უკვე ოფიციალურად ლევან კორღალიძე „დილას“ მთავარი მწვრთნელია
უკვე ოფიციალურად ლევან კორღალიძე „დილას“ მთავარი მწვრთნელია
14.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გორის „დილას" უკვე ოფიციალურად, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ახალგაზრდა ქართველი და საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტი ლევან კორღალიძე, გუნდს პირველად, ქუთაისში, „ტორპედოს" წინააღმდეგ მატჩში უხელმძღვანელებს. ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ეს შეხვედრა ხვალ, 15 მაისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.


„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ისეთი წარმატებული გუნდის მთავარი მწვრთნელი როგორიც გორის ,,დილაა".მინდა მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას ნდობისთვის, ჩვენი ამბიციები ერთმანეთს დაემთხვა და აქ ძალიან დიდი მოტივაციით მოვედი.


გორის "დილას" თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი და ძალიან მომწონდა ის შემტევი სტილი რაც ამ გუნდს ჰქონდა. რა თქმა უნდა, ხარვეზები ყველა გუნდს აქვს, რაც არ უნდა კარგი გუნდი იყოს,  ასეა  ,,დილაშიც". ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ხარვეზები რაც შეიძლება მალე აღმოვფხვრათ", ამბობს ლევან კორღალიძე.


შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში, „დილას" ცუდი სტარტი ჰქონდა, თუმცა, პირველი წრის შემდეგ, გორელებმა მოახერხეს სამეულში მოხვედრა. მიუხედავად ამისა, როგროც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ, ევროტურნირების წინ თავის დაზღვევა გადაწყვიტა და გუნდში ქართულ გარემოსთან უფრო ასოცირებული მთავარი მწვრთნელი მოიყვანა. 46 წლის ქართველმა სპეციალისტმა ამ პოსტზე იტალიელი დიეგო ლონგო შეცვალა.


„რაც შეეხება ევროტურნირებს, მე არასდროს მრცხვენია იმის აღიარება, რომ ჩემი გამოცდილება არ იყო პოზიტიური, მაგრამ წარმატება  წარუმატებლობის გარეშე არ მოდის. მე ვფიქრობ რომ არამარტო ჩვენ, არამედ შარშანდელი ევროტურნირების მონაწილე ყველა გუნდი გავაკეთებთ სწორ დასკვნებს, რომ წელს მეტად წარმატებული იყვნენ ქართული კლუბები და კონკრეტულად ამ შემთხვევაში გორის "დილა". რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს მეტოქე ვინ იქნება, თუმცა ვეცდებით რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ,"- ამბობს კორღალიძე.


აპირებს თუ არა კორღალიძე გუნდში ცვლილებების გაკეთებას, ამასთან დაკავშირებით ქართველი სპეციალისტი ამბობს, რომ სიახლეები იქნება, თუმცა:


„ზოგადად არ ვარ მომხრე, რომ გუნდში რაიმე რადიკალურად შევცვალოთ, ,,დილა" ისედაც არის ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული გუნდი. მე ვეცდები, რომ ამ წარმატებას პატარ-პატარა დეტალები  შევმატო, რაც უფრო მეტად წარმატებულს გახდის ამ კლუბს. ეს გათავისებული მაქვს. ახლა ჩვენი ყველა დიდი ,,მტერი" არის დრო ერთ ან ორ კვირაში რაიმეს შეცვლა რთული იქნება, ეტაპობრივად დაინახავთ გაუმჯობესებას", - ამბობს კორღალიძე.


შეგახსენებთ, რომ კორღალიძეს, თბილისის „იბერია 1999"-იში 30-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, ამ მომენტში კი, „კორღალას" ახალი კლუბი, „იბერია 1999"-ს რომელიც გათამაშების ლიდერია, 5 ქულით ჩამორჩება.