
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, მიხეილ მესხი 2-ზე მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ და ერთბურთიანი სხვაობით 2-3 დამარცხდა (იმავე ანგარიშით, როგორც ბიჭების 19 და 21 წლამდე ნაკრებები).
რამდენიმე დღის წინ, ფარერებთან გამართული მატჩისგან განსხვავებით, დღეს, ირის ანტმანის გუნდში ცვლილებები იყო - დღევანდელი შეხვედრა გაუცდათ ტრავმირებულ თამარ ტატუაშვილს (რომელიც გადაურჩა სერიოზულ ტრავმას და რამდენიმე დღეში განაახლებს ვარჯიშებს) და გვანცა ქადაგიშვილს (რომლის ტრავმის ხარისხი, უახლოეს დღეებში გაირკვევა), ამ ორი და კიდევ რამდენიმე ლიდერის გარეშე დარჩენილ საქართველოს ქალთა ეროვნულს გამოცდილი ფეხბურთელების ახალბედებით ჩანაცვლება მოუხდა. ერთ-ერთი ასეთის, თეკლა ბერიძის დებიუტი დღეს, თავსხმა წვიმაში, ბერძნების წინააღმდეგ შედგა - 15 წლის ფეხბურთელი, საქართველოს ქალთა ჩემპიონატში „ნიკე-ლუსოს" ღირსებას იცავს და 14 ტურში 7 გოლი აქვს გატანილი. ირის ანტმანმა მას პირველ ჯერზე, სათამაშოდ 15 წუთი მისცა.
„სამწუხაროდ, არა მხოლოდ ბოლო ორ თამაშში, ამ შესარჩევ ციკლში, ჩვენ გუნდს ძალიან ბევრ თამაშში არ გაუმართლა. ვფიქრობ, რომ დღევანდელ შეხვედრაში, როდესაც ჩვენს გვერდით იყვნენ ჩვენი ქომაგები, გუნდმა ძლიერი ხასიათი აჩვენა. კი, ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ შედეგზე, მაგრამ დღეს, იმ მოთამაშეებმა, მათ შორის, რომლებმაც სკამიდან დაიწყეს თამაში, აჩვენეს, რომ კარგი თაობა მოდის. ასე, რომ დაველოდოთ მორიგ შესარჩევს, რომელსაც ვისურვებდი, რომ უფრო იღბლიანი იყოს. ყველა ვამჩნევთ, რომ თამაშიდან თამაშამდე გოგოები უფრო კარგად არიან ბურთთან, უფრო მეტი საგოლე შანსები აქვთ, კარგად თამაშობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მაინც ვაგებთ. ვერც იმ გარემოებას დავაიგნორებთ, რომ 6 მოთამაშე გვაკლია. ყველა ფეხბურთელი თამაშის დროსაც და მოედნის გარეთაც ძალიან ბევრს შრომობს. სამწუხაროდ, ეროვნული ჩემპიონატის არ არის კონკურენტული, რაც ნაკრებს წაადგებოდა, თუმცა, რაც არის იქიდან ზოგჯერ გვაქვს შედეგი, ზოგჯერ არა", - იტყვის ირის ანტმანი, რომლის გაწვრთნილმა გუნდმაც 5 და 9 ივნისს გამართულ შეხვედრებში თავი არ დაზოგა.
ანგარიში კი, დღევანდელ შეხვედრაში მესამე წუთზე გაიხსნა. რაღა დაგიმალოთ და ყველაფერი იმის მანიშნებელი იყო, რომ თამაში უხვგოლიანი იქნებოდა, თუმცა, უხვგოლიან შეხვედრაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გოლი ბერძნებმა გაიტანეს, ისინი მხოლოდ ერთ კარში არ გასულა. მას შემდეგ, რაც სტუმრები დაწინაურდნენ, პირველივე სტანდარტულის შემდეგ, ლიზი მწყერაშვილის აქტიურობას, ბერძენი მცველის მარინა თეოდორაკის შეცდომა მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა, 1-1. თუმცა, ბერძენმა საკუთარი შეცდომა, 22-ე წუთზე, უკვე საქართველოს ნაკრების კარში გატანილი გოლით გამოასწორა. მიდი გუნდი კი, შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით, 1-2 გავიდა.
მეორე ტაიმში, მე-60 წუთზე ბერძნები უკვე ორბურთიანი უპირატესობით იყვნენ წინ, თუმცა, არც ირის ანტმანის გუნდი აკლებდა მცდელობებს, შეეცვალა ანგარიში, აქტიურობდნენ, მაიკო ბებია, ნინო ბუხრიკიძე, ეთერ სულაშვილი, ლიზი მწყერაშვილი. 63-ე წუთზე, ბერძენთა საჯარიმოში სრული ქაოსი იყო, ერთ მომენტში სტუმრებმა ხელითაც ითამაშეს, თუმცა, უკრაინელი მსაჯი მოქმედების ეპიცენტრთან ახლოს იყო და პენალტი არ დანიშნა, ეს მომენტი კი მწყერაშვილის აქტიურობით გაგრძელდა და მარიამ კალანდაძესთან ორთაბრძოლაში ბერძნებმა მორიგი ავტოგოლი გაიტანეს. ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა და ჩვენი ნაკრებიც ყველანაირად ეცადა ქულის გადარჩენას, თუმცა, გვაკლდებოდა ცოტა - ეს ცოტა კი, გამოცდილებაა, რომელიც ამ ფორმაციის ნაკრებს, მომდევნო შესარჩევ ციკლში, აუცილებლად უკვე ექნება.
ამჯერად კი, ჩვენმა გუნდა შესარჩევი ციკლი ბოლო ადგილზე დაასრულა. ჯგუფი კი ბერძნებმა ქულების მაქსიმუმით მოიგეს.





ჩვენ








