
სანაკრებო შესვენების შემდეგ, დღეს, საქართველოს ქალთა ლიგა განახლდა. მე-15 ტურში, როგორც მოსალოდნელი იყო, გათამაშების ლიდერებმა „ნიკე-ლუსომ" და „ლანჩხუთმა" მორიგი თამაშები მოიგეს და 42-42 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში გაიმართა. 15 ტურის შემდეგ, ყველაზე მეტი 103 გოლი „ნიკე-ლუსოს" აქვს გატანილი, თუმცა, ბომბარდირთა დავას, 26 გოლით ნათია დანელია ლიდერობს.
ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო ცენტრში, „ბათუმმა", „ლანჩხუთს" უმასპინძლა და 0-6 დამარცხდა. თუმცა, შანსები ბათუმელებსაც ჰქონდათ. ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. მიმდინარე ჩემპიონატის გოლეადორმა მეტოქის საჯარიმოსთან ბურთი კარგად დაამუშავა და მეტოქის კარში გადაგზავნა. 25-ე წუთზე, ლანჩხუთელებმა მოწინააღმდეგის ნახევარზე მოახერხეს ბურთს დაუფლებოდნენ, ნინო ბუხრიკიძე კი, შეეცადა მის კარში გადაგზავნას, თუმცა, მასპინძელთა ამერიკელმა მეკარემ, ოლივია როუმ ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი, ეთერ სულაშვილი იყო ჩასაფრებული, რომელმაც „ბათუმს" მეორე გოლი გაუტანა. სულაშვილს 54-ე წუთზე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა, ფეხბურთელმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა. 67-ე წუთზე, კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთის კარში გადაგზავნა არ გასჭირვებია ნინო ბუხრიკიძეს. 10 წუთში, ნათია დანელიამ გაიფორმა დუბლი, ალბათ, ჩემპიონატის ერთ-ერთი ლამაზი გოლით. შეხვედრის ბოლო წუთები კი, სულაშვილის იყო, რომელმაც პირველ ტაიმში გატანილ გოლს, კიდევ ორი (88', 90') დაუმატა და შეხვედრა ჰეთ-თრიქით დაასრულა.
ამ ტურის შემდეგ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, „ნიკე-ლუსოს" ანგარიშზე" 103 გატანილი გოლია. ანგარიში მე-4 წუთზე იამურ იალვაჩმა გახსნა რომელმაც საბოლოოდ, ხუთი გოლი (4', 7', 26', 41', 45') გაიტანა და ყველა პირველ ტაიმში. მე-6 წუთზე ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ მასპინძლებს, თუმცა, ბარბარე ჭელიძემ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. ამ მომენტის შემდეგ, გოლები მხოლოდ, სტუმრებს გაჰქონდათ - ანასტასია ბუჩუკური (12'), თეკლა ბერიძე (19', 76'), ელენე ბოლქვაძე (53'), ელენე ჩიქოვანი (64'), ალექსანდრა მიდეროსი (72'), რომლებმაც საბოლოოდ, 17 უპასუხო გოლი გაიტანეს.
თბილისში, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში „ვერემ", სოხუმის „დინამოს უმასპინძლა და 4-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სოხუმელებს ტრავმის შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელი დაუბრუნდა, თუმცა, მათ სათანადო სათამაშო ფორმაში შესვლამდე სავარაუდოდ, კიდევ დასჭირდებათ დრო. დინამოელთა რიგებში დაბრუნდნენ ფეხბურთელები, რომლებსაც „ბარათების" მიზეზით მოუხდათ რამდენიმე თამაშის გამოტოვება. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს მაინც დამარცხდნენ. ანგარიში კი, მე-9 წუთზე, მასპინძლებმა, სესილი გაბრელიანის გოლით გახსნეს. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე კი, მარიამ მოდრეკილაძის (54'), ანი გაგლოშვილისა (59') და ეკა ხარაიშვილის (62') გოლების შემდეგ, ვერელებმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. 15 ტურის შემდეგ, „ვერეს" 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ერთი ქულით მეტი, 24 ქულა აქვს და ცხრილის მე-4 ადგილზეა ქუთაისის „მართვე", რომელმაც დღეს, ქუთაისის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში ქალთა ლიგის დებიუტანტი „თეთრიწყარო" 2-1 დაამარცხა. ანგარიში, სტუმრებმა პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში გახსნეს. გოლი გამოცდილმა თამარ კვალიაშვილმა გაიტანა. თუმცა, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, ქუთათურებმა ჯერ 46-ე წუთზე, ანასტასია ხანთაძის გოლით გაათანაბრეს, შეხვედრისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე კი, მანონი საღარაძის გოლით გამარჯვება მოახერხეს.
ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის თბილისის „კვარტალი", რომელმაც დედაქალაქურ დერბიში დღეს „ელიტა" 0-5 დაამარცხა. ანგარიში მე-11 წუთზე მარიამ ცისკარიშვილმა გაიტანა, რომელმაც 64-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა, სტუმრებმა მხოლოდ, პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა, როდესაც ჯერ ნათია ცეცხლაძემ (41'), მსაჯის მიერ ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში კი, ანანო მიქაბერიძემ გაიტანეს და ტაიმი 0-3 მოიგეს. ამ შეხვედრაში კი, წერტილი 82-ე წუთზე მარიამ დარჩიაშვილმა დაუსვა.
ქალთა ლიგის მომდევნო, მე-16 ტური 18 ივნისს არის დაგეგმილი.





ჩვენ








