ტატა მატვეევას 16-წლამდება ლიეტუვა დაამარცხეს
ტატა მატვეევას 16-წლამდება ლიეტუვა დაამარცხეს
08.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

აზერბაიჯანში მყოფმა საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე პირველი შეხვედრა მოიგო. ტატა მატვეევას გუნდმა, 81-ე წუთზე, ნატალია გუგულაშვილის გატანილი გოლის წყალობით, მინიმალური ანგარიშით, 1-0 ლიეტუვას ნაკრები დაამარცხა და ოთხგუნდიან ტურნირზე ამ ეტაპზე მეორე ადგილზეა.


„ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანში გვაქვს შანსი კარგად ვიასპარეზოთ და არ დავუთმოთ გამარჯვება მოწინააღმდეგე ნაკრებებს. გვყავს ძალიან კარგი და ნიჭიერი გოგონები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ამისათვის და მაქსიმუმს ჩადებენ. შეკრებამ კარგად ჩაიარა, ასე რომ მაქსიმალურად ვეცადეთ დავამუშავეთ ის ძირითადი კომპონენტები, რაც მომავალ თამაშებში წაგვადგება. გოგონები კარგ განწყობაზე არიან და იგრძნობა მათში თამაშის დიდი სურვილი რაც ძალიან კარგია. დანარჩენს უკვე მოედანზე ვიხილავთ", - გვითხრა ტატამ თბილისიდან გამგზავრებამდე.


ტურნირის სასტარტო თამაში ჩვენმა გუნდმა რუმინეთის ნაკრებთან 0-2 დათმო. თუმცა, აქ ის გარემოებაც ალბათ გასათვალისწინებელია, გოგონებს მგზავრობის შემდეგ, გონზე მოსასვლელადაც ცოტა დრო ჰქონდათ. თუმცა, ასეთი ტურნირები ასეთ დეტალებთან შეგუებასაც ემსახურება.


„პირველ თამაშში, ვფიქრობ ბრძოლა დაგვაკლდა, რითაც ისარგებლა რუმინეთმა. არ იყო წასაგები თამაში. თუმცა, სამწუხაროდ ასე მოხდა. დღეს კი, რაც რუმინეთს დავაკელით ყველაფერი ამოვიღეთ. ამ თამაშზე ბავშვებმა ყველაფერი ჩადეს და დაგვანახეს ის, ბრძოლა და ერთიანობა, რამაც შედეგი გამოიღო. შემდეგი თამაში აზერბაიჯანთან გვაქვს და მალევე უნდა გადავერთოთ, იმ თამაშზე და მაქსიმუმი გავაკეთოთ მოსაგებად", - თქვა ტატა მატვეევამ ჩვენთან დღეს, მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარში.


ტურნირის ბოლო შეხვედრას, ჩვენი გუნდი 11 მაისს, კვლავ 12:00 საათზე ტურნირის მასპინძელი, აზერბაიჯანის ნაკრების წინააღდეგ გამართავს. წარმატების შემთხვევაში ტატა მატვეევას გუნდს ტურნირის მოგების თეორიული შანსი აქვს. თუმცა, მხოლოდ აზერბაიჯანთან გამარჯვება ამისთვის საკმარისი არ იქნება. დიდ წილი, რუმინეთის დარჩენილ, ორ (დღეს აზერბაიჯანთან და 11 მაისს ლიეტუვასთან) თამაშზეა დამოკიდებული.


უეფა-ს განვითარების თასზე, ტატა მატვეევას გუნდი შემდეგი შემადგენლობით არის წასული:ელენე ბონდარევა („კვარტალი", თბილისი), თინიკო ჯაიანი („ბათუმი"); მცველები: ანასტასია მარგიანი („ვინგსი"), სესილი მასხარაშვილი („რუსთავი"), ბარბარე მანაგაძე („მართვე", ქუთაისი), სესილი სვანიძე („კოლხეთი", ხობი), ნინი ვეკუა („ნორჩები", თბილისი), ელენე თვალჭრელიძე („მართვე", ქუთაისი), ანი დავითულიანი („ვერე", თბილისი); ნახევარმცველები: თამარ მარუაშვილი („მართვე", ქუთაისი), ნინო სხირტლაძე („რუსთავი"), ნინო აბულაძე („ბათუმი"), მარიამ გასანოვა („კვარტალი", თბილისი), ანა დოლიშვილი („კვარტალი", თბილისი), მარიამ დარჩიაშვილი („კვარტალი", თბილისი), ნატალია გუგულაშვილი-აფციაური („ფუენლაბრადა ატლანტისი", ესპანეთი); თავდამსხმელები: სოფია წიქარიძე („დინამო", სოხუმი), სესილი გაბრელიანი („ვერე", თბილისი).