ბორჯღალოსნების რეკორდით სამოასთან
ბორჯღალოსნების რეკორდით სამოასთან
12.07.2026
ავტორი: რაგბის კავშირი

ბორჯღალოსნებმა სამოასთან დამაჯერებელი თამაში აჩვენეს და მეტოქეს რეკორდული სხვაობით, 12-33 მოუგეს.


ეს იყო ამ გუნდების მეშვიდე დაპირისპირება და საქართველომ კუნძულელებს მეოთხე გამარჯვება აგემა. აქამდე მეტოქე ყველაზე დიდი სხვაობით 2018 წელს, "ავჭალაზე" 8 ქულით გვყავდა დამარცხებული, 27-19, ახლა კი უპირატესობა ერთაბაშად 21 ქულამდე გავზარდეთ.


საგულისხმოა, რომ სამოას საქართველოს წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობა ყავდა გამოყვანილი, თუმცა ბორჯღალოსნები თამაშის მსვლელობას სრულად აკონტროლებდნენ, უპირატესობას მეთოდურად ზრდიდნენ და სასურველი შედეგი დააფიქსირეს.


ურთიერთშეხვედრები ვახსენეთ და ოთხი მოგების წილ, სამოასთან ერთი თამაში ფრედ გვაქვს დასრულებული, ორჯერ კი კუნძულელებმა იმარჯვეს - პირველად 2003 წლის მსოფლიო თასზე და მეორედ, დღემდე ბოლო შეხვედრაში, 2022 წელს "დინამო არენაზე" 19:20. ახლა ჩვენმა გუნდმა იმ ფეხის დაცდომისთვის ღირსეული რევანში აიღო და მსოფლიო რაგბის ერთა თასზე ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის დამარცხებით, ამ დივიზიონში საკუთარი ლიდერობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.


სამოასთან 50-ე კეპი მოიხვეჭა გუნდის კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა, კვაჭმა ვახტანგ ჯინჭარაძემ კი ნაკრების კვართით პირველი თამაში ჩაატარა.


თამაში ნეიტრალურ მოედანზე, ჩილეში, ვინა დელ მარიში გაიმართა. მეორე ტურს ორივე გუნდი გამარჯვებით შეხვდა. ერთი კვირის წინ საქართველომ ურუგვაის მონტევიდეოში 41-34 სძლია, სამოამ კი ჩილეში ჰონკონგი 66-19 დაამარცხა.



კონტროლი პირველივე წუთებიდან


„ესტადიო საუსალიტოზე" თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო. დებიუტში დაშვებული შეცდომების გამო, ლელოს გატანის შანსი ჯერ სამოას, მერე კი საქართველოს ჰქონდა. ამ ეპიზოდებში შემტევებმა ვერ იყოჩაღეს, მაგრამ სამოა საწყის 10 წუთში დასარტყმელ პოზიციაში ორჯერ რომ დაჯარიმდა, ლუკა მატკავამ, რომელსაც ურუგვაის მსგავსად კარში დარტყმების 100%-იანი მაჩვენებელი ქონდა, 0-6 დაგვაწინაურა.


მეტოქე ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, რასაც ისიც უწყობდა ხელს, რომ დერეფანში არადამაჯერებლად ვირჯებოდით და ოთხი ჩვენი მოწოდება დავკარგეთ, თუმცა აგრესიული დაცვით, კუნძულელებს ხშირად უკან ვახევინებდით და შეცდომებს ვაშვებინებდით. მე-13 წუთზე რეფერიმ ერთი შეხდვით უწყინარ სიტუაციაში, ლუკა ივანიშვილი გაგვისინბინა, თუმცა კაცნაკლულებმა თავი კარგად დავიცავით.


