ჩვენ სხვა კალათბურთი გვინდა - დღევანდელს გამართლება არ აქვს, მიზეზების მიუხედავად!
ჩვენ სხვა კალათბურთი გვინდა - დღევანდელს გამართლება არ აქვს, მიზეზების მიუხედავად!
02.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მისად მიუხედავად, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2027 წლის შესარჩევი ციკლის მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს, ის რაც დღეს რიგის Xiaomi Arena-ზე ვიხილეთ, უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების ბოლო, თბილისური დაპირისპირების გათვალისწინებითაც კი, წარმოუდგენელი იყო. სერბი სპეციალისტის ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა 95-76 (მატჩს ოქმი) წააგო. უკრაინის ნაკრებმა გვაჯობა ყველაფერში თამაშში და თამაშთან დაკავშირებულ ნერვების თამაშშიც. მოიგო თუ არა დამსახურებულად? დიახ, ცალსახად მოიგო, რადგან ბრძოლაში, ყველა ხერხი გამართლებულია.


30-27, 19-14, 26-19, 20-16  - როგორც ხედავთ საქართველოს ნაკრებმა პერიოდების მიხედვით ყველა მეოთხედი წააგო. მთელ რიგ მომენტებში ანგარიშში სხვაობა, ხან 18 ქულას, ხანაც 22-ს შეადგენდა. უკრაინელებს მისდიოდათ ყველაზე უცნაური სროლებიც, ჩვენების კი, ჩასავარდნიც არ ვარდებოდა და ეს, მოთამაშეთა ხარისხის და განწყობის ბრალი არ იყო მხოლოდ. შორიდან რაც ჩანს, გუნდში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე მიუთითებს, თუმცა, „ოჯახი" ჩუმადაა და ჩვენც, რეალური მიზეზების გარკვევა გვიჭირს.


თამაშის შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ქართული გუნდიდან ჯიკიჩთან ერთად, რატი ანდრონიკაშვილი გამოცხადდა, ჯიკიჩი იტყვის, რომ მას არ ესმის  პარკეტზე მყოფი ზოგიერთი „აქტორის". „ასეთი, ანგარიშით დასრულებული თამაშის შემდეგ, ლაპარაკი რთულიაო", განაცხადა ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა, თუმცა, დასკვნებს გავაკეთებთო. ახლა არ გამიბრაზდეთ და მე, ასეთი შედეგის შემდეგ (და არა მხოლოდ დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე), პოსტიდან გადავდგებოდი. თუმცა, ამას მე ვამბობ, ის კი, თვით ალექსანდრ ჯიკიჩია.


ყველაზე შედეგიან პირველ მეოთხედში, ქართული გუნდიდან ნატურალიზებული მარკის რიდი იყო, რომელსაც თითქმის ეს მონაკვეთი არ დაუსვენია და 15 ქულა, ჩვენი გუნდის მიერ აღებული 27-დან სწორედ მის ანგარიშზე იყო. გრძელი და დამღლელი საკლუბო სეზონის შემდეგ, 5 ქულა თოკო შენგელიას, 5-იც დუდა სანაძეს ჰქონდათ ჩაგდებული. კიდევ ორი ქულა, გოგა ბითაძის ანგარიშზე იყო - აქვე შევნიშნავ, რომ კარგი იქნება, თუკი, გოგა თავის ნიჭთან და შესაძლებლობებთან ერთად, თამაშის დროს, მითუმეტეს, არა NBA-ის ფორმატში, ემოციების გაკონტროლებასაც ისწავლის. ეს, ისევ მას თუ წაადგება და რა თქმა უნდა ნაკრებს. პირველი მეოთხედის კიდევ ერთი დასაფიქრებელი მომენტი - უკრაინელებს, 30-დან 15 ქულა პერიმეტრიდან ჰქონდათ აღებული. ჩვენ, პერიმეტრიდან მხოლოდ სამი მცდელობა გვგქონდა, საიდანაც ერთი რიდმა ჩააგდო, ერთი თოკომ, აი გოგამ კი, „გამაზა".


ბუნებრივია, 3 ქულით წაგებული პერიოდი, განგაშის ასატეხი არ იყო და ეს, კარგად ესმოდა ჩვენს მეტოქესაც, რომელმაც წლების მანძილზე, მშვენივრად შეგვისწავლა და იცის, როგორ მოჭიმოს ქართული ფიცხი ხასიათი და წამოაგოს პროვოკაციებს - უკრაინელთა ლატვიელმა თავკაცმა აინარას ბაგატსკისმა, რომელსაც უბრალოდ და უკვე აშკარად, ქართველები სძულს (ალბათ, ჟურნალისტი მსგავსი შეფასებისგან თავს უნდა ვიკავებდე, თუმცა, ყველაფერს საზღვარი აქვს) და ამის დამალვას არც ცდილობს, როგორც ჩანს მეოთხედებს შორის შესვენებისას, კარგად დაარიგა, კალათბურთელი, რომლისგანაც სხვა სარგებელს არ მოელოდა, როგორ ემოქმედა და როგორ წამოეგო პროვოკაციაზე პირველი მეოთხედის შემდეგ, ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ქართველთა გუნდიდან, რაც სამწუხაროდ გამოუვიდა(თ) და ჩვენი ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მარკის რიდი დარბაზიდან გაგვიძევეს.


