
„დინამო არენა" 2026 წლის დეკემბერში დაიხურება და ორი წლის მანძილზე უფუნქციო იქნება სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიზეზით. შესაბამისად, ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბს, ეროვნული ჩემპიონატებისა და ღმერთმა ქნას, ევროტურნირების თამაშების, თუმცა, ისევე, როგორც ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის მომდევნო შესარჩევი ციკლის ჩატარება „დინამო არენაზე" აღარ მოუწევს. ეროვნული ნაკრები დიდი ალბათობით, ან მესხზე ან ბათუმში გადაბარგდება, სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე. 1976 წლის შემდეგ, სამჯერ რეკონსტრუირებული და კვლავ სარეკონსტრუქციო სამუშაოების მოლოდინში მყოფი ეროვნულის სტატუსის მქონე სტადიონი, ფიფა-ს 20-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის გაიხსნება, რომელსაც 2029 წელს საქართველო და სომხეთი ერთობლივად უმასპინძლებს.
აი, სად ითამაშებს ამ პერიოდში „დინამო თბილისი", რომელსაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის წინ მოუხდა თითქმის, ორი წელი მომთაბარედ ცხოვრება, ცალკე პრობლემა იქნება. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ინფორმაციით რეკონსტრუქცია იგეგმება „დინამო თბილისის" დიღმის ბაზაზე - ხელოვნური მოედნის ნაცვლად დღევანდელის შეტრიალებული და შემცირებული ზომის პატარა სტადიონი კეთდება, პადელის ორ სივრცესთან ერთად. „დინამოს აკადემიაში" კი, სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება, ესეც 2026 წლიდან. ეს უკანასკნელი სულაც არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რადგან 2015 წელს დაგებული და მრავალ ადგილას გადაკერებული ხელოვნური საფარი, უკვე რამდენიმე წელია შესაცვლელია. ასე, რომ ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფონზე, სათამაშო მოედანი საძებარი გაუხდება ერთბაშად მთავარ, მეორე და ასაკობრივ ლიგებში მოასპარეზე გუნდებს. თუმცა, გაკეთდეს და მრავლის მნახველი გუნდი ამასაც გადაიტანს.
სოციალურ მედიაში, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დაანონსებული ახალი სტადიონის მშენებლობის ნაცვლად, ქვეყნის მთავარი სპორტული არენა 70000 მაყურებელზე გადაკეთდება (მეორე რეკონსტრუქციამდე, მისი ტევადობა 80000 იყო). ბუნებრივია, იმ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, „დინამო თბილისი", რომლის მართვაშიც წილობრივად არის ქვეყნის ცენტრალური სტადიონი დამოუკიდებლად ვერ გააკეთებს. მოგეხსენებათ სტადიონის წილს თბილისის მერია ფლობს. შესაბამისად, სპორტული ნაგებობის რეკონსტრუქციაც სავარაუდოდ, სახელმწიფო დაფინანსებით გაკეთდება. იქ, კი ჯერ დეტალები ზუსტდება, სავარაუდოდ კეთდება გათვლები, მათ შორის ფინანსურიც და ამის შემდეგ, მომავალ სამუშაოებზე ოფიციალურადაც გამოაცხადებენ.
ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება სტადიონის პირველი იარუსის, მათ შორის „დინამო არენას" წრეზე არსებული ინფრასტრუქტურის სრული დემონტაჟი (მათ შორის ოფისების, მაღაზიების, საცავების და ბასიანისაც). მეორე იარუსი რჩება, რადგან ის დამოუკიდებელი კონსტრუქციაა. ამის შემდეგ, გაუქმდება სარბენი ბილიკები, მძლეოსნობის სახეობებისთვის საჭირო სექციებს და შესაბამისად, სტადიონი დაკარგავს ოლიმპიური სტადიონის ფუნქციასაც. ასეთი მასშტაბის სტადიონი კი, საქართველოში რეალურად ქუთაისშიღა დარჩება, უფრო მცირე მოცულობის პეტრო არენა და თუ გადაწყდა, რუსთავში ყოფილი მეტალურგის „სტადიონი".
განახლებული „დინამო არენა" კი, სუფთა საფეხბურთო იქნება - მაყურებლის ტევადობაც, სწორედ ამ რეკონსტრუქციის ხარჯზე გაიზრდება. აი, აქ, პირადად მე ერთი დეტალი მაინტერესებს - სტადიონზე მუშტაიდის მხრიდან შესასვლელიდან, იქ სადაც ამჟამად სტადიონის ადმინისტრაციაა განლაგებული ჯერ კიდევ შემონახულია „დინამო" სტადიონის სულ პირველი ნაგებობის კედლის ფრაგმენტები. დიდი ალბათობით, პირველი იარუსის დემონტაჟისას, ქართული სპორტისთვის ამ ლეგენდარული სტადიონის შემორჩენილი ეს კვალიც ისტორიას ჩაბარდება. არადა, ყველა სტადიონს მინიმუმ მცირე მუზეუმი აქვს, აღარაფერს ვამბობ, სტადიონის ტურებზე, რაც თავის მხრივ ტურისტული ატრაქციაა და ამავდროულად „დინამოს" სახელიდან გამოდინარე, ახლაც აქტუალური...
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ქართული სპორტული ნაგებობების მარგალიტი, ახალ სიცოცხლეს საჭიროებს, ეროვნული ნაკრებისადმი გაზრდილი ინტერესის გამო კი, გულშემატკივრისთვის სკამების გაზრდილ რაოდენობასაც. კვარაცხელიას შემყურე კი, არ გამიკვირდება, მფრინავი თეფშიც რომ დაჯდეს სადმე სიახლოვეს... ასე, რომ დაველოდოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლებები.
ერთი კი არის - ევროპაში 25 ქვეყანაში, მათ შორის კონკრეტულად სხვადასხვა ქალაქებში, ვარ სტადიონებზე ნამყოფი და მინიმუმ რკინიგზა და ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარშემო სხვა აუცილებელი და ფიფა-სა და უეფა-ს სტანდარტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურით გარემოცული ყველა სტადიონი არის. ასეთი სივრცე კი, თბილისში, მხოლოდ „დინამო არენაა", ასე, რომ ველოდებით განახლებულ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს ახალი სიცოცხლით და ახალი წარმატებებით.
ბუნებრივია თემას, პერმანენტულად დავუბრუნდებით.





ჩვენ








