
დღეს ქალთა ლიგის მე-13 ტური გაიმართა. სატურნირო ცხრილის ლიდერებმა მორიგი 3-3 ქულა ჩაიწერეს. სამი ქულა მიიმატა ქალთა ლიგის დებიუტანტმა „თეთრიწყარომაც". მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურში არ უთამაშია ჩინონირემ მაკკლინსს, ის 18 გატანილი გოლით, კვლავ ბომბარდირთა სიის სათავეშია.
ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. „კვარტალმა", გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „ლანჩხუთს" უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქალთა შორის ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ამ შეხვედრაში ფლობდა უპირატესობას. მე-20 წუთზე ნინო პასიკაშვილის უძლიერესი დარტყმის შემდეგ, ბურთი ხარიხამ მოიგერია. მე-40 წუთზე უკვე ნათია დანელიას აუღო „კვარტალის" კარის მცველმა ლიკა ცუხურკაიძემ. ტაიმის ბოლოს, 43-ე წუთზე, „კვარტალმა" პირველად დაარტყა „ლანჩხუთის" კარის მიმართულებით. ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა. „ლანჩხუთმა" ანგარიში მე-60 წუთზე გახსნა. გოლი, ეთერ სულაშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, სტუმარი გუნდის ლეგიონერმა მარია მურილომ გაიტანა. 79-ე წუთზე, „კვარტალის" კარი, „ლანჩხუთის" მეორე ლეგიონერმა ჰანა რასელმა აიღო. საბოლოოდ, შეხვედრა 0-2 დასრულდა „ლანჩხუთის" სასარგებლოდ. გიორგი ჩხაიძის გუნდი 36 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს ინარჩუნებს.
დამაჯერებლად, 0-15 მოიგო თამაში „ნიკე-ლუსომ", რომელიც ამ ტურში გასვლაზე სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ელიტას" დაუპირისპირდა. გუნდების სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, „ელიტა" 5 ქულით მე-9 ადგილზე იყო, „ნიკე -ლუსო" კი, 33 ქულით პირველზე, მარტივი მისახვედრი იყო, თუ როგორ წარიმართებოდა თამაში. სტუმრებმა პირველი ტაიმი 0-7, მეორე კი, 0-8 მოიგეს. „ნიკე-ლუსოდან" დღეს გოლები გაიტანეს კესო მეტონიძემ (14', 52', 87'), თაიზამ (20', 35'), ელენე ბოლქვაძემ (25'), იამურ იალვაჩმა ( 28', 61'), თეკლე ბერიძემ (39', 59', 89'), სოლანჟე კარვალიაშმა (44'), ანასტასია ბუჩუკურმა (56') და ანა პავლიაშვილმა (78', 82'). 13 ტურის შემდეგ, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს 36 ქულა აქვს და მიმდინარე გათამაშებასაც ლიდერობს.
გვიმბალაურში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრმა ამ ტურში, შავი ზღვისპირულ დერბის უმასპინძლა. „ბათუმი", რომელიც მიმდინარე სეზონში ცხრილის მესამე საფეხურზეა, სოხუმის „დინამოს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 11-0 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ტურია, სოხუმელებს ტრავმირებული ფეხბურთელებიდან გამომდინარე საკადრო პრობლემები აქვთ, მათ ამ „გასაჭირს" წინა ორ ტურში გაძევებული თითო მოთამაშეც დაემატა. ასე, რომ სტუმრებს, სათადარიგო სკამის გარეშე მოუწიათ თამაში. ანგარიში კი, სალომი დიმოპულოს მიერ პირველივე წუთზე გატანილი გოლით გაიხსნა. ეს ტაიმი მასპინძლებმა 8-0 მოიგეს. თამაშში, ბათუმელთაგან გოლები გაიტანეს თათია შაინიძემ (18', 40', 51'), სოფია კვაჭანტირაძემ (24', 29', 38'), ეკატერინა მალიშევამ (31'), ნათია წოწერიამ (44'), ნატა მიქელაძემ (75') და მარიამ კაპანაძე (86'). 13 ტურის შემდეგ, „ბათუმი" 27 ქულით მესამე საფეხურზეა.
ერთმა, მე-80 წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი თბილისში, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, სადაც „ვერემ", ჩემპიონატის დებიუტანტ „თეთრიწყაროს" უმასპინძლა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩი ასევე მშრალ ფერს უახლოვდებოდა. თუმცა, დიანა ბაქრაძემ თეთრიწყაროელებისთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და შესაბამისად, გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა. ახლა, „თეთრიწყაროს" 17 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.
ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე „რაჭა 2020"-მა, ქუთაისის „მართვეს" უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა. ქუთაისელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ანგარიში 29-ე წუთზე, ბარბარე მანაგაძის გოლით გაიხსნა. კიდევ ერთი გილი სტუმრებმა 64-ე წუთზე გაიტანეს, ის ანა ჯანელიძის ანგარიშზეა. „მართვეს" ერთი თამაში „თადარიგში" (თუმცა, ისევე როგორც „კვარტალს") აქვს და 18 ქულით მე-5 ადგილზეა.
ქალთა ლიგის მორიგი მე-14 ტური 26 მაისს არის ჩანიშნული.
ფოტო: ქსკ "ნიკე-ლუსო"





ჩვენ