დღეს, დაახლოებით იგივე მოხდა, რაც „ევრობასკეტზე" როდესაც, დუდა სანაძე და ქორქმაზი გაუშვეს გასახდელებში. დღეს კი, რიდთან ერთად, დარბაზის დატოვება „პროვოკატორ" ოლეკსანდრ კობზისტაც მოუწია, ბაგატსკისის ოვაციების თანხლებით. მსაჯებმა სათამაშო შეკამათება სერიოზულ პრობლემად გადაზარდეს, თუმცა, მარტივად შეეძლოთ, თითო ტექნიკურით შემოფარგლულიყვნენ. მსაჯების პრობლემა კიდევ ცალკე თემაა, თუმცა, ეს ჩვენი გუნდის უსახურ თამაშს ვერ ამართლებს.


რეალურად, დღევანდელი საკალათბურთო დარბაზი, უფრო საჭადრაკო დაფას ჰგავდა, სადაც უკრაინელთა ლატვიელი სპეციალისტი, აშკარად ჯაბნიდა ჩვენს სერბს. კიდევ ერთ მსგავს ინციდენტის შემდეგ კი, ალექსანდრე ფევაძეს არასპორტული მისცეს, რომელმაც თავის მხრივ, კახა ჯინჭარაძესთან უხეშობა არ გაუტარა მეტოქეს. ანალოგიურად არასპორტულით დასაჯეს თავად ჯინჭარაძეც. ახლა საინტერესოა, გადმოჰყვებათ თუ არა ეს „სასჯელი" რიდს, ფევაძესა და ჯინჭარაძეს თბილისურ თამაშში, რომელსაც ჩვენი ნაკრები 5 ივლისს სახლში, ესპანეთის წინააღდეგ გამართავს.


ბუნებრივია, ამდენი ნეგატივის მიუხედავად იყო, დადებითი, თუმცა, იშვიათი მომენტებიც - მაგალითად, კარგად შემოვიდა თამაშში ალექსანდრე მერკვილაძე. პოზიტივი იყო ისიც რომ მეორე მეოთხეში ვაგებდით 18 ქულას, თუმცა, პირველი ტაიმი საბოლოოდ, 8 ქულით (49-41) წავაგეთ.


მატჩის შემდგომ რატი ანდრონიკაშვილი იტყვის, რომ მათ გააკეთეს რაც შეეძლოთ, თუმცა, უკეთესად უნდა გვეთამაშაო. მესამე მეოთხედის შემდეგ, ჩვენი გუნდი უკვე 15 ქულას აგებდა (75-60). ამ მონაკვეთის შემდეგ, ერთადერთი კალათბურთელი, ვისაც ჯიკიჩმა სათამაშო დრო არ მისცა გიორგი კორსანტია იყო. ყველაზე კარგი მაჩვენებელი კი, რიდი იყო 18 ქულით, რომელმაც ეს შედეგი 11:11 წუთში დააფიქსირა და მერე, შეგახსენებთ დასაჯეს...


ბოლო მონაკვეთი, უბრალოდ ჩავამთავრეთ - ჩვენ კი, გვაქვს სრულიად ლეგიტიმური კითხვა - საკმაო ხანია უკვე სერბი სპეციალისტი, ქედმაღლური და ცოტაც ცინიკური, ქართულ გუნდთან მუშაობს, თუმცა, გუნდის სული და ხასიათი, შორიდანაც ჩანს, მისთვის კვლავ უცხო და შორეულია. ამ დროს, სამწვრთნელო შტაბში, არის კაცი, რომელმაც ქართული სული და მუხტი, რაც მაგალითად ზუროსის გაწვრთნილ გუნდში გვახსოვს და მოგვწონდა, ფრანგულ კლუბში გადაიტანა. ჰოდა, იქნებ, გვეცადა და ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, მანუჩარ მარკოიშვილისთვის ჩაგვებარებინა, შანსი მაინც მიგვეცა.


დიახ, დღეს ქართულ გუნდს, არასახარბიელო თამაშის ფონზე, ნერვებმაც უმტყუნა, ასე რომ ეს, თითქოს უმნიშვნელო დეტალი, სერიოზულად გასათვლელია, რადგან „ქართული ტემპერამენტის" გამოყენებას, არაა გამორიცხული, რომ მომავალში სხვა გუნდებიც შეეცდებიან, მითუმეტეს, რომ მაგალითი უკრაინასთან გამართული ეს შეხვედრაა. ახლა, ამასა იმიტომ არ ვწერ, რომ შემდეგ, ქართულ ფედერაციაში და მის გარემოცვაში, მავანნი გაგვიბრაზდეს და ბოლოს, გაგვებუტოს.


ფოტო: (c) FIBA