მოგების მიუხედავად, სექტემბრისთვის ბევრი რამ დასახვეწი იქნება
მოგების მიუხედავად, სექტემბრისთვის ბევრი რამ დასახვეწი იქნება
05.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში, მიხეილ მესხზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2-0 დაამარცხა ბაჰრეინის ეროვნული ნაკრები. ეს იყო ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონის წინ, რომელსაც ვილი სანიოლის გუნდი 25 სექტემბერს, საშინაო კედლებში, ჩრდ. ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს. ზოგადად, საქართველოს ნაკრებს სექტემბერ-ოქტომბრის ფანჯარაში დროის მოკლე პერიოდში ოთხი შეხვედრის გამართვა მოუწევს. ამ დეტალზე მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ვილი სანიოლმაც გაამახვილა ყურადღება.  


„ჩვენ ვემზადებით სექტემბერის თამაშებისთვის, მოგება ყოველთვის კარგია, მაგრამ ბაჰრეინთან მთავარი ეს არ იყო. ამ მიზნით, დღევანდელი შეხვედრა სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ. გოგლიჩიძე, ბერიშვილი, ლოჩოშვილს მოგეხსენებათ ერთად თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვთ. ამხანაგური მატჩები ყოველთვის იმისთვის არის, რომ ოფიციალური თამაშებისთვის მოემზადო. სწორედ ამიტომ ვითამაშეთ ასე", - იტყვის ვილი სანიოლი.


სხვათა შორის, გურამ კაშიას 4-ნომრიანი მაისური ამ შეხვედრაში ლოჩოშვილს ეცვა და ფეხბურთელმა ყოფილი კაპიტნისა და აწ უკვე მისი ნომრით გუნდში, გოლიც გაიტანა და ახალი ნომერი გოლით მონათლა. თუმცა, მანამდე იყო, საკმაოდ უღიმღამო პირველი ტაიმი


„პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ნაკრებს და ვილი სანიოლს გამარჯვებას. შევეცადეთ, საუკეთესო თამაში გვეჩვენებინა, მაგრამ ეს მეტოქეზეც არის დამოკიდებული. უფრო დიდი დრო დაცვაში გავატარეთ და ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროდ, შეცდომა დავუშვით, რომლითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა. რაც შეეხევა მეორე გოლს, „მსაჯი ყოველთვის მართალია", თუმცა, ჩემი აზრით, პენალტი არ იყო დასანიშნი. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ შეტევის ხაზი. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებმაც კარგი მატჩი ჩაატარეს და ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს", - იტყვის დრაგან ტალიჩი, ბაჰრეინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


მსოფლიოს ამ საუკეთესო ფეხბურთელმა კი, ბაჰრეინთან შეხვედრა ამაღლებული განწყობით დაასრულა - მართალია ერთ მომენტში ხარიხამ შეუშალა ხელი, თუმცა, 77-ე წუთზე გატანილი პენალტით, მაინც მოახერხა სეზონის გოლით დასრულება. სხვათა შორის, ხვიჩა კვარაცხელიას თავად ჰქონდა გოლის გატანის კიდევ რამდენიმე მცდელობაც, მაგრამ რიგ შემთხვევებში ფეხბურთელი ცდილობდა ბურთით თანაგუნდელები მოემარაგებინა და დასარტყამ პოზიციაზე გაეყვანა, მაგალითად ასე იყო გიორგი კვერნაძის შემთხვევაში, თუმცა, თავად „კვარა" იმდენად კარგ პოზიციაზე იყო, რომ კვერნაძე ჩანაფიქრს ვერ მოხდა - აქვე, ასეთ თამაშებში ეს მცირე დეტალებიც იხვეწება. კვარაცხელიასთვის 50-ე მატჩი ეროვნული ნაკრების მაისურით მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. სხვათა შორის, პენალტი, რომელიც „კვარამ" გაიტანა, სწორედ კვერნაძემ გამოიმუშავა, ასე რომ ხვიჩა, თანაგუნდელისთვის ამ გზით, „ვალის" დაბრუნებასაც აპირებდა.


