ისტორიაში პირველად - საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრები ზელანდიაზე ძლიერია
ისტორიაში პირველად - საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრები ზელანდიაზე ძლიერია
22.06.2026
ავტორი: რაგბის კავშირი

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ახალ ზელანდიელ თანატოლებს სძლიეს! მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში, აქამდე „ჯუნიორ ოლ ბლექსს" ოთხჯერ შევერკინეთ და ყველა ჯერზე გამარჯვებული მეტოქე რჩებოდა, ახლა კი საქართველომ პირველი გამარჯვება იზეიმა.


ეს იყო ჩვენი გუნდის ბოლო გასახურებელი შეხვედრა 2026 წლის მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის წინ, რომელიც 27 ივნისს, თბილისსა და ქუთაისში იწყება. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კარგი სანახაობრივი თამაში აჩვენეს, მეტოქეს ფაქტობრივად არაფერში ჩამოუვარდებოდნენ, დასკვნით წუთებში სრულ უპირატესობასაც დაეუფლნენ და დამსახურებული გამარჯვებით გაიხარეს.


რუსთავის "ხარები არენაზე" ვიტო კოლელიშვილის შეგირდებმა ახალ ზელანდიას ოთხი ლელო გაუტანეს, აქედან ბოლო უკანასკნელ წუთზე და 27 ივლისს "ავჭალაზე" უელსთან გასამართ შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდებიან.


პირველ ტაიმში სტუმრები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. დებიუტში რამდენიმე შეცდომა დავუშვით, ორჯერ დავჯარიმდით და ზელანდია 5-მეტრიანი დერეფნიდან გათამაშებული კარგი კომბინაციის შემდეგ გარდასახული ლელოთი დაწინაურდა. ზელანდიას მე-11 წუთზე ვუპასუხეთ, 5-მეტრიანთან ჯარიმის გათამაშებისა და პირველი მიძალების შემდეგ, მიხეილ შიოშვილმა სწრაფი რაქის შემდეგ მძლავრად შეუტია, ორი მცველი კონტაქტით დაჯაბნა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, თემურ ძოძუაშვილმა კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.


შესვენებამდე ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ქონდა. ხელდახელ შეტევების შედეგად ორივე მხარეს გაიჭრა ხაზი, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში დაშვებული შეცდომების გამო, ტაიმი 7-7 დასრულდა.


მეორე ტაიმის დასაწყისში ცენტრალურ ზონაში შეცდომა დავუშვით, დაკარგული ბურთი ზელანდიელმა მორაგბემ აიტაცა, კონტრშეტევაზე ორ მცველს გაექცა და სტუმრები გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ. მიუხედავად ამისა, საქართველომ მოახერხა ინიციატივის დაუფლება. 62-ე წუთზე მეტოქის 5-მეტრიანთან დანიშნული შერკინებიდან შიოშვილმა შეუტია და მცველის აყვანის შემდეგ დაჩი წიკლაურს გადაცემა არ დაუგვიანა, მან კი ფეხებსშორის შესრულებული ულამაზესი გადაცემით ფრთაზე მარტოდ მყოფი ლუკა ტაბატაძე გაიყვანა, რომელმაც ნახტომში ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.


67-ე წუთზე "ჯუნიორ ოლ ბლექსმა" კარგი შეტევით თავისი მესამე ლელო მიითვალა და 7-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდეს. 71-ე წუთზე მოლით წინსვლის შემდეგ რაქიდან გუნდის კაპიტანმა ლუკა ნარსიამ შეუტია და ლელოებით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა არაზუსტი გარდასახვის გამო ანგარიშში 2 ქულით ჩამოვრჩით.


რადგან შერკინებაში მეტოქეს ხშირად ვაჯარიმებდით, 77-ე წუთზე ის სინბინით დაისაჯა, ბოლო წუთზე კი მოლმა კარგად იარა, რის შემდეგაც დაუწყობელ დაცვას რაქიდან ირაკლი ყოლბაიამ შეუტია და მეოთხე ლელოთი საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუპოვა,  22-19.



20-წლამდელთა გასახურებელი საერთაშორისო შეხვედრა

რუსთავი. 22 ივნისი. 14:00 საათი

საქართველო - ახალი ზელანდია 22-19 (7-7)


საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. ანრი შველიძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. დავით ბარამია, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. ლევან ეზიეშვილი, 19. ანდრია ბილანიშვილი, 20. დემეტრე დევდარიანი, 21. დაჩი წიკლაური, 22. დათა ახვლედიანი, 23. დათა არობელიძე, 24. გიორგი არძენაძე, 25. ირაკლი ყოლბაია, 26. გიორგი ხონელიძე, 27. საბა ნატროშვილი.

4 ლელო: შიოშვილი, ტაბატაძე, ნარსია, ყოლბაია

1 გარდასახვა: ძოძუაშვილი