
ეროვნული ნაკრების შედეგები ციდან არ ცვივა, ეს არის დიდი სისტემური შრომის შედეგი, ამას ემატება საქართველოში უმაღლეს დონეზე ჩატარებული 21-წლამდეთა ევრო და საერთო ჯამში, ფიფა-ში და უეფა-ში, ისევე, როგორც საქართველოში მოელიან, რომ 2029 წელს ჩვენი ქვეყანა მეზობელ სომხეთთან ერთად, მსოფლიოს 20-წლამდეთ ჩემპიონატს მაღალ დონეზე უმასპინძლებს.
„ეს არის ძალიან დიდი მოვლენა, არა მარტო საორგანიზაციო, არამედ სპორტული კუთხითაც, ვინაიდან, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ვისაც ერგება პატივი, რომ მიიღოს მონაწილეობა, მათთვის უდიდესი გამოცდილება იქნება," - ამბობს ლევან კობიაშვილი დღეს, სასტუმრო „პარაგრაფში" სფფ-ის XXXVI რიგითი ყრილობის დასრულების შემდეგ, რომელზეც განვლილი საანგარიშო წლის შეჯამებისა და მიმდინარე პროექტების გარდა, საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებზეც ილაპარაკეს.
2025 წლის მოვლენებიდან საქართველოს 21-წლამდე და ფუტსალის ნაკრებების ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლაც შეაჯამეს, ხოლო წლის საუკეთესო ღონისძიებად, ბათუმში გამართული ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის ტურნირი Beach Soccer Worldwide-ი მიიჩნიეს.
FIFA-სა და UEFA-ს მხარდაჭერით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების პარალელურად, სფფ-ის პრეზიდენტმა ყრილობის დელეგატებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შესახებაც განუმარტა რიგი დეტალები, კერძოდ, აღნიშნა, რომ UEFA GROW-ის პროგრამის ჩართულობით მიმდინარეობს 2027-2031 წლების სტრატეგიის მომზადება. ახალი სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას საკლუბო ფეხბურთისა და ეროვნული ჩემპიონატის განვითარება წარმოადგენს.
და ბოლოს, დღევანდელ ყრილობასთან პირდაპირ კავშირში არაა, თუმცა, შეგახსენებთ, რომ გრძელი სანაკრებო შესვენების შემდეგ, საქართველოში 12 ივნისიდან საკლუბო ფეხბურთი განახლდება. ასევე, უახლოეს პერიოდში კი, ევროტურნირებზე ქართული კლუბების, „იბერია 1999"-ის, გორის „დილას", ქუთაისის „ტორპედოსა" და „დინამო თბილისის", ასევე, ქალთა საფეხბურთო კლუბის „ნიკე-ლუსოს" მეტოქეთა ვინაობა გაირკვევა.
ფოტო: სფფ





ჩვენ