ვდომინირებდით შერკინებაში, რამაც 25-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე გადასვლის კიდევ ერთი შესაძლებლობა მოგვცა და მატკავამ 38 მეტრიდან მესამე ჯარიმა გაიტანა. თამაში რომ განახლდა სამოელთა ფეხით გადაკიდებულ ბურთზე ვერ ვითამაშეთ, რასაც კუნძლელთა ლელო და ზუსტი გარდასახვა მოყვა. თუმცა ტაიმის ბოლოს საქართველო გააქტიურდა, მეტოქის 22-ში ფეხი მოიკიდა და 38-ე წუთზე საპასუხო ლელო გაიტანა. დერეფნისა და ფორვარდების მიძალების შემდეგ, ჭკვიანურად ითამაშა ივანიშვილმა, რომელმაც რაქიდან ბურთი სწრაფად აიტაცა, ცრუმოძრაობით ორი მცველი ჩამოიშორა და მიზანს უწია, მატკავამ კი გარდასახა, 7-16.


აღსანიშნავია, რომ ივანიშვილი ჩვენს რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ის დომინანტური ბოჭვებით აფერხებდა სამოელთა იერიშებს და შეტევაშიც აქტიურად ირჯებოდა. ზედ შესვენების წინ ყვითელი ბარათი მიხეილ ბაბუნაშვილმა მიიღო, რომელმაც ჩვენს 5-მეტრიანში მოლი ჩააქცია, თუმცა განმეორებითი მცდელობისას კუნძლელთა მოლი გვერდით ხაზს იქით გადავდენეთ.



ორი ლელო მეორე ტაიმში


კაცნაკლულობის მიუხედავად მეორე ტაიმი აქტიურად დავიწყეთ. თამაში რომ ავაჩქარეთ გიორგი კვესელაძემ ჭრაზე ნინიაშვილი შეიყვანა, მას თავად მიყვა, კაპიტანაც გადაცემა არ დაუგვიანა და საქართველომ უპირატესობა გარდასახული ლელოთი გაზარდა. სამოამ კიდევ ერთხელ ისარგებლა ჩვენი შეცდომით და 3 წუთში საპასუხო ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ გარდასახვა ვერ გაიტანა.


11-ქულიანი უპირატესობა დასკვნით წუთებამდე შენარჩუნდა. მატჩის მოწურულს ინიციატივას კვლავ საქართველო დაეუფლა და 77-ე წუთზე მატკავამ ჯარიმით ჩვენი უპირატესობა გაზარდა, უკვე გაწითლებულ დროზე კი, 5-მეტრიანთან გათამაშებული ჯარიმის შემდეგ ალამთან ლელო ილია სპანდერაშვილმა დაამიწა. თედო აბჟანდაძემ რთული პოზიციიდან გარდასახვით საბოლოო წერტილი დასვა და რეკორდული გამარჯვება დააფიქსირა 12-33.


ორი ტურის შემდეგ, საქართველო 9 ქულით ერთა თასის ლიდერია. ბორჯღალოსნები ჩილეში რჩებიან, სადაც 18 ივლისს, ჩვენი დროით 23 საათზე, სანტიაგოს „ესტადიო ლა პორტადაზე" მასპინძელ ჩილეს შეერკინებიან, რითაც ზაფხულის კამპანიას დაასრულებენ.


ერთა თასის მეორე ტურში უკვე გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაში, ურუგვაიმ და რუმინეთმა მონტევიდეოში ფრედ 36-36 ითამაშეს, დანარჩენი თამაშები კი ჩვენი დროით გვიან ღამე და გამთენიისას იმართება.



მსოფლიო რაგბის ერთა თასი. II რაუნდი

ჩილე. ვინა დელ მარი. „ესტადიო საუსალიტო".

სამოა - საქართველო  12-33 (7-16)


საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ალექსანდრე ქუნთელია, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. იოანე იაშაღაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თედო აბჟანდაძე.

3 ლელო: ივანიშვილი, კვესელაძე, სპანდერაშვილი

3 გარდასახვა: მატკავა (2), აბჟანდაძე

4 ჯარიმა: მატკავა

2 სინბინი: ივანიშვილი, ბაბუნაშვილი