
დღეს ნიონში საქართველოს ქალთა ასაკობრივი გუნდების ჯგუფები გაირკვა. ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში, საქართველოს 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრები გუნდები B ლიგაში იასპარეზებენ. A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანიც მოიპოვებს ორივე ასაკობრივ კატეგორიაში.
დღეს გამართული წილისყრის შედეგად, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ლიგის მე-4 ჯგუფში უელსის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჩვენი ინფორმაციით, მინი-ტურნირს საქართველო უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ტატა მატვეევას გუნდი წინა შესარჩევში, რომელიც ჩრდ. მაკედონიაში გაიმართა, მასპინძელი გუნდის გარდა, ლუქსემბურგსაც ეთამაშა. ასე, რომ მომავალ მეტოქეებს, მეტ-ნაკლებად ვიცნობთ და უკეთესადაც, შეგვიძლია მათ დასახვედრად მოვემზადოთ.
„ვფიქრობ, კარგი ჯგუფი ამოგვივიდა. ისეთი, სადაც საბრძოლველი იქნება თითოეული თამაში. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ამისათვის ჩვენ, სტაფის წევრები ყველაფერს ვიზამთ და მოვემზადებით, რათა თითოეულ გუნდს სათანადოდ დავხვდეთ და რა თქმა უნდა, თითოეულ თამაშში სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლოთ. კარგია, ისიც რომ 17-წლამდეთა ჯგუფური ეტაპი საქართველოში ტარდება, უფრო მეტი მოტივაციაა", - ამბობს ტატა მატვეევა, 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
რაც შეეხებათ 19-წლამდებს, ისინი B ლიგის მე-2 ჯგუფში ირლანდიას, ბულგარეთსა და სომხეთს დაუპირისპირდებიან. ამ ასაკობრივი კატეგორიის მინი-ტურნირი ბულგარეთში გაიმართება. ჩვენს ნაკრებს 2025 წელს სომხებთან ორი ამხანაგური შეხვედრა აქვთ გამართული, საიდანაც ერთი მოვიგეთ, მეორე კი ფრედ ვითამაშეთ. ერთი, საკვალიფიკაციო ეტაპის თამაში გვაქვს გამართული ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგაც, სადაც სამწუხაროდ დავმარცხდით. ასე, რომ აქ, რევანში გვაქს ასაღები, თანაც ამის გაკეთება, მათსავე სტადიონზე მოგვიწევს.





ჩვენ








