
დღეს ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა, საიდანაც სამში ქართველი ფალავანებიც მონაწილეობდნენ. ფინალურ ბლოკში, თავდაპირველად ხალიჩაზე ვახტანგ ლოლუა (55 კგ) გამოვიდა. 18 წლის ქართველი მოჭიდავე გამოცდილ ემინ შეფერშაევს შეხვდა, რომელიც ნეიტრალური ქვეყნის სახელით ასპარეზობდა და სამწუხაროდ 2-1 დამარცხდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქართველმა ერთი წლით ადრე, ევროპის ჩემპიონატზე მოგებული ბრინჯაო ამჯერად ვერცხლზე გადაცვალა. მის ასაკსაც თუ გავითვალისწინებთ, ჩვენი ფალავნის სტაბილურობა იმაზე მეტყველებს, რომ წინ კიდევე ბევრი წარმატება და ტიტულია.
კიდევ ერთ ფინალში რამაზ ზოიძე (77 კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. აქ ფინალში, ქართველი მეზობელი სომხეთის წარმომადგენელს, ოთხგზის ევროპისა და ორგზის მსოფლიო ჩემპიონ მალხაზ ამოიანს შეხვდა. შეხვედრა 1-1 დასრულდა, თუმცა, გამარჯვებულად სომეხი გამოცხადდა.
ბრინჯაოს მედლისთვის ფრიდონ აბულაძე (63 კგ) თურქ ქერემ ქამალს დაუპირისპირდა, სამწუხაროდ 6-2 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
აქვე, შეგახსენებთ რომ დღეს დილიდან ასპარეზობაში ქართველი კლასიკოსების კიდევ ხუთი (დიმიტრი ხაჩიძე (60კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67კგ), იური ლომაძე (72კგ), გელა ბოლქვაძე (82კგ),გიორგი მელია(97კგ)) წარმომადგენელი ჩაერთო, რომელთაგან ჩხიკვაძემ და ბოლქვაძემ 1/2 ფინალები აზერბაიჯანელ მეტოქეებთან დათმეს და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
იური ლომაძემ კი, 1/2 ფინალში თურქი ჩენგიზ არსლანის დამარცხება (3-2) მოახერხა და ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის წარმომადგენელს იბრაჰიმ მაჰმუდ ჰამედ ჰასან განემის დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ








