უკვე ოფიციალურად - საქართველო და სომხეთი მსოფლოს 20-წლამდეთა ჩემპიონატს უმასპინძლებს
უკვე ოფიციალურად - საქართველო და სომხეთი მსოფლოს 20-წლამდეთა ჩემპიონატს უმასპინძლებს
29.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

28 აპრილს, კანადის ქალაქ ვანკუვერში, სადაც FIFA-ს 76-ე კონგრესის მიმდინარეობს და რომელსა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია ესწრება, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭო გაიმართა, სადაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ 2029 წელს საქართველო და სომხეთი ერთობლივად უმასპინძლებს FIFA-ს 20-წლადეთა მსოფლიო ჩემპიონატს. სფფ-ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, მასპინძელი ქალაქების, სტადიონების და ტურნირთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.


„მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, FIFA-ს ეგიდით გასამართი მსოფლიო რანგის ტურნირის მასპინძლობა. ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მიხარია, რომ ერთად მოგვიწევს ამ პროექტზე მუშაობა. ყველა ფეხბურთის ქომაგს ვულოცავ და დარწმუნებული ვარ ეს ტურნირიც ისეთივე კვალს დატოვებს ჩვენი ფეხბურთის განვითარების საქმეში როგორიც იმ საერთაშორისო ტურნირებმა დატოვა, რომელთა მასპინძლობის პოზიტიური გამოცდილება ახლო წარსულში გვქონდა", - ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირის ჩატარების სურვილი ქართულმა და სომხურმა ფეხბურთის ფედერაციებმა, 2025 წლის მარტში, ჯერ ერევანში, შემდეგ კი თბილისში, სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე საჯაროდ, ორივე ქვეყანაში გამოაცხადეს. ფიფა-ში კი, მეზობელმა ქვეყნებმა, ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. მაშინ, ამის შესახებ, ერევანში გამართულ ბრიფინგზე  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა განაცხადეს.  


„ამ ტურნირის მასპინძლობას ორივე ფედერაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც და სომხეთიც მსოფლიო თასს ღირსეულად უმასპინძლებს. ყველაფერს ვეცდებით, რომ FIFA-ს ახალგაზრდული მსოფლიო რანგის ტურნირების ისტორიაში, ეს ტურნირი გამორჩეული იყოს", - ამბობს არმენ მელიქბეკიანი, სომხეთის ფედერაციის პრეზიდენტი.


აქვე დავამატებთ, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს. ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს.


2029 წელს კი, ამ ტურნირზე  2010 და 2011 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს  მოუწევთ ასპარეზობა. ეს ასაკი კი დღე, საქართვლოს 17-წლამდე და 16-წლამდე საერთაშორისო ტურნირებს თამაშობს. წესით, 2029 წელს საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრებში თამაში მოუწევს თორნიკე კვარაცხელიასაც, რომელიც სახელოვანი ძმის ჩრდილიდან დამოუკიდებლად შეეცდება ქართული ფეხბურთის ახალი ვარსკვლავი აჩვენოს მსოფლიოს. მანამდე კი, სფფ-ის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, 16-წლამდე ნაკრები, რომელსაც გიორგი ჩიტაური ხელმძღვანელობს,  სფფ-ის რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე შიდა სასელექციო შეკრებას გაივლის. ასე, რომ 2029-სთვის სამზადისი უკვე დაწყებულია.