ქალთა ეროვნული ნაკრები მე-12 მოთამაშეს სთხოვს ხვალინდელ თამაშში გვერდში დგომას!
ქალთა ეროვნული ნაკრები მე-12 მოთამაშეს სთხოვს ხვალინდელ თამაშში გვერდში დგომას!
04.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 5 ივნისს, თბილისში, პეტრო არენაზე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უმნიშვნელოვანესს მატჩს გამართავს. თამაში 17:30 წუთზე დაიწყება და მის შედეგზეა დამოკიდებული, ექნება თუ არა აზრი ბოლო შეხვედრაში საბერძნეთთან, ბრძოლას და შანსის დატოვებას, მოიპოვოს მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში მონაწილეობის საგზური. ამისთვის ირის ანტმანის გუნდმა აუცილებლად უნდა დაამარცხოს ფარერის კუნძულების გუნდი და თანაც, ბურთების უკეთესო შეფარდებით. პირველი შეხვედრა, ფარერებზე, ბოლო წუთზე გაშვებული გოლით დავმარცხდით.


„ფარერის კუნძულების ნაკრებს კარგად ვიცნობთ. მათ ჩვენი გუნდის მსგავსის სტილი აქვთ. სამწუხაროდ, წინა შეხვედრა ბოლო წუთებზე დავთმეთ, თუმცა გოლის გატანის ბევრი შესაძლებლობა გვქონდა. ამჯერად, სახლში ვთამაშობთ და თამაში სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მოედანზე აჩვენებენ იმას, რაც იციან, შექმნიან უფრო მეტ საგოლე შესაძლებლობას და ამ თამაშის მოგებას შევძლებთ", - ამბობს ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი


საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს იმედი აქვთ, რომ „პეტრო არენაზე" თამაშს ქართველი გულშემატკივარი დაესწრება და გოგონებს იმ მუხტს მისცემს, რაც გასვლით შეხვედრებში, როგოც წესი ქალთა ნაკრებს აკლია. გულშემატკივრის მხარდაჭერისა და საკუთარ კედლებში თამაშის ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას ფეხბურთელებიც.


 „დაძაბულ ბრძოლაში, სამწუხაროდ, ბოლო წუთზე გაშვებული გოლით დავმარცხდით. ახალა კი, საკუთარ კედლებში ვთამაშობთ, უფრო დიდი მოტივაცია გვაქვს და შემართება. ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა ამ თამაშში გამარჯვება იქნება. გულშემატკივარს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი, ჩვენთვის მე-12 მოთამაშენი არიან. გთხოვთ მობრძანდეთ სტადიონზე და გვიგულშემატკივროთ, რადგან თქვენი მხარდაჭერა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - ამბობს ნათია დანელია, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი


სხვათა შორის ფარერის კუნძულების ნაკრები საქართველოში 1 ივნისიდან იმყოფება და ვარჯიშობს. შესაბამისად, აკლიმატიზაციაც კარგად ექნებათ უკვე გავლილი. ალბათ, საქართველოს ნაკრებს ხვალ, მე-12 მოთამაშესთან ერთად ცხელი ამინდიც დაეხმარება, თუმცა, გულშემატკივრის ფაქტორი, მაინც უფრო გადამწყვეტი იქნება.

„ფარერებთან ძალიან მნიშნელოვანი მატჩი გვაქვს, წინა მატჩი ძალიან დაძაბული იყო. სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ახლა გვაქვს სახლის თამაში და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. გულშემატკივარს გთხოვთ, რომ მობრძანდეთ სტადიონზე", - ამბობს ლიზი მწყერაშვილი.


„ვფიქრობ, რომ ძალიან მოტივირებულები ვართ. წინ ორი თამაში გველოდება ფარერის კუნძულებთან და საბერძნეთთან. ორივე თამაშს შინ ვთამაშობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიგოთ. გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. ჩვენ, მაქსიმუმს დავდებთ მოედანზე", - ამბობს ანა პავლიაშვილი.


„გუნდში არის ძალიან კარგი განწყობა, ვემზადებით თამაშებისთვის. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ და გამარჯვებით დავასრულოთ ეს შესარჩევი ციკლი. გულშემატკივარს კი მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ", - ამბობს ლიზი კანია.


ქალთა ფეხბურთის მოყვარულებს გემახსოვრებათ, რომ ტრავმების გამო, მოახლოებულ თამაშებში ვერ დაეხმარებიან თეონა ბაქრაძე და სალომე გასვიანი.