
დღეს წყალტუბოში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში ადგილობრივი „სამგურალისა" და „დინამო თბილისის" შეხვედრით, ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო, მე-9 ტური დაიწყო. გუნდები, ამ მატჩს ცვლილებებით შეხვდნენ - მაგალითად, „სამგურალმა", მე-8 ტურში „ტორპედოსთან" განადგურების შემდეგ, კარის დაცვა ქართველ მეკარეს და „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილ ლუკა კუტალაძეს მიანდო. სხვათა შორის, ქვეყნის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში, რამდენიმე გუნდი, სწორედ თბილისელთა აკადემიის აღზრდილებით არის ძირითადად დაკომპლექტებული - დღეს ისე მოხდა, რომ მასპინძელთა რიგებში, ძირითადი შემადგენლობიდან ოთხმა აკადემიელმა და ერთმაც ყოფილმა დინამოელმა დაიწყო თამაში.
აი, თბილისელთა მთავარი ცვლილება კი, სამწვრთნელო შტაბს უკავშირდება - გუნდი, სამწლიანი კონტრაქტით ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდამ, თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა. სხვათა შორის ჩვენი ინფორმაციით, „ქეცბამ" „დინამოდან" მიმავალი გზიდან მოაბრუნა გამოცდილი მათე ვაწაძე, რომლის დუბლის წყალობითაც დღეს „დინამო თბილისმა" 1-2 მოიგო და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ქეცბაიას, თემა რომ ამ ეტაპზე ამოვწუროთ უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს, თბილისელებს გამოცოცხლება ეტყობოდათ - რთული გამოსაცნობი არაა, რომ ეს ახალი მწვრთნელი ეფექტიც იყო და ახლა, ისაა საინტერესო, როგორ გაგრძელდება თბილისური გუნდის ცხოვრება, მითუმეტეს, რომ თემურის ხასიათიდან და „მადიდან" გამომდინარე, გუნდში დიდი ალბათობით, საკადრო ცვლილებები იქნება - რა თქმა უნდა, ფეხბურთელების გაშვება არ გვიგულისხმია, თუმცა, გაძლიერებით, გამოცდილი ქართველი მწვრთნელი ეცდება გუნდი გააძლიეროს. მითუმეტეს, რომ ევროტურნირები ახლოვდება და აქ, არა მხოლოდ „დინამო თბილისს", ყველა ქართულ კლუბს ურთულესი გზა ელის - პირველ რიგში ქართული საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟისთვის.

დღევანდელი შეხვედრა კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მაშინაც, როცა გუნდები თანაბარი რაოდენობის ფეხბურთელებით თამაშობდნენ და მაშინაც, როდესაც, თბილისელები მორიგ ჯერზე (ჯადოსავით ლეიტმოტივად გასდევს გუნდს დანაკლისით თამაში) 10 კაცით დარჩნენ. სხვათა შორის, „სამგურალმა" ერთი ბურთის გაქვითვა, 82-ე წუთზე, სწორედ 69-ე წუთიდან უმცირესობაში დარჩენილ გუნდთან მოახერხა - გოლი პაბულე რიანიმ გაიტანა.
ისე, პირველი მომენტიც მასპინძლებს ჰქონდათ, მე-9 წუთზე, როდესაც ველისოლის მიშო მაქაცარიამ აუღო. სხვათა შორის, მაქაცარიაც და კუტალაძეც, არ გვიწყენენ სხვა ფეხბურთელები თუ ვიტყვით, რომ დღევანდელ მატჩში, საკუთარ გუნდებში საუკეთესოები იყვნენ. „სამგურალის" კარში პირველ გოლამდე, რომელიც ვაწაძემ 33-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა, კუტალაძემ 28-ე (ვაწაძის) და 30-ე (რამუშის) წუთებზე ურთულესი დარტყმები მოიგერია. სწორედ, რამუშის გადაცემით გაიტანა „ვაწამ" მეორე გოლი და 62-ე წუთიდან დინამოელები 0-2 დააწინაურა.
სხვათა შორის, ვიდრე თბილისელები 10-ნი დარჩებოდნენ, საქმეში მაქაცარიას მოუხდა ჩართვა. გოლამდე კი, 81-ე წუთზე პატარა მონაკვეთში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარემ მორიგი დარტყმა მოიგერია. თუმცა, ისევე, როგორც მატჩის მიწურულს.
ასეა თუ ისე, ქეცბაიას გუნდმა პირველი თამაში, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში მოიგო და პირველი წრის ბოლოს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა. თბილისელებმა 11 ქულა დააგროვეს და მინიმუმ ტურის დასრულებამდე, მე-6 საფეხურზე აინაცვლეს.
ეროვნული ლიგის მე-9 ტური 27 და 28 აპრილს გაგრძელდება.

ფოტო: „სამგურალი"





ჩვენ








