პირველად ისტორიაში საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ითამაშებს
პირველად ისტორიაში საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ითამაშებს
01.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალშია. ბესარიონ არველაძის გაწვრთნილმა გუნდმა, 1/8 ფინალში ფავორიტად შერაცხული პოლონეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. სხვათა შორის პოლონეთის ნაკრები, აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად, ის გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ფაზა ქულების მაქსიმუმით დაასრულა. აქვე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ფაზაზე, ერთი შეხვედრა მოიგო ინგლისის ნაკრებთან, ფრედ ითამაშა ესპანეთთან, აი, რუმინეთთან კი, რომელიც მინი-ფეხბურთში, ევროპულ რეიტინგში პირველ ადგილზეა დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა მისთვის მეორე ჩემპიონატზეც მოახერხა ჯგუფიდან გასვლა და 1/8 ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. აი დღეს კი, ისტორიაში ახალი გვერდი გადაშალა, მას შემდეგ, რაც 1/4 ფინალში გავიდა.


აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჩვენს ნაკრებს, რუმინელებთან თამაშისას გაძევებული მეკარის გამო, დღევანდელ მატჩში, მხოლოდ კონსტანტინე სეფიაშვილის იმედად ვიყავით და ჩვენს მეკარეს, არც დაუღალატებია. უფრო მეტიც, თამაშის შემდეგ, ის მიმდინარე ჩემპიონატზე მეორედ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.


რაც შეეხება თამაშს, ბურთი პოლონელებმა გაგვიკონტროლეს. განსაკუთრებით ეს პირველი ტაიმის საწყისს და მატჩის მიწურულს მოახერხეს. იყვნენ ფიზიკურად უფრო კარგად, ორთაბრძოლებში ჩვენებს ჩაგრავდნენ კიდეც. ანგარიშიც, მათ გახსნეს  მე-5 წუთზე. გოლი ლუკაშ ბიელიმ გაგვიტანა, სტანდარტულიდან უძლიერესი დარტყმით. თუმცა, ზუსტად ერთ წუთში კუთხურის შემდეგ, მეკარის საჯარიმოში ბურთი ლაშა ფოფხაძემ მიიღო და პოლონელთა კარში გადაგზავნა.  ასე, რომ მე-6 წუთზე ანგარიში უკვე საყაიმო იყო, 1-1 და ორივე გუნდს, თავიდან ჰქონდა ყველაფერი დასაწყები. ჩვენი ნაკრების შეტევებიდან პირველ ტაიმში, მე-18 წუთზე გიორგი ხაბალაევის მომენტი დაგვამახსოვრდა, თუმცა, სამწუხაროდ მან, ცარიელ კარში ვერ მოახერხა გატანა. ტაიმის ბოლოს, კი, გოლიდან სეფიაშვილმა გვიხსნა.


კიდევ ერთხელ ჩვენი გუნდის კარის მცველმა, მეორე ტაიმის სტარტზე გვიხსნა. 28-ე წუთზე კამილ სტერნიჩკის აუღო ახლი მანძილიდან დარტყმული ბურთი. მატჩამდე, პოლონელთა რიგებიდან, ყველაზე დიდი აქცენტი ლუკაშ ბიელზე კეთდებოდა, თუმცა, პოლონელმა ძირითადად მოედანზე გორაობით და ამ ხერხით, მსაჯების ყურადღების მიპყრობით დაგვამახსოვრა თავი. ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, მატჩის ძირითად დრო ფრედ, 1-1 დასრულდა და საქმე პენალტებამდე მივიდა.


მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებაში პირველად შესრულდა პენალტების სერია. მინი-ფეხბურთში, მოგეხსენებათ სერია, სამი პენალტისგან შედგება. სერიის ფრედ დასრულების შემთხვევაში კი, გუნდები პირველ გაფუჭებულ პენალტამდე თამაშობენ.


პენალტების სერიაში პირველი საქართველოს ნაკრებიდან დათო ხუბუტუამ დაარტყა და პოლონელთა მეკარეს გაარტყა, რომელიც არც კი განძრეულა. თავის მხრივ, გააფუჭეს პოლონელებმაც, ბურთი ძელს მოხვდა. ჩვენი გუნდიდან შემდეგი გიორგი ხაბალაევი მივიდა და უძლიერესი დარტყმით, სერიაში ანგარიში გახსნა. გაიტანეს პოლონელებმაც და ანგარიში კვლავ გათანაბრდა. მესამე და ბოლო დარტყმა გიორგი ზუნტუროვმა შეასრულა და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ის 1/4 ფინალის საგზურის მომტანი აღმოჩნდა. პოლონელებმა სერიის ბოლო დარტყმა, კარს დიდი მანძილით ააცილეს. იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი.


საქართველოს ნაკრები კი, პირველად ისტორიაში ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში და  უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ, 1/8 ფინალში პორტუგალიის ნაკრები 3-1 დაამარცხა.


1/4 ფინალური შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება.


გათამაშების ბადე იხილეთ ბმულზე.  


ფოტო: © European Minifootball Federation