
86 წლის ასაკში ქართველი ტანმოვარჯიშე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ნელი სალაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ტანვარჯიშის ფედერაციის სოციალური ქსელი და ნელი სალაძის ახლობლები ავრცელებენ.
„მთელი თავისი ცხოვრება ქალბატონმა ნელიმ მიუძღვნა საქართველოში მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებას, ახალგაზრდა სპორტსმენების აღზრდასა და მუდამ იდგა ქართული სპორტის სამსახურში.
მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა არაერთი თაობის წარმატებული ტანმოვარჯიშე, რომელთაც მან არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, არამედ შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და სპორტისადმი სიყვარული გადასცა.
ნელი სალაძის ღვაწლი ქართული მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებაში ფასდაუდებელია. იგი სარგებლობდა კოლეგების, სპორტსმენებისა და მთელი სპორტული საზოგადოების დიდი პატივისცემით.
მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება მისი აღსაზრდელების, მეგობრების, კოლეგებისა და ყველა იმ ადამიანის გულში, ვისაც ჰქონდა ბედნიერება პირადად სცნობოდა ამ გამორჩეულ ადამიანს.
საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ნელი სალაძის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, აღსაზრდელებსა და კოლეგებს.
ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და მწუხარებას", -ნათქვამია ფედერაციის სამძიმრის წერილში.
ნელი სალაძე იყო სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 1962), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964). 1971 წლიდან დაიწყო მუშაობა მწვრთნელად; 1976-1993წწ. იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი; 1977-1982წწ. სსრკ ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წევრი; მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები აბსოლუტური ჩემპიონი გახდა 1979 წელს. ავარჯიშებდა ბელგიისა (1999-2001) და იაპონიის (1992, 1996, 2000, 2002) კლუბების სპორტსმენებს; შეყვანილია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში; სპორტის სახეობა: სპორტული და მხატვრული ტანვარჯიში.
TSFF.ge მწუხარებას გამოთქვამს ნელი სალაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.





ჩვენ








