
ხვალ, თბილისის დროით, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999", უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ბრატისლავას „სლოვანის" წინააღმდეგ. ქართველებისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილი სლოვაკური კლუბი, უკვე ერთი თვეა ახალი მთავარი მწვრთნელის იაია ტურეს ხელმძღვანელობით ემზადება (იხილეთ სტატია) და ხვალინდელი მატჩის შემდეგ სურვილი აქვს, სახლში კარგ განწყობაზე დაბრუნდეს.
„იბერია 1999"-ის ბოლო თამაშებს „ფლორას" წინააღმდეგ ვუყურეთ. ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდია. კარგად უტევენ და ალბათ, საინტერესო თამაში იქნება .ჩვენ გვინდა მოგება. ყველა თამაში განსხვავებულია. ჩვენ, უნდა ვიყოთ უკეთესად მომზადებულები ხვალინდელი თამაშისთვის და 100 %-ით დავიხარჯოთ. მიუხედავად იმისა, ახლა რომ წავაგოთ, ერთ კვირაში სხვა თამაში იქნება. ძალიან რთული თამაში იქნება. თუმცა, მჯერა, რომ სლოვაკეთში კარგი შედეგით დავბრუნდებით", - ამბობს იაია ტურე, რომელსაც მიჩნია, რომ კლუბის ოფიციალური და ამასთან სადებიუტო მატჩის წინ, თავს, საკმაოდ კომფორტულად გრძნობს. „ხვალ იქნება ჩემი პირველი ოფიციალური სადებიუტო თამაში. კარგად ვგრძობ თავს და ველოდები, კარიერის შემდეგი ეტაპის დასაწყისს. როგორც ფეხბურთელს ჩემპიონი ლიგისა და ევროპა ლიგის თამაშები მიყვარდა. მიყვარდა შეჯიბრის სულისკვეთება და თამაშის დროს ტოპ ფორმაში ყოფნა".
ბრატისლაველთა ახალმა თავკაცმა, დღეს, ქართულ და სლოვაკურ მედიასთან (თბილისში 20 ჟურნალისტია ჩამოსული) აღიარა, რომ ჯერ-ჯერობით ვლადიმირ ვაისთან შეხვედრა და ლაპარაკი არ ჰქონია, თუმცა, მისგან რჩევის მიღება გაუხარდებოდა. ისე, ეს რჩევა, ალბათ, ჩვენი მოსაზრებით, მას, „იბერიას 1999"-თან მიმართებაში უფრო გამოადგებოდა, რადგან კონკრეტული თამაშები კარზეა მომდგარი, ვაისმა კი, ჩვენზე ბევრი რამ იცის.
მატჩის წინა დღის შეხვედრიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ტურე, სამწვრთნელო ხაზით, თავის სათამაშო სტილის დამკვიდრებას ცდილობს. ხშირად იმეორებს, რომ თამაშით სიამოვნება უნდა მიიღო. ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებით, კონკრეტულს არაფერს იძახის, თუმცა, ერთს ამბობს, რომ ახლად დამატებულ კრისტიან „ელ ფულო" მარტინესს, რომელსაც 27 ივნისს ჰქონდა ბოლო თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე (ინგლისის წინააღმდეგ - სარედაქციო) და „სლოვანს", სულ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა, ხვალ სათამაშოდ მოედანზე არ გამოუშვებს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ პანამის ეროვნული ნაკრების წევრი, საპასუხო შეხვედრაში, ბრატისლავაში ვიხილოთ. დანარჩენი რაც იქნება ხვალ ნახავთო.
სხვათა შორის ხვალინდელი შეხვედრის ორივე მწვრთნელს ქართული მედიის ნაწილმა ანდრია ბართიშვილთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რომელსაც „ფლორასთან" ტრავმის გამო შეხვედრა გაუცდა. ტურემ, ჩვენი აზრით, საკმაოდ მარტივი პასუხი გასცა - კი, ნანახი მაქვს ამ ბიჭის თამაში. ბართიშვილი, არის ტალანტი, მაგრამ ის მოედანზე არ არის მარტო. მას გუნდი ეხმარებაო.
„იბერია 1999"-თან შეხვედრისთვის ტურემ თბილისში ორი 16 წლის ფეხბურთელი ლეო ჰოფსტადტერი და მატუშ ტომაშკო ჩამოიყვანა. გუნდთან ერთად არის ალექსეი მაროში - არაა გამორიცხული რომ ამ ახალგაზრდა და ჯერ ნაკლებად ცნობილი სახელებიდან, ხვალ მოედანზე ვინმე ვიხილოთ. თუმცა, ტიგრან ბარსეგიანი მცირე ტრავმის გამო ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„სლოვანმა" თბილისში, ტრადიციულად მატჩის წინ არ ივარჯიშა. როგორც სლოვაკური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება გუნდმა დილის საუზმის შემდეგ, საკუთარ ბაზაზე ივარჯიშა და თბილსში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. გუნდს, სლოვაკეთიდან გამოფრენა 40 წუთი დაუგვიანდა, თუმცა, თბილისში, მაინც მოახერხეს სტადიონზე მოსვლა და მომავალი საასპარეზო მოედნის ნახვაც. სხვათა შორის, ქართულ მედიასთან შეხვედრისასაც აღნიშნეს, რომ მინდვრის კონდიცია მოეწონათ და ხვალ, საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო თამაშს ელიან.
და ბოლოს, სლოვაკური კლუბის ინფორმაციით, 21 ივლისის შეხვედრაზე დასასწრებად თბილისში „სლოვაკი" ქომაგებიც აპირებენ ჩამოსვლას.





ჩვენ








