FIS-ის მოქმედი პრეზიდენტი ახალი ვადით ასარჩევად საქართველომ წარადგინა
FIS-ის მოქმედი პრეზიდენტი ახალი ვადით ასარჩევად საქართველომ წარადგინა
25.04.2026
ავტორი: TSFF.Ge

2026 წლის 11 ივნისს, ბელგრადში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) პრეზიდენტისა და საბჭოს არჩევნები ჩატარდება. ამავე პერიოდში, სერბეთში აღნიშნული ორგანიზაციის კონგრესია დაგეგმილი.


ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად, ოფიციალურად ხუთი კანდიდატია დასახელებული, რომელთა შორის ერთი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მიერ არის წარდგენილი -  იოჰან ელიაში (საქართველო). მის გარდა პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ: ანა ჰარბოე ფალკენბერგი (დანია), ვიქტორია გოსლინგი (დიდი ბრიტანეთი), ალექსანდრე ოსპელტი (ლიხტენშტეინი) და  დექსტერ პეინი (აშშ).  


საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, რომელიც თავის მხრივ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს არჩევნებში იყრის კენჭს. დღევანდელი მდგომარეობით საბჭოში მოსახვედრად საერთო ჯამში მსოფლიოს 27 ქვეყნის 30 წარმომადგენელი იყრის კენჭს.


ელიაში არის ბიზნესმენი, ინვესტორი, სპორტის მენეჯერი, რომელიც პირველად FIS-ის პრეზიდენტად პირველად 2021 წელს აირჩიეს, ორგანიზაციის რიგით 52-ე კონგრესზე. თუმცა, მოგვიანებით, მას ინტერესთა კონფლიქტისთვის თავის ასარიდებლად, აღნიშნული პოსტის დატოვება მოუხდა. ელიაში მომდევნო კონგრესზე კვლავ აირჩიეს თანამდებობაზე. 100 დელეგატიდან მან 70 ხმა მიიღო. პრეზიდენტობის ვადად კი, 2026 წელი განისაზღვრა. ელიაში, რომელიც ამავდროულად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მდგრადი განვითარებისა და მემკვიდრეობის კომისიის წევრია, კვალავ გეგმავს FIS-ის პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნოს. თუმცა, ამ ეტაპზე მის წარმდგენი, სწორედ საქართველო იქნება.  


გამომდინარე იქიდან, რომ ელიაში არის შვედეთისა და ბრიტანეთის მოქალაქე, ის კი კანდიდატად საქართველომ წარადგინა, რიგ ქვეყნებში (რომლებმაც, 2021 წელს ელიაშის პრეზიდენტობა საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრეს) კვლავ ბევრ კითხვას იწვევს.


საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წესების მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატად ქვეყანას შეუძლია წარადგინოს პიროვნება, რომელიც წარმდგენი ქვეყნის მოქალაქეა. საერთაშორისო მედიაში კი, იწერება, რომ ქვეყნები, რომლებიც ელიაშის კანდიდატურას არ ემხრობიან, „კოზირად" სწორედ, მის მოქალაქეობის საკითხს იყენებენ.


კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ოპონენტებს ელიაშის მმართველობაში არ მოსწონთ, სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებებია, მათ შორის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანი გახდა ფედერაციის ოფიციალური სპონსორი და მსოფლიო თასის ეტაპებზეც, რიგმა სპორტსმენებმა სანომრე გადასაცმელებზე აღმოჩენილი წარწერა „აზერბაიჯანი" გააპროტესტეს.


ასეა თუ ისე, უცხოური მედია მიიჩნევს, რომ ელიაშმა საქართველოს ფედერაცია მიზნის მისაღწევ ინსტრუმენტად გამოიყენა. თუმცა, ამისა მიუხედავად, ის კვლავ ოფიციალური კანდიდატია და უკვე მესამედ შეეცდება არჩევნების მოგებას.