვედრა მოიგო და ჯგუფიდან ფლეი-ოფის ზონაში გადაინაცვლა, სადაც ჯერ მექსიკელი შეილა ტეჟედა, ხოლო შემდეგ ისრაელელი ნიკოლე ფეიგინი დაამარცხა. საერთო ჯამში კი, დღეს, ექვსი შეხვედრა მოიგო და 1/32 ფინალის ბადეში მოხვდა. აქ კი, თამილა ასპარეზობას 25 ივლისიდან გააგრძელებს და მისი პირველი მეტოქე, პოლონელი ალისია კლასიკი იქნება.


თამილას გარდა, ქართული გუნდი კიდევ ოთხი მოფარიკავით არის წარმოდგენილი, უფრო ზუსტად ხმლით მოფარიკავით, რომლებსაც სათავეში სანდრო ბაზაძე უდგათ. საქართველოს 2025 წლის საუკეთესო კაცი სპორტსმენი და რეიტინგის ლიდერი, რომლისგანაც, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზეც ველით მედალს.


სანდროსთან ერთად მედლებისთვის იბრძოლებენ  გიორგი ურუშაძე, ალექსანდრე თავართქილაძე და  ალექსანდრა კუვაევა.