
კსუ, ფუტსალში საქართველოს 2025-2026 წლების სეზონის ჩემპიონობის ზეიმისთვის ემზადებოდა და დიდი ალბათობით გუნდიც ამ განწყობით გამოვიდა ჩემპიონატის ფინალური სერიის ბოლო მატჩის სათამაშოდ, თუმცა, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა" მათი ზეიმი, სულ ცოტა გადაავადა. შეგახსენებთ, რომ კსუ-მ სერიის პირველი ორი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით 4-1 მოიგო და დღევანდელი მატჩის მოგების შემთხვევაში ის ტიტულის დაცვას და ამას გარდა, სეზონში დუბლის შესრულებას ახერხებდა, ვინაიდან მაისის დასაწყისში გუნდმა, საქართველოს თასიც მოიგო.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს, ფინალური სერიის მესამე შეხვედრა გაიმართა. ისევე, როგორც წინა ორ შეხვედრაშიც, ფუტსალში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, ამჯერადაც ანგარიში მე-6 და მე-7 წუთების (06'01'') მიჯნაზე გახსნა. გოლი, რომელიც ირაკლი თოდუამ გაიტანა, ამ შეხვედრაში ერთადერთი და გადამწყვეტი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" წინა ორ თამაშშიც ასე იწყებდა, თუმცა, კსუ, პირველივე ტაიმში ახერხებდა გათანაბრებას. დღეს, მიუხედავად „კავკასიელთა" საგრძნობი სათამაშო უპირატესობისა, კსუ-მ ამის გაკეთება ვერ მოახერხა. შეიძლება, ამის მიზეზი თორნიკე ბუკია იყო, რომელიც წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, მესამე დაპირისპირებაში გუნდში დაბრუნდა და მინიმუმ 14 „სეივი" შემოგვთავაზა.
თავის მხრივ ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა „ჯორჯიანსსაც", მაგალითად 16'37'' ნუკრი ჭუმბურიძეს შეეძლო გატანა, თუმცა, ალი ასლანის ბარიერი ვერ გადალახა. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, როდესაც ალიც შეტევით იყო გართული, შოთა თოფურიას დააკლდა ცოტა გოლამდე, ბურთმა ცარიელ კარს ჩაუარა. საფინალო სასტვენამდე 38 წამით ადრე კი, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" გადაურჩა გოლს, ნოდარ ქურცაძემ ვერ მოახერხა დარტყმა, მას ხელი ვახტანგ ჯვარაშვილმა შეუშალა.
საბოლოოდ, ეს შეხვედრა 0-1 დასრულდა „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის" გამარჯვებით, რომელმაც სერიაში სხვაობა შეამცირა 2-1. შესაბამისად დაინიშნა სერიის მეოთხე შეხვედრა, 7 ივნისს, 20:00 საათზე, რომელსაც კსუ თუ მოიგებს ხდება ჩემპიონი, თუ არა და ბოლო, გადამწყვეტი, მეხუთე მატჩიც დაინიშნება.
ფოტო: ფუტსალის ლიგა





ჩვენ








