
დღეს ქართული ლეგიონისთვის მორიგი სათამაშო დღე იყო. თუმცა, დავიწყოთ უკრაინის ჩემპიონატით, სადაც ჩემპიონობა ირაკლი აზაროვმა იზეიმა „შახტართან" ერთად. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის გუნდმა საჩემპიონო ტიტული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე მოიპოვა. 27-ე ტურის გასვლით მატჩში „შახტარმა" დიდი ანგარიშით, 0-4 დაამარცხა „პოლტავა". ირაკლის სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. ამ ტურში გამარჯვებით ქართველის გუნდმა 66 ქულა დააგროვა და 11 ქულით გადაასწრო მეორე ადგილზე მყოფ „ჟიტომირს", რითაც ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, შეუძლებელი გახადა, მათთან კონკურენცია.
დღევანდელი დღე კი, აშშ-ში MLS-ის შეხვედრით დაიწყო „ატლანტა იუნაიტედსა" და „ლოს ანჯელეს გალაქსს" შორის, სადაც მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაშა საბა ლობჟანიძემ. ანგარიში ქართველის გუნდმა 42-ე წუთზე გახსნა, თუმცა, VAR-მა გოლი გააუქმა. მსაჯმა კი, საბას გუნდელებისთვის შეხვედრის ამ მონაკვეთში ყვითლები არ დაიშურა. 69-ე წუთზე მასპინძლებმა კვლავ გაიტანეს და გოლი ჩაითვალა. თუმცა, ამ მომენტიდან მალევე, 71-ე წუთზე „ლობჟანა", რომელსაც კარგი თამაში ჰქონდა შეცვალეს. დარჩენილ დროში კი, „ლოს ანჯელეს გალაქსმა" ორი გოლი გაიტანა და თამაშიც მოიგო, 1-2.
ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა" გასვლით შეხვედრაში ფრედ, 1-1 ითამაშა „მალიორკასთან". ანგარიში 31-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიხსნა. მასპინძელთა კარში პენალტი ხელით თამაშისთვის დაინიშნა, რომელიც ზუსტად გამოიყენა პერესმა. თუმცა, ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში, მასპინძლებმა გათანაბრება მოახერხეს. ქართველი, სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა. მოედანზე, მხოლოდ 70 წუთზე გამოჩნდა და პერესი შეცვალა. თუმცა, დღეს ქართველს გოლამდე ცოტა დააკლდა. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, „ვილიარეალს" 69 ქულა აქვს, არის მესამე ადგილზე და 6 წულით უსწრებს მეოთხე ადგილზე მყოფ მადრიდის „ატლეტიკოს". გამომდინარე იქიდან, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებაში თამაშის უფლება 5 ესპანურ კლუბს აქვს, ჟორჟის ევროპის პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე აუცილებლად ვიხილავთ.
აქ, ბარემ, ესპანური თემა ამოვწუროთ და ლა ლიგა 2-ის თამაშსაც შევეხოთ, სადაც „ლეგანესმა" გიორგი გულიაშვილის „რასინგს" უმასპინძლა და 1-2 დაამარცხა. ანგარიში 26-ე წუთზე ქართველის გადაცემით გუეიემ გახსნა. ქართველი, 67-ე წუთზე შეცვალეს, 88-ე წუთზე სანტანდერელებმა პენალტიც მეორე გოლი გაიტანეს და თითქოს, შეხვედრაც ასე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, შეხვედრისთვის კომპენსირებულ დროში, მე-9 წუთზე მასპინძლებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, „რასინგს" 75 ქულა აქვს, 4 ქულით უსწრებს მეორე და მესამე ადგილზე მყოფ გუნდებს და ახლოს არის ლა ლიგაში გადასასვლელად.
ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფში, 31-ე ტურში ავსტრიის სამგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, 25-ე წუთზე. ამჯერად, გასვლით შეხვედრაში, რომელშიც გრაცის „შტურმმა" „ჰარტბერგი" 2-4 დაამარცხა. „კიტემ" მინდორზე 85 წუთი გაატარა და ის, გიზი მამაგეიშვილმა შეცვალა. ამ ტურის შემდეგ, ქართველების გუნდი 34 ქულით მეორე ადგილზეა და „ლასკს" ბოლო ტურის წინ, ორი ქულით ჩამორჩება.
