ლაშა ბექაურს მხარზე ოპერაცია სავარაუდოდ 5 მაისს ჩაუტარდება
ლაშა ბექაურს მხარზე ოპერაცია სავარაუდოდ 5 მაისს ჩაუტარდება
29.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, ორ გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ტრავმა მიიღო. 301-არაგველმა მიუხედავად ამისა, „დატეიპებული" მხრით რამდენიმე სპარინგი გამართა, თუმცა, საბოლოოდ მედლის გარეშე დარჩა.


ბუნებრივია, რომ ტრავმირებული სპორტსმენის ამბავი, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სპორტული საზოგადოების ინტერესთა სფეროს კატეგორიიდან არის. თუმცა, მომდევნო დღეებში, თუ რატომ ვიჩენდით ბექაურისადმი ასეთ ინტერესს, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის კითხვის ნიშნების დასმის საბაბი გახდა. დიახ, გვაინტერესებს, რადგან მისგან კიდევ დაპირებული ორი ოლიმპიური ოქრო გვინდა - მთის ხალხი კიდევ, პირობას ჰაერზე არ ისვრის. ჰოდა, ჩვენც, ბექაურის გამოჯანმრთელების პროცესს, ასე, შორიდან ვაკვირდებით.


დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშას უახლოეს ხანში მხრის ოპერაცია ჩაუტარდება. წყაროზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ ბექაურს ოპერაცია საფრანგეთში, კონკრეტულად კი, ბურჟიში, Hôpital Privé Guillaume de Varye-ში გაუკეთდება. ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენის საოპერაციო ხარჯებს სრულად დააფინანსებს საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, რომელსაც ამ ქმედებისთვის საქართველოს სპორტის სამინისტროსგან სრული მხარდაჭერა აქვს მიღებული.


გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციას მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანი ფრანგი სპეციალისტები პასკალ ბუალო და ჟან-კრისტიან ბალესტრა ჩაატარებენ. ლაშა ბექაური პარიზში, 3 მაისს, თანხმლებ ექიმთან, ნიკა ხუნგურუასთან ერთად გაემგზავრება. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ქართველი ჩემპიონის ოპერაცია 5 მაისს არის დაგეგმილი.