გოლი, საგოლე, თასი, ჩემპიონობა - ქართული ლეგიონის 13 მაისი 45 წლის შემდეგ...
გოლი, საგოლე, თასი, ჩემპიონობა - ქართული ლეგიონის 13 მაისი 45 წლის შემდეგ...
14.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ დღეს, 13 მაისს, 1981 წლიდან 45 წლის შემდეგ, იმ თაობის შთამომავლები წარმატებას აღწევენ. ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად იფორმებს საფრანგეთის ჩემპიონობას, ანრი მექვაბიშვილი იგებს რუმინეთის თასს, ჟორჟი მიქაუტაძე კი, გოლითა და საგოლე გადაცემით უერთდება საერთო სახალხო ქართულ საფეხბურთო ზეიმს.


ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ს გამარჯვებულია. ქართველის გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონობა ოფიციალურად დღეს, „ლანსთან" გადადებული 29-ე ტურის შეხვედრაში გაიფორმა. ანგარიში 29-ე წუთზე დემბელეს გადაცემის შემდეგ ხვიჩამ გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით მეორე ტამიში „ლანსს" უფრო მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა, მატვეი საფონოვი იღებდა ყველაფერს, რაც ამ დღეს „სტად ბოლერ-დელელიზე" მისი კარის სიახლოვეს დაფრინავდა. მასპინძლები განსაკუთრებით, ბოლო წუთებში აქტიურობდნენ, თუმცა ამ ყველაფერს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მბაიეს გატანილმა გოლმა დაუსვა წერტილი. პსჟ-მ 0-2 მოიგო და ერთი ტურით ადრე ლიგა 1-ის დასრულებამდე, როგორც უკვე გითხარით ჩემპიონობა გაიფორმა, თუმცა, ზეიმი პარიზში 17 მაისს გაიმართება. რაც შეეხება ხვიჩას, ლუის ენრიკემ ქართველი მინდვრიდან 72-ე წუთზე გაიყვანა. ოდნავ მოგვიანებით დემბელე და ნევეშიც. ფაქტია, რომ ესპანელს ეს ბიჭები მაისის ბოლოს სასიცოცხლოდ სჭირდება.


ანრი მექვაბიშვილი კრაიოვას „უნივერსიტატიასთან" ერთად, რუმინეთის თასის გამარჯვებულია. ფინალურ დაპირისპირებაში გოლი ქართველმაც გაიტანა, თუმცა, მანამდე იყო საკმაოდ გრძელი და დაძაბული თამაში „უნივერსიტატია კლუჟთან", სადაც შეხვედრის ძირითადი დროც და დამატებითი ორი ტაიმიც ფრედ, 0-0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში კლუჟელებმა მოახერხეს გოლის გატანა, თუმცა, VAR-მა თამაშგარე დააფიქსირა. „მექვაბას" სასტარტო შემადგენლობიდან არ დაუწყია თამაში და მოედანზე 57-ე წუთი გამოჩნდა. პენალტების სერიაში ქართველი ბურთთან მე-5 მივიდა და გაიტანა. ამის შემდეგ, საქმე პირველ გაფუჭებულ პენალტამდე მივიდა, აქ კი, ზუსტები ქართველის გუნდელები იყვნენ.


საგოლე გადაცემა მე-13 წუთზე, რომელიც მორენოს გოლით დაგვირგვინდა და 7 წუთში, მე-20 წუთზე გოლი, ასე იწყებდა ესპანური ლა ლიგის 36-ე ტურის შეხვედრას გიორგი მიქაუტაძე. თუმცა, „ვილიარეალისა" „სევილიას" დღევანდელი დაპირისპირება ისე არ დასრულდა როგორც დაიწყო. სევილიელებმა ტამის დასასრულს გაათანაბრეს და შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. ჟორჟი, რომელიც საკმაოდ კარგ თამაშს ატარებდა 70-ე წუთზე შეცვალეს. 72-ე წუთზე კი, „სევილიამ" გაიტანა და დაწინაურდა. სამწუხაროდ, „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ქულა ვერ გადაარჩინა და 2-3 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ჟორჟის გუნდს 69 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით „ბარსელონასა" და „რეალის" შემდეგ, მესამე საფეხურს ინარჩუნებს სატურნირო ცხრილში.


აზერბაიჯანის თასის ფინალში დღეს დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილი „ზირა", მეზობელი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის ლიდერს ბაქოს „საბაჰს" შეხვდა. ქართველებიდან ძირითადი შემადგენლობიდან თამაში ვოლკოვმა დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა.  პაპუნაშვილი, სათამაშოდ არ შემოსულა. ანგარიში სწრაფი გოლით, მე-4 წუთზე ერენ აიდინმა გახსნა და „ზირა" დააწინაურა. ქართველების გოლი მიზანსაც უახლოვდებოდა, რომ არა, 70-ე წუთზე ორფე მბინას მიერ გაქვითული გოლი. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველივე წუთზე კი, საბაჰელებმა მიკელსის გოლით, აზერბაიჯანის თასის მოგება მოახერხეს. „საბაჰმა" 2-1 გაიმარჯვა.


ბულგარეთის პირველი ლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფში, სადაც რეალურად უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია ლაშა დვალის „ცსკა 1948" გასვლით შეხვედრაში, სოფიას მეორე ცსკა-ს დაუპირისპირდა და ქულები გაიყო. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.  დვალმა სასტარტოდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. ანგარიშიც ამ შეხვედრაში მისმა გუნდმა, 33-ე წუთზე 11-მეტრაინი გახსნა, თუმცა მასპინძლებმა 66-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, დვალის გუნდი, მედლებისთვის მებრძოლ ოთხეულში 63 ქულით მე-4 ადგილზეა.