
სანაკრებო შესვენების პერიოდში, დროს არ კარგავს ბათუმის „დინამო", რომელსაც სატრანსფერო ბანი ივნისის ბოლოს მოეხსნება და შესაბამისად კლუბი ახალი ფეხბურთელების დამატებას შეძლებს. კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, „დინამომ" დღეს, ოფიციალურად შეათანხმა კონტრაქტი ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველ ივან ტურიცოვთან. შესაბამისად, სატრანსფერო ბანის დასრულების შემდეგ, ბულგარელი კარიერას ქართულ კლუბში გააგრძელებს. ეს საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარაში, ბათუმელთა პირველი ტრანსფერი იქნება.
კლუბის ინფორმაციით, ტურიცოვმა სამედიცინო შემოწმება სტამბოლში, კლინიკა Acibadem Fulya-ს ბაზაზე არსებულ FIFA Medical Centre of Excellence-ში გაიარა, რის შემდეგაც „დინამოსთან" ხელშეკრულება 2029 წლის ბოლომდე გააფორმა.
სამედიცინო შემოწმებისა და დინამოსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ივან ტურიცოვი ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას - 1 ივნისს მონტენეგროსა და 5 ივნისს მოლდოვის წინააღმდეგ. ტურიცოვი დინამო ბათუმს სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 16 ივნისს შეუერთდება. 22 ივნისს კი, მას შემდეგ რაც საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნება კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად დაარეგისტრირებს და მას ოფიციალურ მატჩებში თამაშის უფლება მიეცემა.
„კონტრაქტი ახლახან გავაფორმე და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მოტივირებული ვარ, ეს ახალი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო და მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ თამაშს", - ამბობს ივან ტურიცოვი.
ივან ტურიცოვი წლების მანძილზე ირიცხებოდა სოფიის ცსკა-ს შემადგენლობაში და იყო გუნდის კაპიტანიც. ბულგარულ კლუბში მან 222 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ცსკა-ს გარდა, ტურიცოვი მცირე ხნით ბულგარული „ლიტექსის" ღირსებასაც იცავდა. ფეხბურთელი ასევე წარმატებით ასპარეზობს სანაკრებო დონეზე. ის იყო ბულგარეთის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების და ეროვნული ნაკრების მოთამაშე, რომლის შემადგენლობაშიც 22 მატჩი, მათ შორის, ორი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ აქვს ჩატარებული, 2022 წლის ერთა ლიგის გათამაშების დროს.





ჩვენ