„დაბალი დაცვით თამაში ჩვენი გეგმა არ იყო. პირველ ტაიმში რეალურად არაფრის შანსი არ გვქონდა. პირველ გოლამდე, საქართველოს ნაკრების ინერტულმა თამაშმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ გვეცადა ასე თამაში და რაღაცეები კარგადაც გამოგვივიდა, თუმცა, პირველმა გოლმა ჩვენი გეგმები შეცვალა", - იტყვის ბაჰრეინელთა მთავარი მწვრთნელი.   


პირველი გოლი კი, ამ შეხვედრაში 52-ე წუთზე გავიდა, კუთხურის შემდეგ, ჩვენების შეტევა კიტეიშვილის გამოზომილი გადაცემით გაგრძელდა ბაჰრეინელთა საჯარიმოში, სადაც ლოჩოშვილმა ამ შეხვედრაში პირველი, კარიერაში კი, მეოთხე სანაკრებო გოლი გაიტანა.


მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვილიმ დააანონსა, რომ ბაჰრეინთან შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნებოდა, დაახლოებით ხუთი-ექვსიო. ასეთები კი, ლუკა გუგეშაშვილი, საბა ხარებაშვილი, ილია ბერიაშვილი, ირაკლი იეღოიანი, საბა ლობჟანიძე და რაღა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელია იყვნენ. მეორე ტაიმში ვილიმ რვა ფეხბურთელი შეცვალა (ამხანაგურ შეხვედრებში, გუნდები წინასწარ თანხმდებიან, თუ რამდენ ფეხბურთელს შეცვლიან - სარედაქციო).


„მეორე ტაიმში, რამდენიმე მოთამაშე შევცვალეთ, რომლებმაც თამაშში პოზიტივი შემოიტანეს. ვეცადეთ, მოთამაშეებისთვის დამატებითი მოტივაცია მიგვეცა და მეორე ტაიმი უკეთესი გამოგვივიდა. ივნისში, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ, ფეხბურთელებისთვის ყოველთვის რთულია ენერგიის ბოლო რესურსების მობილიზება. ზოგადად, შეკრებით კმაყოფილი ვარ. ზოგჯერ უნდა მიიღო რეალობა, რომ შესაძლოა არ მოიგო დიდი ანგარიშით, მაგრამ ეს არის მოგებული თამაში. ასეთი მოგებები გვეხმარება პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ,"- ამბობს სანიოლი, რომელიც არ მალავს, რომ დღევანდელი შეხვედრიდან უფრო მეტს ელოდა. მის გუნდს ჰქონდა უფრო მეტი შანსი გაეტანა გოლი, ასევე იყო, ბევრი გაუგებარი გადაცემა შეტევისას. თუმცა, ეს ის დეტალებია, რომლებზეც უკვე სექტემბრის ოფიციალური თამაშებისთვის გუნდი უკეთ უნდა მოემზადოს. კმაყოფილია ირაკლი იეღოიანით, რომელსაც ვილის სიტყვებს მოვიშველიებ, „დღეს ცოტა კი გაუჭირდა", მაგრამ „ისევე, როგორც მთელს გუნდსო", თუმცა, თუკი ის საკლუბო დონეზე სტაბილურობას შეინარჩუნებს, დიდი ალბათობით, კვლავ ვიხილავთ ეროვნულ ნაკრებში, თუმცა, ისევე როგორც გიზი მამაგეიშვილს. საერთოდ, ვილის გაფართოებულ შემადგენლობაში ბევრი ფეხბურთელია, თუმცა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, სექტემბერში გუნდში, მხოლოდ იმ კონკრეტული პერიოდისთვის მზად მყოფ ფეხბურთელებს მოუხმობს. აქ, ლაპარაკი ლუკა ხარატიშვილზეც იყო, ქართველ მეკარეზე, რომელის კონტრაქტიც ჩეხურმა „პარდუბიცემ" გამოისყიდა. თუმცა, მანამდე კი, „კარგ დასვენებას ვუსურვებ და შემდგე გუნდთან მომზადებას, რადგან სექტემბერში მიჯრით 4 თამაში გვაქვს და იქ ბევრი ძალა და ენერგია დაგვჭირდებაო", - ამბობს ვილი სანიოლი.


შეგახსენებთ, რომ ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ბაჰრეინთან დღეს, 2-0 გაიმარჯვა, მანამდე კი, რუმინეთთან ფრედ, 1-1 ითამაშა.