ქუთაისმა საქართველოს თასის გათამაშებას უმასპინძლა ცურვაში
ქუთაისმა საქართველოს თასის გათამაშებას უმასპინძლა ცურვაში
28.05.2026
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ცნობით, 22-24 მაისს ქუთაისში ცურვაში, საქართველოს თასი გათამაშდა ორ ასაკობრივ კატეგორიაში. საერთო ჯამში შეჯიბრში 200-მდე მოცურავე მონაწილეობდა. ამას გარდა საქართველოს თასის გათამაშებაში 43 სპორტსმენი მეზობელი სომხეთიდანაც მონაწილეობდა.


უფროს ასაკობრივ კატეგორიაში, ანა ნიჟარაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბელგიის ღია პირველობაზე 100 მეტრ დისტანციაზე, ორჯერ გააუმჯობესა საქართველოს რეკორდი გულაღმა ცურვაში, ამჯერად,  50 მეტრ დისტანციაზე საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება მოახერხა და ახალი შედეგი 0:29.39 დააფიქსირა.  მანვე საქართველოს რეკორდი დაამყარა 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში -2:15.97.


ანდრეა ფოლადაშვილმა 100 მეტრზე თავისუფალი ყაიდით ცურვაში 0:50.87 წამში დაფარა და წინა რეკორდი 0.03 წამით გააუმჯობესა.


200 მეტრზე ბრასით ცურვაში  საქართველოს რეკორდი ორჯერ გააუმჯობესა ანა კალანდაძემ, რომელმაც საბოლოოდ 2:37.78 წუთი დააფიქსირა.


საქართველოს თასის გამარჯვებულები სამ დისტანციაზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, საქართველოს თასის 2026 წლის მფლობელები გახდნენ:


უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში - ანასტასია მიქელაშვილი და დაჩი მესხიშვილი


უფროს ასაკობრივ კატეგორიაში - ანა ნიჟარაძე და ნოე ფანცხავა