საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგურიც წააგო
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგურიც წააგო
09.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული ნაკრებებისთვის 9 ივნისს, ყველაზე პოპულარული ანგარიში 2-3 აღმოჩნდა, თუმცა, სამწუხაროდ ჩვენი გუნდების სასარგებლოდა არა. 19-წლამდე ნაკრების შემდეგ, ამ ანგარიშით დამარცხდა რამაზ სვანაძის 21-წლამდეთა გუნდიც.


ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ბულგარეთში აშშ-ს წინააღმდეგ გამართა შეხვედრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, დღეს, მოლდოვაში, ნისპორენში, მეორე მოსამზადებელი სპარინგი გამართა და ამჯერად, კვლავ ერთი ბურთის სხვაობით, თუმცა, ამჯერად 3-2 დამარცხდა.


ფეხბურთის მოყვარულებს ემახსოვრებათ, რომ საქართველოსა და მოლდოვას 21-წლამდე ნაკრებები ბოლოს ახალგაზრდული ევრო 2025-ის შესარჩევ ჯგუფში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ ორივე შეხვედრაში (0-1, 3-0) საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა იმარჯვა. თუმცა, მაშინ სვანაძის გუნდი სხვა შემადგენლობით იყო, მოლდოველებს კი, ის ორი მარცხი, როგორც ჩანს, გველის ნაკბენივით ახსოვდათ.


პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, დღეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები იყო. საქართველოს ნაკრებმა საწყის წუთებზე მოახერხა თამაშის გაკონტროლება, თუმცა, მე-15 წუთზე, ჩვენს კარში დანიშნულმა პენალტმა, რამაზ სვანაძის გუნდის განწყობა და შემართება, ოდნავ შეამსუბუქა. თუმცა, პაპუნა ბერუაშვილმა რომელმაც ტრავმის შემდეგ რეალურად პირველი მატჩი ჩაატარა, ეს 11-მეტრიანი მოიგერია. როგორც ჩანს, რუმინელ მსაჯებს, მიზნად ჰქონდა, აუცილებლად ქართველთა კარში, ამასთან პირველივე ტაიმში პენალტით გასული გოლი „ჩაეწერათ აქტივში", ვინაიდან ტაიმის მიწურულს, ჩვენს კარში კიდევ ერთი პენალტი დადეს - აქვე, ჩემს სუბიექტურ აზრს დავაფიქსირებ - მოლდოველებმა უბრალოდ მომენტი კარგად „გაყიდეს", რასაც რუმინელი მსაჯი თითქოს ელოდა. ამჯერად, ბერუაშვილმა ვეღარ გვიხსნა და ანგარიში გაიხსნა, 1-0.


მეორე ტაიმის დაწყებიდან მალე, ამ შემთხვევაშიც 48-ე წუთზე, ჩვენი მეტოქე დაწინაურდა. 62-ე წუთზე კი, რამაზ სვანაძის გუნდი 3-0 (!) აგებდა. რეალურად, რამაზ სვანაძის მწვრთნელობის პერიოდში, რთულად მახსენდება, რომ ჩვენი გუნდი ბევრად სუსტ მეტოქესთან თამაშს ასე აგებდეს. თუმცა, ამჯერადაც, ქართველმა ახალგაზრდებმა, ყველაფერი გააკეთეს, რომ ქულა გადაერჩინათ - ორი ბურთის გასაქვითად, საქართველოს ნაკრებს სულ 3 წუთი დასჭირდა. 70-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ, ხოლო 73-ე წუთზე რატი გრიგალავამ გაიტანეს და ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირეს. თუმცა, სვანაძის გუნდმა დღეს მეტი ვეღარ მოახერხა და 3-2 დამარცხდა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დარჩენილი სამი მატჩიდან პირველს გამართავს და საკუთარ კედლებში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელთანაც აღნიშნულ შესარჩევ ციკლში გასვლაზე 3-0 წააგო.