გერმანიის ბუნდესლიგაში ჩაატარეს თამაშები ქართველებმა. თავდაპირველად გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა", „ფრაიბურგს" უმასპინძლა და 3-2 დაამარცხა. ქართველი გუნდის განაცხადში არ ყოფილა. აი, „კიოლნი" - „ჰაიდენჰაიმის" შეხვედრაში კი, ბუდუ ზივზივაძემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 83 წუთი ითამაშა. მართალია, დღეს ქართველმა გოლი არ გაიტანა, თუმცა მისმა გუნდმა 1-3 მოიგო და 33 ტურის შემდეგ, 26 ქულით მე-17 ადგილზე აინაცვლა. სხვათა შორის ცხრილის ამ ნაწილში ბოლო სამ ადგილზე მყოფ გუნდებს თანაბარი, 26-26 ქულა აქვს. შესაბამისად ბოლო ტური, რომელიც 16 მაისს არის ჩანიშნული, სამი გუნდიდან „ვოლფსბურგი", „ზტ. პაული" და „ჰაიდენჰაიმი", ორი პირდაპირი წესით დაქვეითდება ბუნდესლიგა 2-ში, ერთს კი, თავის გადასარჩენად, ფლეი-ოფის სახით, თავის გადასარჩენად დამატებითი შანსი მიეცემა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში „ვოლფსბურგი" და „ზტ. პაული" ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას. აი, ბუდუს „ჰაიდენჰაიმი" კი, „მაინცს" დაუპირისპირდება. ყველა შეხვედრა ერთ დროს, 17:30 დაიწყება.
საბერძნეთის სუპერ ლიგა კონფერენციის ლიგის ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში „არისიმა", 3-1 დაამარცხა ლევან შენგელიას კრეტას „ოფი". ქართველმა სრული შეხვედრა ჩაატარა, მისი გუნდი კი, ამ ეტაპზე ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
ნიდერლანდების ერედივიზიონში 33-ე ტურში ირაკლი იეღოიანის „ექსელსიორმა" ფრედ, 1-1 ითამაშა საშინაო შეხვედრა „ვოლენდამან". აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ამასთან ორივე სტუმრებმა გაიტანეს, ჯერ მასპინძელთა კარში, მე-2 წუთზე, შემდეგ კი, საკუთარში. ამ ტურის შემდეგ, ირაკლის გუნდს 35 ქულა აქვს და ტურით ადრე ძალიან ახლოს არის სახიფათო ზონასთან. „გადასარჩენად" ირაკლის გუნდს, ბოლო ტურში ქულაც ჰყოფნის.
სლოვაკეთის ნაიკის ლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფში, სადაც ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა ცნობილია (გურამ კაშიას „სლოვანი"), ბრძოლა მე-2 და მე-3 ადგილებისთვის მიდის და რაც უფრო საინტერესოა, ამ ადგილებისთვის მებრძოლ გუნდებშიც ქართველები თამაშობენ. დღეს, ლუკა ხორხელის „ტრნავამ" მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-7 წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა, სანდრო ნარიმანიძის „ჟილინა". ორივე ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, ლუკა, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო, 67-ე წუთზე შეცვალეს. „ტრავამ" ამ გამარჯობის წყალობით, მე-2 ადგილზე აინაცვლა და ერთი ქულით გადაასწრო „დუნაისკა სტრედას".
საფრანგეთის ლიგა 1-ში ქართველების „მეცი" საშინაო შეხვედრაში 0-4 განადგურდა „ლორიანთან". ქართველთაგან სასტარტო შემადგენლობიდან გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი ქვილითაიამ დაიწყეს. „წიტამ", 23-ე წუთზე მიღებული ყვითელი ბარათის მიუხედავად სრული შეხვედრა ჩაატარა. მე-40 წუთზე კი, გიორგი აბუაშვილი შემოვიდა, რომელმაც ტრავმირებული ნათან მბალა შეცვალა. ქართველების გუნდი, მომავალ სეზონში ლიგა 2-ში ითამაშებს.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს კი, მორიგ ჯერზე, ჩემპიონობის გასაფორმებლად ქულა სჭირდება. ლუის ენრიკეს ბიჭები, ამის გაკეთებას უშუალო კონკურენტთან „ლანსთან" 13 მაისს შეეცდებიან, როდესაც 29-ე ტურის გადადებულ შეხვედრას ითამაშებენ. მანამდე კი, პსჟ-მ 82-ე წუთზე დუეს გოლის წყალობით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა „ბრესტი". რაც შეეხება ქართველს, ის, ენრიკემ პირველ ტაიმში დაასვენა და მოედანზე, მხოლოდ 61-ე წუთზე შეუშვა. თუმცა, ამ დროშიც „კვარამ" გაილაღა და მოახერხა პატარა „შოუების" დადგმა.
ქართული დღე კი, პორტუგალიის ლიგაში დასრულდა, სადაც „ალვერკა" „ეშტორილს" დაუზავდა, 1-1. ნოდარ ლომინაძე, „ეშტორილის" შემადგენლობაში იყო, თუმცა, სათამაშოდ არ შესულა.
ხვალ, 11 მაისი 23:15 საათზე პორტუგალიის ლიგაში კიდევ ერთი ქართველის გუნდი ითამაშებს გასვლაზე, „რიუ ავეს" წინააღმდეგ, ვიმედოვნებთ, რომ „სპორტინგის" შემადგენლობაში გიორგი ქოჩორაშვილს ვიხილავთ.





ჩვენ








