„მამარდა“ დაბრუნდა, ზურიკომ პასი და საგოლე ჩაიწერა, ქართველმა მცველებმა მაღალი შეფასებები მიიღეს
„მამარდა“ დაბრუნდა, ზურიკომ პასი და საგოლე ჩაიწერა, ქართველმა მცველებმა მაღალი შეფასებები მიიღეს
10.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

9 მაისი ქართული ლეგიონისთვის „მამარდას" დაბრუნებით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ტრავმით გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ, „ჩელსის" წინააღმდეგ ითამაშა. ინგლისის პრემიერ ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში, „ლივერპულმა" ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართველმა მეკარემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. ანგარიში მე-6 წუთზე რაიან გრავენბერხმა გახსნა და მასპინძელი გუნდი დააწინაურა. თუმცა, „ჩელსიმ" 35-ე წუთზე ენცო ფერნანდესის გოლით ანგარიში გაათანაბრა. ქართველ მეკარეს, აღნიშნულ გოში ბრალი ნაღდად არ მიუძღვოდა. აი, მეორე ტაიმის სტარტზე, „მამარდას" კარში გასული გოლი, VAR-მა არ ჩათვალა თამაშგარის გამო. ზოგადად, იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ქართველმა კარის მცველმა, საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა. მისი „ლივერპული" კი, ამ ტურის შემდეგ, 59 ქულით, მე-4 ადგილზეა. თუმცა, დარჩენილ ორ ტურში, ხუთეულში ადგილის შესანარჩუნებლად, მაქსიმალური მობილიზება მართებს.


სლოვაკეთის ნაიკის ლიგა რამდენიმე ტურში დასრულდება. გურამ კაშიას „სლოვანმა" ქვეყნის ჩემპიონობა წინა ტურის დასრულების შემდეგ იზეიმა. დღეს კი, გასვლით შეხვედრაში „პოდბრეზოვა" 1-2 დაამარცხა. „კაშომ" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, ამასთან გუნდის კაპიტნის სამკლავურიც მოირგო და სრული შეხვედრაც ჩაატარა. გამოცდილმა ქართველმა მცველმა მაღალი შეფასებაც დაიმსახურა თუმცა, მისი გუნდის თამაში არც თუ სასიამოვნოდ იწყებოდა. ანგარიში ამ შეხვედრაში მეორე ტაიმში გაიხსნა. მასპინძლებმა, რომელთა რიგებშიც ლუკა სილაგაძე თამაშობდა 52-ე წუთზე გაიტანეს. 68-ე წუთზე ბარშეგიანმა გაათანაბრდა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-6 წუთზე კი, იანკოვიჩმა ზუსტი 11-მეტრიანით „სლოვანს" მორიგი სამი ქულა შემატა.


ამავე ლიგაში, ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო „დუნაისკა სტრედამ". გიორგი გაგუას გუნდი, ამჯერად გასვლაზე „მიხაილოვცეს" დაუპირისპირდა და 2-1 დამარცხდა. მასპინძელი გუნდის შემადგენლობაში და ორივე გუნდში, ამ მატჩის შემდეგ, ყველაზე მაღალი შეფასება ქართველმა მცველმა თორნიკე ძოწენიძემ მიიღო.  


საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტური ამაღლებულ ნოტაზე დაასრულა „სენტ ეტიენიმა" და ზურიკო დავითაშვილმა. ქართველის გუნდი, საშინაო შეხვედრაში „ამიენს" დაუპირისპირდა და 5-0 დაამარცხა. ქართველმა სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე შემოვიდა. ქართველს 13 წუთი დასჭირდა რომ გოლი გაეტანა. 85-ე წუთზე კი, საგოლე გადაცემაც გაიფორმა. „სენტ ეტიენმა" ამ გამარჯვებით 60 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. აქ, ერთი საინტერესო დეტალი მოხდა. „ბასტიასა" და „ლე მანს" შორის გულშემატკივრის გამო მატჩი შეწყდა. თუმცა, გათამაშების ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა, მატჩის შეწყვეტის მომენტში არსებული ანგარიში, სადაც „ლემანი" 0-2-ს იგებდა.  შესაბამისად,  დავითაშვილის „სენტ ეტიენი" ცხრილის მესამე საფეხურზე აღმოჩნდა და ლიგა 1-ში დასაწინაურებლად ფლეი-ოფის ფინალში ითამაშებს.


ქართველებიდან ყველაზე ბოლოს მოედანზე ლუკა ლოჩოშვილი გამოვიდა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „ნიურნბერგმა" 3-0 დაამარცხა „შალკე". თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ „ლოჩომ" უმაღლესთან მიახლოებული შეფასება მიიღო. ზოგადად ლუკა, „ნიურნბერგში" დასასრულს მიახლოებულ ჩემპიონატში საკმაოდ სტაბილურად კარგ თამაშს უჩვენებს. სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, „ნიურნბერგს" 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.


ქართული ლეგიონის ნაწილის უახლოესი დღეების თამაშები:


10 მაისი

03:30 აშშ MLS / „ატლანტა იუნაიტედი" - „ლოს ანჯელეს გალაქსი"

16:00  ესპანეთის ლა ლიგა / „მალიორკა" - „ვილიარეალი"

16:30  უკრაინის პრემიერ ლიგა / „პოლტავა" - „შახტარი"

17:30  გერმანიის ბუნდესლიგა / „ჰამბურგი" - „ფრაიბურგი"

18:00  საბერძნეთის სუპერ ლიგა კონფერენციის ლიგის ჯგუფი / „არისი" - „ოფი" კრეტა

18:15  ესპანეთის ლა ლიგა 2 / „ლეგანესი" - „რასინგი"

18:15 ნიდერლანდების ერედივიზიონი / „ექსელსიორი" - „ვოლენდამი"

19:30 გერმანიის ბუნდესლიგა / „კიოლნი" - „ჰაიდენჰაიმი"

21:00 სლოვაკეთის ნაიკის ლიგა / „ტრნავა" - „ჟილინა"

23:00 საფრანგეთის ლიგა 1 / „მეცი" - „ლორიანი"

23:00 საფრანგეთის ლიგა 1 / პსჟ - „ბრესტი"

23:30 პორტუგალიის ლიგა / „ალვერკა" - „ეშტორილი"


11 მაისი

23:15 პორტუგალიის ლიგა / „რიუ ავე" - „სპორტინგი"